ხვალ არჩევნებია!

ხვალ არჩევნებია!

კვირას საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საქართველოს 12 ახალი მერი, 59 პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი და 71 საკრებულოში 2 888 წევრი ეყოლება. საქართველოს მასშტაბით შექმნილია 73 საოლქო საარჩევო კომისა და 3, 617 საარჩევნო უბანი, ასევე გამონაკლისი შემთხვევისთვის შექმნილია 20 საარჩევნო უბანი. ბოლო მონაცემებით ამომრჩეველთა რაოდენობა 3,429,748-ია. არჩევნების დღეს კენჭისყრისთვის საარჩევნო უბნები დილის 7:00 საათზე გაიხსნება, ხოლო კენჭისყრა იწყება დილის 8:00 საათიდან და გრძელდება საღამოს 20:00 სთ-მდე.

რაც შეეხება გადასატან საარჩევნო ყუთებს, ხმის მიცემის პროცედურები იწყება დილის 9:00 სთ-დან და მთავრდება საღამოს 19:00 სთ-ზე. 

არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მოეთხოვება საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის წარდგენა. ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადადგილებულ პირებს კი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად დევნილის მოწმობის წარდგენაც მოეთხოვებათ.

არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ცსკ-ს თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და არჩევნებში ჩართულ მხარეებს მიმართა. თამარ ჟვანია საოლქო და საუბნო კომისიების წევრებს მოუწოდებს, რომ საკუთარ საქმიანობას პასუხისმგებლობით მოეკიდონ, ხოლო საარჩევნო პროცესში ჩართულმა სუბიექტებმა ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდობიანად წარმართვას. 

„ამ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარება არის ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარების გარანტი. ამიტომ მოვუწოდებ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეულ წევრს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათზე დაკისრებული საქმიანობას, ამომრჩევლებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუქმნან ყველა პირობა, თავისუფლად განახორციელონ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებები, დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ყველა საფუძვლიან პრეტენზიაზე. არ დაუშვან სამართლებრივი გადაცდომის შემთხვევები და უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა“, - აცხადებს თამარ ჟვანია.

 ცსკ-ს თავმჯდომარე, ასევე მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საარჩევნო სუბიექტებს, დამკვირვებლებს, მედიას, თითოეულ ამომრჩეველს, რომ ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში წარმართვას.

ორ დღეში თბილისს ახალი მერი ეყოლება. კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ კონკურენტებს პირველი ტურში დაამარცხებს. რადგან, პროგრამა, რომელსაც, მისი თქმით „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს სთავაზობს, არაა გაჯერებული შეუსრულებელი დაპირებებით.

„რასაც ვპირდებით ამომრჩეველს აუცილებლად იქნება შესრულებული. ამომრჩეველი ჩვენში ხედავს იმას, რა ვართ, როგორი ვართ და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ 15 ივნისს ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ძალიან ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე და მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს, რომ კიდევ ერთხელ სწორად შეაფასონ არსებული მდგომარეობა, გადახედონ ვის რა გამოცდილება აქვს, ვის რა წარსული, ვის რა შესაძლებლობა და პროგრამა აქვს. აქედან გამომდინარე გააკეთონ რაციონალური არჩევანი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ნარმანია.

საარჩევნო ყუთებთამ ამომრჩევლის მობილიზაციას გეგმავს „ნაციონალაური მოძრაობა“. მერობის კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართული ოცნების“ სახით უპირისპირდება ძალა, რომელიც მუდმივად მხოლოდ წარსულზე საუბრობს. მელია დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი არჩევას მის სასარგებლოდ გააკეთებს.

„ჩვენ, სამწუხაროდ, გვიპირისპირდება ძალა, რომელიც მუდმივად საუბრობს მხოლოდ წარსულზე და ამ წარსულს წარმოაჩენს მხოლოდ მუქ ფერებში. კი ბატონო, იყო შეცდომები, მათ შორის დანაშაულებრივი შეცდომები, მაგრამ მესამე არჩევნებში რომ გინდა გამარჯვება მხოლოდ წინა ხელისუფლების კრიტიკით, ამას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს 15 ივნისს.

ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდებოდა, რომ ჩვენ ახალ ხელისუფლებას განეხორციელებინა ყველა პროექტი, რომელიც შეჩერდა. ვხედავთ, რომ ვერც ერთი სანტიმეტრით წინსვლა ვერ განახორციელა ამ ხელისუფლებამ, კრიმინალი არის გაზრდილი, არის უმუშევრობა. არაფერი არ არის შესრულებული და 15 ივნისს ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს ამას. უნდა დავაწესოთ პოლიტიკოსებისთვის მაღალი სტანდარტი 15 ივნისს, რომ თუ შენ მოიტყუები და დაპირებებს არ შეასრულებ, ამისთვის პასუხს მოგთხოვს მოსახლეობა“, - აღნიშნა დასკვნით ღონისძიებაზე ნიკა მელიამ. 

მხარდამჭერთა რაოდენობის მიხედვით პირველობაში დარწმუნებულია „ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდათი ასმათ ტყაბლაძე.

„იმდენი მხარდამჭერი მყავს, რომ ვერაფრით ვერ დავიჯერებ, ჩემზე მეტი მხარდამჭერი ვინმეს ჰყავდეს ისეთი, ვისაც რეალურად ესმის, მერი რატომ უნდა აირჩიოს“, - აცხადებს ასმათ ტყაბლაძე.

დავით ნარმანიასთან მეორე ტურისთვის ემზადება „ნინო ბურჯანაძე - ერთინაი ოპოზიციის“ მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქოფანიძე. იგი ამბობს, რომ შანსები აქვს და ეს იმაზე დიდია, ვიდრე შესაძლებელია ყოფილიყო.

„საზოგადოებისგან მხარდაჭერას ვგრძნობ იმ შეხვედრებისას, რომელსაც ვმართავ ამომრჩევლებთან. თითქმის ორი თვეა, ყოველდღიურად 4-5 შეხვედრა მაქვს ამომრჩეველთან და ეს შეხვედრები სტიმულს მაძლევს, რომ არჩევნებში გამარჯვება ძალიან ახლოსაა. ვფიქრობ, მეორე ტური იქნება განმსაზღვრელი საბოლოო არჩევანისთვის“, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

არასაპარლამენტო ოპოზიციის სიის პირველი ნომერი მამუკა კაციტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია თიბილისსა და არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, ადგილიბრივ თვითმმართველობებში საკმაოდ სოლიდურად იქნება წარმოდგენილი.

„ზოგიერთ ადგილებში ჩვენ გავიმარჯვებთ, მაჟორიტარები მყავს მხედველობაში. რაც შეეხება ჯამურად როგორი შედეგი დაფიქსირდება? - ზოგისთვის ჯამი მხოლოდ დედაქალაქია, ჩვენთვის ჯამი მთლიანად საქართველოა. თავს შევიკავებ იმის თქმისგან პირველი ვიქნები, მეორე თუ მესამე, მე ვიცი ერთი რამ, რომ ამ ადგილობრივი თვითმმართველობის დროს დასრულდება შუაგაკრეფილი პოლიტიკა და დასრულდება ის, რომ მხოლოდ ორი პოლუსი არსებობს ქართულ პოლიტიკაში. ეს ორწლიანი ზღააპარი, რომელიც დიდმა ფინანსებმა შექმნა, დასრულდება საზოგადოების და ხალხის განწყობით“, - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ირმა ინაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გამარჯვება გარდაუვალია და ამას მისი თქმით, ადასტურებს არაერთი კვლევა.

„მაგრამ არ მინდა გამოვჩნდე არაადეკვატური ადამიანი, მინდა, უბრალოდ, დაველოდო მოვლენების განვითარებას და გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს არჩევნები აშკარად შორს დგას დემოკრატიული საარჩევნო გარემოს და პირობებისგან. რა თქმა უნდა, ადგილი ექნება ამ პროცენტული მაჩვენებლის ცვლილებასაც, მაგრამ 15 ივნისს უნდა დაველოდოთ, რეალურად რა ხმებს მივიღებთ და ვიზუალურად რა შედეგი დადგება“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი ამბობს, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მაღალი აქტივობა იქნება, მეორე ტურის შანსი დიდია იმ კანდიდატებს შორის, რომელთა რეიტინგი მეტნაკებად თანაბარია.

„თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ პარტიულად მოტივირებული ამომრჩევლები, მაშინ სხვა შედეგი დაფიქსირდება. თუ ისეთი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ერთი პარტიის ძალიან სერიოზული მხარდამჭერი არ არის, მაგრამ ამავდოულად მივა არჩევნებზე და ამ ადამიანების რაოდენობა იქნება მაღალი, მაშინ შესაძლებელია მეორე ტური ვიხილოთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ადამიანი მივა არჩევნებში“, - აცხადებს კახიშვილი.

კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია გავა მეორე ადგილზე, კახიშვილი ამაბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება, რომ დააფიქსიროს მეორე ადგილი.

„გასათვალისწინებელია ისიც, რომ წელიწადი და რვა თვის განმავლობაში „ქართული ოცნება“, ჩემი აზრით, ძალიან წარმატებულად ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმირებას, ამავდროულად ვიცით, რომ ფინანსურად ძლიერი პარტიაა და რაც მთავარია, ჰყავს მოტივირებული ამომრჩეველი. ამიტომ, გავა თუ არა „ნაციონალაური მოძრაობა“ მეორე ადაგილზე კონკრეტულ ოლქებში, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს არასაპარალამენტო ოპოზია დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომელიც, შესაძლებელია, მათი პირდაპირი ამომრჩველი არაა, მაგრამ არც ერთი პარტიის ამომრჩეველი არაა, მივიდეს საარჩევნო უბანზე და მიიღოს არჩვენებში მონაწილეობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილი.