„საპარლამენტოზე უკეთესი და საპრეზიდენტოზე უარესი“

„საპარლამენტოზე უკეთესი და საპრეზიდენტოზე უარესი“

„2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უკეთესი და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უარესი“, - მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება თვითმმართველობის არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული გარემოს შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა, საუბრობენ დადებით ტენდენციებზეც.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორი განმარტავს, რომ 15 ივნისისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი კანდიდატებზე სავარაუდო მუქარისა და ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და მათზე სამართალდამცავების არასათანადო რეაგირება იყო.

„ვფიქრობთ, უკეთესი იყო, დაუყოვნებლივი და სრულყოფილი გამოძიების ჩატარება. არ არის საკმარისი მხოლოდ კანდიდატების დაკითხვა, საქმეში ჩართული სხვა პირებიც უნდა გამოეკითხათ. პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობა, უწყების საქმიანობაში არ შეინიშნებოდა განსხვავებული მიდგომა სხვადასხვა პარტიების მიმართ. მედიასაშუალებები საკმაოდ დაბალანსებულად აშუქებდნენ წინასაარჩევნო პროცესებს, თუმცა, შეინიშნებოდა საარჩევნო კამპანიის სიღრმისეულად გაშუქების დეფიციტი“,- განაცხადა კახა კოჟორიძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარს ადმინისტრაციულ რესურსის თემით იწყებს და აღნიშნავს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, მსგავსი დარღვევები ამ არჩევნებს არ ახასიათებდა.

„თითქმის არ იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები. მედია იყო ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო კანდიდატებისთვის, თუმცა, იყო პრობლემებიც. საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ბევრი შემთხვევა იყო ამომრჩეველზე თუ კანდიდატზე ზეწოლის. ვფიქრობთ, ამ ზეწოლების შედეგად გარკვეულ საარჩევნო ოლქებზე ეს პროცესები იქონიებს გავლენას. ასევე მრავალად იყო ფიზიკური დაპირისპირებები პარტიულ აქტივისტებს შორის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში კვლავ არსებობს ძალადობრივი პოლიტიკური კულტურა და ამ მიმართულებით პარტიული დისციპლინა უნდა გაუმჯობესდეს“, - განმარტავს ნინო ლომჯარია.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები არჩევნების საერთო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.

„ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ 2012 წელთან შედარებით ეს არჩევნები უკეთესია, თუმცა, 2013 წელთან შედარებით წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ უფრო მეტი პრობლემა გამოვავლინეთ. ძირითადად, ეს პრობლემა კანდიდატებზე ზეწოლას უკავშირდება, ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ზედმიწევნით უნდა ჩაეტარებინათ გამოძიება“, - განაცხადა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ ზეწოლის ფაქტების გამოძიება და კანდიდატებზე ზეწოლაში ჩართული ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა არჩევნების დღის პრევენციაც იქნებოდა.

„ფაქტობრივად, არ ყოფილა ამომრჩევლის მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები. რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს - მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სოციალური პროგრამა წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი, მაინც წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო, ეს არ არის კანონის დარღვევა, თუმცა, ვფიქრობთ, გავლენას მაინც ახდენს ამომრჩევლის განწყობაზე“, - განმარტავს ეკა გიგაური.

წინასაარჩევნო მონიტორინგს საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 18 მუნიციპალიტეტში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ახორციელებდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლები.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში წინა არჩევნებთან შედარებით ვითარება გარკვეული პოზიტიური დინამიკით ხასიათდება, თუმცა, გამოკვეთა ცალკეული დარღვევებიც.

„გამოვლინდა რიგი ინციდენტები, რომლებიც შეეხებოდა ამომრჩევლების დაშინებას, ზეწოლას, პოლიტიკური სუბიექტების მიერ აგიტაციის წესების დარღვევას, ისევე როგორც წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლას. იყო პოლიტიკური სუბიექტების სააგიტაციო მასალების დაზიანებების ფაქტებიც“, - აცხადებს „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი ალექსანდრა კალატოზიშვილი.

ორგანიზაციის დამკვირვებლებმა მონიტორინგის დროს ასევე გამოავლინეს ფიზიკური ძალადობისა და დაპირისპირების ფაქტებიც, რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები, ასევე მათი აქტივისტებიც.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არჩევნების საერთო შედეგზე საუბრისას გადამწყვეტი უშუალოდ არჩევნები იქნება და მნიშვნელოვანია, კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესი დაღვევების გარეშე ჩატარდეს.

15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებს არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი წარმომადგენლობის მეშვეობით დააკვირდებიან. „სამართლიანი არჩევნები“ მონიტორინგს 1000-ზე მეტი დამკვირვებლის მეშვეობით აწარმოებს, „საია“-ს ამ მიზნით 400 დამკვირვებელი ჰყავს მომზდებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თბილისში მიმდინარე არჩევნებს 380 საარჩევნო უბანზე დააკვირდება, რეგიონებში კი მონიტორინგს მობილური ჯგუფების მეშვეობით გეგმავს. საქართველოს მასშტაბით 150-კაციანი სადამკვირვებლო მისია ჰყავს „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრს“, ორგანიზაციის პრიორიტეტი სპეცუბნები იქნება. რაც შეეხება „მრავალეროვან საქართველოს“ - მათი წარმომადგენლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებს 437 დამკვირვებლით მოიცავენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პრიორიტეტი კი ეთნიკური უმციერესობებით დასახლებული ტერიტორიების გარდა კონფლიქტისპირა სოფლებიც იქნება. ორგანიზაციის სახელით 29 დამკვირვებელი იმუშავებს. დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში არჩევნების პროცესს მონიტორინგს „საზოგადოებრივი დამცველი“ გაუწევს. ორგანიზაციას ამ მიზნით 60 დამკვირვებელი ჰყავს მომზადებული.