შსს-ში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში არიან შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. აღნიშნული კომისია ახორციელებს მონიტორინგს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებსა და შესაბამისი კანონის აღსრულებაზე. სხდომაზე კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის აღსრულება ეფექტურად ხდება, განიხილეს საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ახალი სახეობების გამოჩენას და შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირებაზე შეთანხმდნენ. კომისია უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები საქართველოს მთავრობისათვის „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის დანართებში ცვლილებების შეტანის ინიცირებისათვის. კომისიის საქმიანობის მიზანია გამოიკვეთოს საერთო სურათი ქვეყანაში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით: მოხდეს ე.წ. „შავ ბაზარზე“ დაკვირვება, თუ რომელი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არალეგალური ბრუნვა ხდება, რა რისკები არის დაკავშირებული ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სხვადასხვა რელევანტური უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზება პრობლემების აღმოჩენის კუთხით, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების გამოსაქვეყნებლად ინფორმაციის შეჯამება.