უშინაარსო, სტალინისტური, არაადეკვატური და ნაგვის ყუთზე მისაწერი სლოგანების ომი 2015 წლის არჩევნებზე

უშინაარსო, სტალინისტური, არაადეკვატური და ნაგვის ყუთზე მისაწერი სლოგანების ომი 2015 წლის არჩევნებზე

,,მრჩება შთაბეჭდილება, პარტიათა უმეტესობას სლოგანი მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ საჭიროა’‘

 ,,გიორგი გაჩეჩილაძე თბილისის მერად’‘, ,,კახა კუკავა თბილისის მერად’‘, ,,როინ ლიპარტელიანი თბილისის მერად’‘... - ჩაიკითხავ დედაქალაქის თავკაცობისთვის მებრძოლთა წინასაარჩევნო სლოგანებს და ჩაგეძინება. პოლიტიკოსებს იოლი გამოსავალი მოუძებნიათ, დაპირებებით ენის დაღლაც აღარ უნდათ და პირდაპირ საკუთარ თავს გვთავაზობენ. რა კრეატივი, რის სიახლე და საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული სტანდარტი?! იდეალური სლოგანი 2-დან 4 სიტყვამდე უნდა იყოს და მასში საკუთარი პრობლემის გადაჭრის გზა დაინახო. ჩვენთან კი პირიქითაა, სლოგანები ზოგჯერ იმსიგრძეა, პროგრამაში აგერევა. სამაგიეროდ, პროგრამებია ლამის სლოგანებზე მოკლე და არაფრისმთქმელი.  
 
ბოლო 3 წელია ამ ქვეყანაში სულ არჩევნები ტარდება და წინასაარჩევნო დოღის მთავარი ლაიტმოტივი ნაცვალსახელ ,,მე’‘-ს მაინც ვერ გასცდა. ქართული ,,მეობის’‘ თემა წელსაც აქტუალურია. შარშან პრეზიდენტობის კანდიდატებმა აქცენტი, როგორც იქნა, ჩვენზეც გააკეთეს და ასეთი ერთფეროვანი სურათი მივიღეთ: მარგველაშვილი ამბობდა ,,ერთად განვაგრძოთ წინსვლა’‘, ბაქრაძე გვთავაზობდა - ,,ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა’‘, ბურჯანაძე კი ჯიუტად იმეორებდა - ,,ერთად აღვადგინოთ სამართლიანობა’‘. წელს ტაქტიკა არ შეცვლილა - სიტყვები ,,მე’‘, ,,შენ’‘, ,,ერთად’‘ და ,,გარეშე’‘ კვლავაც ხშირად გვხვდება. ,,ერთად ავამუშაოთ საქართველო’‘ - მოგვიწოდებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ბრენდადქცეული საარჩევნო ნომრით. პარტია ამ სლოგანით რაიონებში იასპარეზებს, ნიკა მელიას ლოზუნგი კი იგივეა - ,,ერთად ავამუშაოთ თბილისი’‘. პიარის დიდოსტატებს ერთი სტრატეგიული შეცდომა დაუშვიათ: მათივე ლოგიკით, უნდა აამუშაო ის, რაც გაჩერებულია, მაგრამ თუ ასეთი ,,მუშა’‘ იყო მთელი ქვეყანა, აწყობილი სისტემითა და ინფრასტრუქტურით, ასეთი რა მეხი დასცა ,,ქართულმა ოცნებამ’‘, რომ ისევ ნაციონალებმა უნდა ამოგვქოქონ?!

ერთიც უნდა ითქვას - მერობის ასეთი სუსტი კანდიდატი პიარტექნოლოგიებში ყოფილ მმართველ გუნდს ჯერ არ ჰყოლია. დღე ერთია და მელიას მიერ შემთხვევით წამოსროლილი აღიარებითი ჩვენებები ათასი - ეს რა დღეში ვიყავით 9 წელი; რატომ მართავდა თბილისს წინა წლებში ის ხალხი, ვინც ამას არ იმსახურებდა; ქართველ ხალხთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი... თუ ესეც წინასაარჩევნო ფანდია, მაშინ ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. აი, თუ გულწრფელად ეშლება, მაშინ მისი კანდიდატად დაყენება ნაციონალებს შეშლიათ. მელიას არც ნარმანია ჩამოუვარდება. ,,ოცნებას’‘ თბილისშიცა და ზოგადად, საქართველოს ყველა რეგიონში იდენტური სლოგანი აქვს. ისე, ბოლო პერიოდში, ხელისუფლების ყველა ლიდერმა იმდენჯერ გაიმეორა, ნაციონალების 9-წლიანი ბოგინი საბოლოოდ უნდა დასრულდესო, კაცი იფიქრებდა, საარჩევნო სლოგანადაც ამ ოქროს ფრაზას გამოიყენებდნენ, მაგრამ არა - უჩვენოდ არც ,,ოცნება’‘ აპირებს თითის განძრევას. მათთან ერთად უნდა ვიზრუნოთ საქართველოზე და დავით ნარმანიასთან ერთად ვიზრუნოთ თბილისზე. მეტიც, ნარმანიას თუ ავირჩევთ, დედაქალაქში მილიონ ხეს დაგვირგავს და მერე ერთად ვიზრუნებთ ამ ხეების მოვლაზეც. ,,ოცნება’‘ ადგილობრივ არჩევნებზეც 41 ნომრით იასპარეზებს. 15 ივნისს, ,,ერთიანი ოპოზიციის’‘ სახელით, არჩევნებზე ერთად რამდენიმე გამოცდილ პოლიტიკოსს ვიხილავთ - გამარჯვებისთვის ნინო ბურჯანაძე, ქრისტიან- დემოკრატები, ჯონდი ბაღათურია და დიმიტრი ლორთქიფანიძე იბრძოლებენ. მოკლედ, ბურჯანაძემ სამართლიანობის აღდგენას თავი ანება და ქვეყნის მოწესრიგებაზე გადავიდა.

,,დროა, მოვაწესრიგოთ თბილისი’‘ - ამ ლოზუნგით ქალაქის მერობა მის კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს სურს, მაგრამ არჩევნებში დახელოვნებულებს რატომ ვერ გაუგიათ, რომ არ შეიძლება საკუთარი სლოგანის პრეზენტაცია ისეთი სიტყვით დაიწყო, როგორიცაა ,,ნგრევა’‘?! დავშლი, დავანგრევ, გავანადგურებ, დავამთავრებ - რასაც უნდა ანგრევდე, ისედაც მასობრივად გაღიზიანებულ ხალხს უფრო აღიზიანებ! ,,დავანგრევ კორუმპირებულ სისტემას და ბიუჯეტის თითოეულ თეთრს საზოგადოებას მივუძღვნი’‘. ძალიან კარგი გეგმა კი ჰქონია ლორთქიფანიძეს, მაგრამ დაუწერელი კანონი მაინც დაარღვია. მისი საპრეზენტაციო ,,სფიჩი’‘ კი წელს მართლაც შეუდარებელი იყო: ,,თბილისელობა ესაა სულის თვისება და შემდეგ გეოგრაფიული თავისებურება. ეს ის თვისებაა, რომელმაც შენ, მერს უნდა მოგცეს უფლება, ან სინდისის დონეზე აგიკრძალოს, გაღმა ნაპირზე დაქცეული დოქები დადგა თუ უარი თქვა, პატრიარქის სასთუმალთან ,,შანგრილა’‘ აღმოაცენო თუ უარი თქვა, 100 000 მოწამის დაცემის ადგილზე ,,ბუდაბარი’‘ წამოასკუპო თუ უარი თქვა’‘. მოკლედ, ბურჯანაძის კანდიდატმა, სულ 2 წინადადებაში თბილისის ნახევარი ამომრჩეველი მარტო ,,ბუდაბარისა’‘ და ,,შანგრილას’‘ დანგრევის მუქარით დაკარგა.

,,ერთიანი ოპოზიციის’‘ საარჩევნო ნომერი ადგილობრივ არჩევნებზე 3-ია. ლორთქიფანიძეს აშკარად არ ეთანხმება მერაბ კოსტავას საზოგადოების წარმომადგენელი გიორგი ლილუაშვილი, რომელიც აქცენტს სწორედ გეოგრაფიულ მდებარეობაზე აკეთებს - ,,თბილისი, საქართველოს გული, კავკასიის იმედი’‘. სრულიად გაუგებარია, მაინც რისი თქმა სურს ამით პარტიას. სამაგიეროდ, პირველი ნომრით, ,,ერთიან ოპოზიციას’‘ წელს არასაპარლამენტო ოპოზიცია შეეჯიბრება და დიმიტრი ლორთქიფანიძეს ხმებს კახა კუკავა გაუყოფს. კუკავას ლოზუნგია -P,,აირჩიე ცვლილებები’‘. ცვლილებებში რას გულისხმობს, არ გვიმხელს, იმედია, საგარეო კურსის ცვლილებას არ გვთხოვს, თუმცა ბევრსაც არაფერს გვპირდება - შეგვიძლია, ფანტაზიას გზა მივცეთ, კუკავა სიტყვაზე დავიჭიროთ და მოგების შემთხვევაში, რაც არ მოგვწონს, ყველაფერი შევაცვლევინოთ. ცვლილებებზეა ორიენტირებული ქართული პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც კანდიდატად არ დაარეგისტრირეს, ამიტომ გორის ბედი ახლა კახა ერგემლიძეს უნდა შეაცვლევინოს. უფრო სწორად, ოქრუაშვილი საკუთარ თავს ერგემლიძესთან აიგივებს და აცხადებს, რომ ხალხმა ხმა ბატონ კახას იმიტომ უნდა მისცეს, რომ მერე ირაკლი ვიცემერად დაინიშნოს და გორს ცვლილებები ასე მოუტანოს. თუ ასეთი ცვლილებების გჯერათ, ოქრუაშვილის ლანდადქცეულ ერგემლიძეს საარჩევნო სიაში 14 ნომრად იპოვით. რაც შეეხება დანარჩენებს, თბილისის მართვას თავს უჩვენოდ ვერც ისინი გაართმევენ: ,,რეფორმატორები’‘, ირაკლი ღლონტით სათავეში ამბობენ, ,,ერთად შევცვალოთ რეალობა’‘. ოღონდ უარესობისკენ თუ უკეთესობისკენ, სხვა საქმეა. უკეთ ჟღერს ,,მომავალი საქართველოს’‘ ლიდერი გიორგი ლაღიძის სლოგანი - ,,ერთად, თბილისის აღმშენებლობისთვის’‘, მაგრამ არჩევნებში თარსი ნომრით ასპარეზობს, სიაში მეცამეტეა და ბოლოსდაბოლოს, ცნობადობაც აკლია, ღლონტისა არ იყოს. ,,საქართველოს გზიდან’‘ მერობისთვის მურთაზ მურვანიძე იბრძოლებს, კარგად აპრობირებული სლოგანით - ,,თბილისი ტყუილის გარეშე’‘.

თუმცა ამ ბოლო დროს, პარტიები რაღაცებისა და ვიღაცების გარეშე ცხოვრებას იმდენჯერ დაგვპირდნენ, ეს სლოგანი აღარ მუშაობს. ახალი სიტყვა ქართულ საარჩევნო ბრძოლაში წელს რამდენიმე პარტიამ, მათ შორის საქართველოს პატრიოტთა ალიანსმაც თქვა. მათთვის ეს პირველი არჩევნებია, თუმცა სარეკლამო ლოზუნგი ბევრ თბილისელს ეცოდინება, ბევრსაც რომელიმე ქალაქური სიმღერის მისამღერში აერევა. ,,თბილისო, შენთვის გამოიდარებს’‘ - გვპირდება ირმა ინაშვილი და ისღა დაგვრჩენია, ვნახოთ, რამდენად გაამართლებს მისი ამინდის პროგნოზი. უდავოდ სახალისოა პარტიის მიერ საკუთარი საარჩევნო ნომრის გასაპიარებლად შემუშავებული ტაქტიკაც - ,,შემოხაზე რვიანი, რომ არ იყოს გვიანი!’‘ პოეტთა პარტიას ტოლი არც სერგო ჯავახიძისა და პაატა დავითაიას ბლოკის წევრმა დაუდო. ხელვაჩაურის ქუჩებში ბლოკის ,,თვითმმართველობა ხალხს’‘ სახელით ასეთი ,,პლაკატი’‘ გამოჩნდა ,,შემოხაზე ცხრა, შეიძინე ძმა’‘! ამავე პარტიის კიდევ ერთი საინტერესო სლოგანი უკვე თბილისში, მთაწმინდაზე აღმოვაჩინეთ. რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა ბრეგვაძე უცერემონიოდ გვარწმუნებს - ,,თქვენ მე გჭირდებით’‘. მე კი პირიქით მგონია, ეს თქვენ გჭირდებათ ხალხი საკრებულოში მოსახვედრად! ჩემი მეგობარი საკრებულოში კი ზაზა ჩაჩუა უნდა გახდეს, რომელიც 26 ნომრით ასპარეზობს. სლოგანიც ზუსტად ასეთია - ,,თქვენი მეგობარი საკრებულოში’‘. იღბლიანი საარჩევნო ნომრით 7 და უფლის სახელით, წელს კვლავ გელა (მიხეილ) სალუაშვილი იბრძოლებს, რომლის სლოგანი ჯანდაცვის ანტინარკოტიკულ რეკლამას მაგონებს: ,,აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო’‘, მაგრამ ლეიბორისტებს ტოლი არც ახლა ჰყავთ - ისედაც სულ სლოგანებით მოლაპარაკე შალვა ნათელაშვილის კანდიდატს, მსახიობ ასმათ ტყაბლაძეს დაპირებაც ძალიან მაგარი აქვს და სლოგანიც. მოკლედ, მას მერე, რაც ,,მდიდარს წავართვით და ღარიბს მივეცით’‘, ქალბატონი ასმათი ,,რა დროსაც მერი გახდება, ყველანი ვიქეიფებთ’‘. ხოლო წინასაარჩევნო სლოგანი თუ შემოძახილი ასეთია - ,,აბა, თქვენ იცით, თბილისელებო’‘!

მაინც რა მნიშვნელობა აქვს საარჩევნო ნომრებსა და სლოგანებს, როგორია საკუთარი თავისა და პარტიის სარფიანად ,,გასაღების’‘ წესები ,,საარჩევნო ბაზარზე’‘ და ვინ ლიდერობს ამ კუთხით საქართველოში? - ,,ვერსიისთვის’‘ ანალიზი საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა, არჩილ გამზარდიამ გააკეთა: ,,ხელისუფლების ლოზუნგი მოკლე და სხარტია, მაგრამ ამ სისხარტის იქეთ შინაარსის დეფიციტი იგრძნობა. ზოგადად, ხელისუფლებასაც და ყველა დანარჩენსაც ხალხისთვის სათქმელი აღარაფერი აქვს და მათი სლოგანებიც შესაბამისია. სახელისუფლო სლოგანიც ამორფული და საკმაოდ უშინაარსოა. ,,ერთად ვიზრუნოთ თბილისზე’‘ - ეს სლოგანიც იმავე ოპერიდანაა, რომლიდანაც ,,გასაკეთებელი კიდევ ბევრია’‘. ძალიან ძნელია, ამ ზმნის ქვეშ მოქალაქეებმა საინტერესო შეტყობინებები ამოკრიბონ. ზოგადად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიათა უმეტესობას სლოგანი მხოლოდ იმიტომ აქვს, რადგან საჭიროა. რაც შეეხება ნაციონალებს - ,,ერთად ავამუშაოთ თბილისიც’‘ დაახლოებით იგივე კონტექსტია, განსხვავება ისაა, რომ, როგორც ოპოზიციური პარტია, ცდილობს, ხელისუფლება ნაწილობრივი დისკრედიტაციის რეჟიმში ამყოფოს. ზმნა ,,ამუშავება’‘ გაჩერებული, ამორტიზებული მდგომარეობიდან გამოსვლას გულისხმობს, შესაბამისად, ამით ცდილობენ დაგვანახონ, რომ ,,ოცნების’‘ დამსახურებით, ახლა თბილისი გაჩერებულია. ეს ლოზუნგი უფრო ხელისუფლების წინააღმდეგ იმუშავებს, ვიდრე ნაციონალების სასარგებლოდ. ნინო ბურჯანაძის ლოზუნგი - ,,დროა, მოვაწესრიგოთ თბილისი’‘ ერთი დიდი გაუგებრობაა. საერთოდ, ის ტონალობა, რომლითაც ბურჯანაძე გვეკონტაქტება, ასოციაციურად, ქვეყანაში სტალინისტური წესრიგის დამყარებასთანაა ახლოს. კარგად თუ დავფიქრდებით, ეს საკმაოდ საშიში სიტყვაც კია. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში, ირანში პროცესები მოწესრიგებულია, ევროპაში კი სულ არეულ- დარეულობაა. ჩვენთან წესრიგი უფრო დიქტატთან ასოცირდება და, როცა ამ სიტყვას ვიგებთ, სტალინისტურ- ლენინისტური წესრიგი უნდა გვახსოვდეს. თან ეს ხომ თვითმმართველობის არჩევნებია, ამიტომ არსებული ლოზუნგები ამ კონკრეტული არჩევნების მთავარ თემას არ ერგება. ქალაქებზე, დაბებსა და სოფლებზე საუბრის ნაცვლად, ეს ლოზუნგები საპარლამენტო არჩევნებს უფრო ერგება. იგივეს თქმა შემიძლია კახა კუკავას სლოგანზეც - სიტყვა ,,ცვლილებები’‘ ბევრი წელია, სხვადახვა კონტექსტში, სხვადასხვა პარტიის მიერ ტრიალებს. ეს ე.წ. ოპოზიციური სლოგანია და არსებულით უკმაყოფილებას გამოხატავს, ოღონდ კონკრეტული აქაც არაფერი ჩანს. რაც შეეხება მიდგომას ,,თქვენ მე გჭირდებით’‘ - ალბათ, მის ავტორს სპეციალისტებმა ურჩიეს, ლიდერმა საკუთარი საჭიროება უნდა გვაჩვენოს, მაგრამ ეს მთელი კონცეფციაა, რაც პირდაპირ წინადადებაში გადაუტანიათ. ეს სლოგანი არაადეკვატურია! ასევე ფრაზა ნათელაშვილის პარტიიდან ,,აბა, თქვენ იცით, თბილისელებო’‘, ჩემთვის ძალიან გაუგებარია. არსებობს ღია და დახურული აზრები, ეს აზრი კი მთლიანად ღია და დაუსრულებელია. რაც შეეხება ისეთ სლოგანებს, როგორიცაა ,,შემოხაზე რვიანი, რომ არ იყოს გვიანი’‘ და ა.შ. ამას დროსა და ადგილს მხოლოდ თქვენ თუ დაუთმობთ, რადგან არა მგონია, ვინმესთვის საინტერესო იყოს. ეს დაახლოებით იმ ტიპის სლოგანია, როგორიც კოტე ყუბანეიშვილის პატარა ლექსი- მინაწერი სანაგვე ყუთებზე - ,,მიგვენაგვე- მოგვენაგვე’‘. ეს მარტივი მესიჯებია, რომელიც შესაძლოა, უკეთეს შემთხვევაში, საზოგადოების ნაწილმა ჩაიჭიროს და ცოტა ხნით აიტაცოს. ხანდახან, ზოგიერთი პიროვნება პოპულარული მხოლოდ თავისი ფრაზეოლოგიით ხდება, მაგალითად, გელა სალუაშვილი. მან მოახერხა და ყველასთვის ცნობილი გახდა. სხვათა შორის, შესაძლოა, ეს ადამიანები სულაც არ ფიქრობენ არჩევნებში გამარჯვებას - უბრალოდ, ყველას თავის ანგარიში აქვს!’‘