„ვერავინ იტყვის, კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდებაო“

„ვერავინ იტყვის, კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდებაო“

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე საათიღა რჩება და რეალურად დაძაბულობა პიკს აღწევს. სიტუაციის დაძაბვა ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან მათ წამებულის მანტიის მოსხმა სურთ და შემდეგ ხელის გაშვერას მმართველი გუნდისკენ აპირებენ. დღევანდელ სიტუაციასა და მოსალოდნელ შედეგებზე სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორი, ლადო ბოჟაძე გვესაუბრა.

ბატონო ლადო, დღეს არსებული სიტუაცია საარჩევნო სუბიექტებს თანაბარ პირობებში აყენებს?

- თქვენს კითხვას ორ ნაწილად დავყოფ. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ასეთი საარჩევნო გარემო საქართველოში პირადად მე არ მახსოვს. ვერცერთი სუბიექტი ვერ იტყვის, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება, ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს დაჭერით და ფულის წართმევით დაემუქრნენ. არის გერკვეული შემთხვევები, ერთეული პიროვნებები აპელირებენ ამ თემაზე, მაგრამ ოფიციალური საჩივარი არ არსებობს, რადგან რეალურად ასეთი ფაქტი არ არსებობს. ბიზნესმენებს აქვთ უფლება, სურვილისამებრ დააფინანსონ ნებისმიერი პარტია და ამას აკეთებენ კიდეც. ამის გამო მათ არავინ ატერორებს.

რაც შეეხება მეორე მხარეს. კანონმდებლობა ისეა შედგენილი, რომ დაფინანსების საკითხში პარტიები უკმაყოფილოები არიან. არაკვალიფიციურ სუბიექტებს არაფერი ხვდებათ და ეს მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. იგივე ითქმის უფასო საეთერო დროზეც. დამოუკიდებელ კანდიდატებსა და არაკვალიფიციურ სუბიექტებს ეს დრო არ აქვთ, რაც მათ არათანაბარ პირობებში აყენებთ.

ამის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობის წევრები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე აკეთებენ განცხადებებს...

- მათ მიერ შექმნილ კანონში წერია, რომ საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელს არასამუშაო საათებში შეუძლიათ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება. არადა, მოქმედ გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს სხვა წონა აქვთ და მათ დაპირებას სხვა ფასი. შესაბამისად, კანონმდებლობით ეს დაშვებულია და კიდევ ვიმეორებ, იმ კანონმდებლობით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო. წინა არჩევნების დროს თუ შევადარებთ, რა მასშტაბებით ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ განსხვავება უზარმაზარია. მარტო ის რად ღირს, რომ პოლიცია სადამსჯელო ორგანოდ არ არის გადაქცეული და არ არის ოპოზიციის ტერორით დაკავებული. ესეც ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს განსხვავებული სპეციფიკა აქვს და რამდენად იქნება აქტიური მოსახლეობა?

- წესითა და რიგით, ეს არჩევნები ყველაზე აქტიური უნდა იყოს. საქართველოს მასშტაბით 2000 ადამიანი იქნება არჩეული და ამ ადგილისთვის 15 000 პიროვნება იბრძვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ელექტორატის მიყვანას საარჩევნო უბანთან ყველა კანდიდატი შეეცდება, რამაც უბნებზე მისვლის მაჩვენებელი უნდა გაზარდოს.

პრემიერის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის ფონზე, ხომ არ ფიქრობთ, რომ კონკრეტული ადამიანები ამას სათავისოდ იყენებენ და სიტუაციის რადიკალურად დაძაბვა სურთ.

- პრემიერის ინიციატივა კარგი და დროული იყო, მაგრამ ამას კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ძალიან ცუდად იყენებენ. ის, რაც მოხდა მარნეულში, ბოლო წლების უპრეცედენტო შემთხვევაა. საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე ასეთი ზეწოლა და ოფიციალური დოკუმენტის განადგურება, პირადად მე არ მახსოვს. იქეთ გიორგი ბარამიძემ და თენგიზ გუნავამ იქნიეს ხელი პირდაპირ ეთერში. მგონია, რომ არჩევნების შემდეგ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონის წინაშე პასუხს აგებს. ის, რომ „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს არჩევნები მშვიდობიანად ჩაატაროს, იქიდანაც ჩანს, რომ მარნეულში კანდიდატურა საერთოდ მოხსნა და სიტუაცია ჩააცხრო. მგონია, რომ არჩევნების დღეს, იმ რაიონებში, სადაც არაქართული მოსახლეობა სჭარბობს, პროვოკაციის მოწყობას შეეცდებიან.

ერთია შეეცდებიან, მეორე კი ის, რამდენად მოახერხებენ.

- ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს სიტუაცია მშვიდი იყოს და დარწმუნებული ვარ, ამას მოახერხებს კიდეც.