მარგველაშვილი ივანიშვილის შერიგებისკენ პირველ ნაბიჯს დგამს?

მარგველაშვილი ივანიშვილის შერიგებისკენ პირველ ნაბიჯს დგამს?

"პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციაში გაურკვეველი საკადრო ცვლილებებია - თანამდებობები დატოვეს საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ყოფილი პრემიერის, ივანიშვილის მიერ გაკრიტიკებულმა ვანო მაჭავარიანმა და ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ, თან ისე, რომ საზოგადოებისთვის არავის განუმარტავს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე რატომ გახდა აუცილებელი მათი ერთობლივი გადადგომა.აბაშიძე აცხადებს, რომ ის საკუთარი სურვილით წავიდა. ვანო მაჭავარიანი კი აღიარებს, რომ გადადგომის შესახებ განცხადება პირადად მან პრეზიდენტის თხოვნით დაწერა, თუმცა მიზეზი თავადაც არ იცის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მარგველაშვილი ივანიშვილის შერიგებისკენ პირველ ნაბიჯს დგამს? /დიდი წმენდა პრეზიდენტის კარზე.

"ჩვენ ვიყავით კიევში, სადაც იყო შეხვედრა ბაიდენთან, პოროშენკოსთან. კიევიდან დაბრუნების შემდეგ გიორგიმ მთხოვა, რომ წავსულიყავი და მიზეზების შესახებ შემდეგ დამელაპარაკებოდა, მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე გავიზიარე მისი თხოვნა და დავწერე განცხადება. დანარჩენი დეტალები ჯერ არ ვიცი. რა კონფლიქტი უნდა მოგვსვლოდა. 40 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობთ," - აცხადებს "პირველ რადიოსთან" კომენტარში მაჭავარიანი. კითხვაზე, გიორგი მარგველაშვილმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერის მოთხოვნით მიიღო თუ არა, მაჭავარიანი პასუხობს: "გიორგი მარგველაშვილს, მგონი, თვითონ აქვს იმის უნარი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ჩათვალოს, რა არის მისთვის და კონკრეტულად ამ ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანი, და ალბათ არ ეფუძნება ამას... მაგრამ ჩემთვის, როგორც გითხარით, მიზეზი ბოლომდე არ არის ცნობილი. დავილაპარაკებთ ალბათ მომავალ კვირას და უფრო მეტი დეტალები მეცოდინება".

"ის, რომ მაჭავარიანს პრეზიდენტმა სთხოვა, თანამდებობა დაეტოვებინა, უფრო ამძაფრებს იმ ეჭვს, რომ ეს ცვლა მარგველაშვილ-ივანიშვილის დაპირისპირების შედეგია. ცნობისათვის, რამდენიმე თვის წინ ა/ო "მოქალაქის" დაფუძნების შემდეგ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ღიად გააკეთა განცხადება, რომ მარგველაშვილით იმედგაცრუებული იყო და კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მის მრჩევლად ვანო მაჭავარიანის, წარმოშობით მისი თანასოფლელის დანიშვნა გახდა. ამასთან, ივანიშვილმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ვანო მაჭავარიანის ძმა, მიხეილი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერია. ლაშა აბაშიძის მიმამართ კი ივანიშვილის მხრიდან საჯაროდ არანაირი კრიტიკა არ ყოფილა. ხელისუფლების ოპონენტებისაგან მხოლოდ ის ითქვა, რომ ის მარგველაშვილის პირველი ცოლის ძმაა და ნათესავის ადმინისტრაციიის უფროსად დანიშვნა ნეპოტიზმად აღიქმებოდა, მაგრამ ამის გამო თავად პრეზიდენტს უხერხულობა არასდროს უგრძვნია", - აღნიშნავს გამოცემა.

"აბაშიძე-მაჭავარიანის გადადგომა მოულოდნელი აღმოჩნდა სახელისუფლებო კოალიციის წევრებისთვის. როგორც ჟურნალისტებთან აცხადებენ, ეს ცნობა მათ მედიიდან მიიღეს, ხოლო კითხვაზე, შეეწირა თუ არა მაჭავარიანის თანამდებობა ივანიშვილის ანტიპათიას, ამას გამორიცხავენ. უფრო მეტიც, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ირწმუნება, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებაზე საუბარიც ზედმეტია. "... ექსპერტები გამოჩნდებიან, ვაიექსპერტები, რომლებიც ახლა ამ თემას ააგორებენ. ეს პრეზიდენტის გუნდში რეორგანიზაცია, გუნდის ოპტიმიზაცია, ეს მისი პრეროგატივაა," - განაცხადა პეტრიაშვილმა.

"ქართული ოცნების" წევრის, პარლამენტარ ანი მიროტაძის თქმით, მაჭავარიანი პრეზიდენტის მრჩევლად დასანიშნი არ იყო, მაგრამ ყოფილი პრემიერის კრიტიკიდან რამდენიმე თვის წინან-დელი კრიტიკა რამდენად გაითვალისწინა მარგველაშვილმა, ამაზე ვერაფერს იტყვის. "ვანო მაჭავარიანის ადგილი იქ არ იყო. ძალიან კარგად მახსოვს ის, რომ მაჭავარიანი ელჩად მუშაობდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" იყო. არ ვიცი, დიპლომატიურ კარიერაში რამდენად წარმატებული იყო, მაგრამ, ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტის მრჩევლობისთვის ბევრად უფრო კომპეტენტური ადამიანების მოძიება შეიძლება. ეს ჩემი მოსაზრებაა. არსებობს პოლიტიკური ეტაპები, პოლიტიკური პროცესები, მით უემეტეს როდესაც არჩევნებამდე ორი დღეა დარჩენილი და გაქვს თუ არა დაპირისპირება, რაღაც საკითხებში უთანხმოება თუ გაუგებრობა, მიმაჩნია, რომ ასეთ ცხელ პოლიტიკურ ვითარებაში მსგავსი გადაწყვეტილებები უპასუხისმგებლობაა", - ამბობს მიროტაძე.

"პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი ან ივანიშვილთან შერიგებისაკენაა მიმართული ან წნეხის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილებაა. "ბოლო თვეების განმავლობაში აშკარად ჩანდა, რომ მარგველაშვილს პრემიერ ღარიბაშვილთან ურთიერთობა საკმაოდ დაეძაბა და ის "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდიდან გარიყულად გამოიყურებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი დიდი ხანი არ შეიძლება მხარდაჭერის გარეშე იყოს, მით უმეტეს თავისი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერის გარეშე, ამიტომაც ალბათ მას ორი არჩევანი დაუყენეს: ის გააგრძელებდა იმ პოლიტიკას, რაც დაიწყო, დამოუკიდებლად დანიშნავდა იმ ხალხს, რომელიც სურდა ან ითამაშებდა იმ თამაშის წესით, რასაც ბიძინა ივანიშვილი და ღარიბაშვილი სთავაზობდნენ. ამ არჩევანიდან გამომდინარე, მარგველაშვილმა გადაწყვიტა, თავისი ახლობელი ადამიანები გაეწირა, რომ ამით რაღაცნაირად დაეშოშმინებინა "ქართული ოცნების" გუნდი, რომელიც მას საკადრო დანიშვნას სისუსტედ უთვლიდა. შეიძლება ეს საკადრო ცვლილება ბოლო არ იყოს და შეიძლება მათ სხვა ხალხიც მიჰყვეს. ვისაც დანიშნავენ, რეალურად მოგვცემს სურათს, რამ გამოიწვია ამ პირების მოულოდნელი გათავისუფლება. ეს მიგვანიშნებს იმაზე, გავაანალიზოთ, რეალურად რა არ მოსწონდათ გათავისუფლებულ ხალხში", - აცხადებს კაკაჩია.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი თინათინ მჟავანაძე განმარტავს, რომ ადმინისტრაციის უფროსმა და პრეზიდენტის მრჩეველმა გათავისუფლების თაობაზე პირადად მიმართეს პრეზიდენტს და საქართველოს პრეზიდენტმაც მათი განცხადება დააკმაყოფილა. "თანამდებობიდან წასვლის მიზეზებთან და დეტალებთან დაკავშირებით კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც პირადი სურვილის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. ჯერჯერობით არც ერთ კანდიდატურაზე ლაპარაკი არ არის და ვერ დაგიდასტურებთ ვერც ერთ იმ ვერსიას, რომელიც გავრცელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით," - განაცხადა მჟავანაძემ.

"ადმინისტრაცია შესაძლო შემცვლელების ვინაობას არ ასახელებს. მედიასაშუალებებმა კი საკუთარი ვარაუდები უკვე გაავრცელეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შესაძლოა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაინიშნოს. ეს ინფორმაცია პრემიერმა ღარიბაშვილმა უარყო. "არასწორი ინფორმაცია გაქვთ," - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის და მრჩევლის თანამდებობიდან გადადგომას, ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნულზე კომენტარი მან არ უნდა გააკეთოს. ასევე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მარგველაშვილის მრჩევლად გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა. აბაშიშვილი პროფესიით ეკონომისტია და ის ილიაუნში კითხულობდა ლექციებს. "რეზონანსთან" საუბრისას აბაშიშვილმა მრჩევლად დანიშვნა დაადასტურა, მაგრამ მისი განმარტებით, ეს ორი კვირის წინ მოხდა და თან, ის ეკონომიკის დარგშია პრეზიდენტის მრჩეველი", - დასძენს გამოცემა.