სამხედროები არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურებს გაეცნენ (ვიდეო)

სამხედროები არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურებს გაეცნენ (ვიდეო)

თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამხედრო მოსამსახურეების საარჩევნო უფლებების დაცვას და შეიარაღებულ ძალებში სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ორგანიზებას.

შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიღონ.

სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამხედრო მოსმსახურეთა გარკვეული ნაწილისთვის 15 ივნისს შეიარაღებულ ძალებში ცხრა სპეციალური უბანი გაიხსნება - თბილისში, გორში (3), ხაშურში, ქუთაისში, ბაღდათში, სენაკსა და ბათუმში. ამ უბნებში ხმას 3 300-მდე სამხედრო მოსამსახურე მისცემს. 1 200-მდე სამხედრო მოსამსახურე კი არჩევნებში მონაწილეობას სამხედრო ნაწილის ახლოს მდებარე საარჩევნო უბნებში მიიღებს.

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე,  თამარ ქაროსანიძე  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული დაქვემდებარების საინჟინრო ბრიგადაში იმყოფებოდა. მან სამხედრო მოსამსახურეებს 15 ივნისს სამხედრო ნაწილებში გახსნილ სპეციალურ უბნებში ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის მიზანი  ჯარისკაცებისთვის, მათი, როგორც ამომრჩევლების უფლება-მოვალეობების, კანონით დადგენილი სანქციების გაცნობა და შეიარაღებულ ძალებში არჩევნების სამართლიანად ჩატარება იყო.  თავდაცვის მინისტრის  მოადგილემ სამხედრო მოსამსახურეებთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მხოლოდ სახელმწიფოს, ხალხს ემსახურება. თამარ ქაროსანიძის თქმით, შეუძლებელია რომელიმე სამხედრო პარტიის სამსახურში იყოს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯარისკაცებს წინასაარჩევნო აგიტაციასთან,  საარჩევნო კამპანიის წარმოებასთან, მარკირების პროცედურასთან და ბიულეტინების შევსების წესთან დაკავშირებული საკითხებიც გააცნო: „ჩვენ ასეთი შეხვედრები გავმართეთ ყველა იმ სამხედრო ნაწილში, სადაც უნდა გაიხსნას სპეციალური უბანი. წელს  სულ ცხრა სპეციალური საარჩევნო უბანი  გვაქვს.  სპეციალური საარჩევნო უბნების რაოდენობა მაქსიმალურად შევამცირეთ. გარდა ამისა, მაქსიმალურად მივეცით საშუალება სამხედრო მოსამსახურეებს, რომ მათ ხმა მისცენ არა დისლოკაციის ადგილის, არამედ, თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.  წელს სამხედრო მოსამსახურეების 85 პროცენტზე მეტი  რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისცემს ხმას.  რაც შეეხება სპეციალურ საარჩევნო უბნებს, იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეებზე ხმის მიცემისას,  ზეწოლის ნებისმიერი  მცდელობა  აბსოლუტურად შეიზღუდოს,  ჩვენ ვხვდებით სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სპეციალურ უბნებში მისცემენ ხმას და მათ  დეტალურად  ვუხსნით, თუ რისი უფლება აქვთ, როგორც ამომრჩევლებს“, - განაცხადა თამარ ქაროსანიძემ.