ნათელაშვილი მესიჯობს - ჩემი 30 ოქრო ჩემთან

ნათელაშვილი მესიჯობს - ჩემი 30 ოქრო ჩემთან

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მუქარის შემცველი მესიჯები გააქტიურდა. ამჯერად, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ნაციონალებს შალვა ნათელაშვილმა აჯობა და პირველი ლეიბორისტის სახელით, საოლქო კომისიის თავმჯდომარეების მიმართ საეჭვო მესიჯები ნომრიდან 597 560 განხორციელდა:

„ლეიბორისტებს, ობიექტური რეიტინგებით, მათ შორის, თქვენს უბანში, 30%-ზე მეტი რეიტინგი გვაქვს. თქვენ, როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ხელისუფლებისგან დავალებული გაქვთ ამ შედეგების ძველებურად გაყალბება.  გაფრთხილებთ, არჩევნების შედეგები გადაითვლება და თქვენ პასუხს აგებთ ფალსიფიცირებისთვის. იმედი მაქვს, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება და ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ ვითანამშრომლებთ. პატივისცემით, შალვა ნათელაშვილი“, - ასეთია გზავნილი, რომელიც ერთ-ერთი საუბნო კომისიის თავმჯდომარემ For.ge-ს გააცნო.

მართალია, მან ვინაობისა და კონკრეტული უბნის დასახელება არ ისურვა, მაგრამ აღნიშნა, რომ მესიჯის უცნობი ავტორი ჰაკერივით შეიჭრა საარჩევნო ადმინისტრაციის კორპორაციულ ნომერზე, მისი პირადი კორპორაციული ნომერიც გაარკვია და ჯერ დაემუქრა,  გამყალბებელი ხარო, შემდეგ კი... პატივისცემა დაუფიქსირა, თუკი არჩევნებში მისი სასარგებლო შედეგი დადგებოდა.

აღნიშნული მესიჯის ტექსტი საუბნო კომისიის თავმჯდომარემ საოლქო კომისიას გადასცა გამოსაკვლევად, რადგან ვალდებულების მიხედვით, ინფორმაცია, რომელიც კორპორაციულ ტელეფონზე ფიქსირდება, საარჩევნო დატვირთვისაა.

ჩვენ დავუკავშირდით ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გუგავას. მან დაადასტურა, რომ ამ მესიჯების ავტორები მართლაც ლეიბორისტები არიან. კერძოდ, მესიჯები გაიგზავნა შალვა ნათელაშვილის სახელით და ეს არის საოლქო კომისიის ყველა თავმჯდომარის გაფრთხილება, რომ არ წაუცდეთ ხელი და არ გააყალბონ არჩევნები - „არ შეასრულონ ხელისუფლების დავალება“.

„მოგეხსენებათ, კომისიებში აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ხელისუფლების მიერაა დაკომპლექტებული. ეს არ ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ისინი პასუხისმგებლობას გაექცევიან ყალბ შედეგთა გამო. თუკი ისინი ამ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას დათანხმდებიან, ეს დასჯადი იქნება. ჩვენი ნამოქმედარი სულაც არ არის მათზე ზეწოლა, ეს არის გაფრთხილება, რადგან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები წლების მანძილზე აყალბებდნენ არჩევნებს, ბევრი მათგანი შევარდნაძის დროიდან მოდის. ზოგიერთი მათგანის ავმა საქმიანობამ გაამრუდა ქვეყნის ბედი“, - გვითხრა გიორგი გუგავამ.

როცა დავინტერესდით, კონკრეტულად რომელი ნომრიდან გაიგზავნა მესიჯები, გიორგი გუგავამ გვითხრა, რა მნიშვნელობა აქვს, საიდან გაიგზავნა, საამისოდ სხვადასხვა პროგრამული საშუალებები არსებობს და მესიჯებს ამ საშუალებებით ვაგზავნითო.