კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ კვირა დარჩა, რათა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული ძეგლების მდგომარეობის შესახებ იუნესკოში ახალი დოკუმენტაცია გააგზავნოს.
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) რეკომენდაცია უკვე ცნობილია. როგორც იუნესკო, ისე იკომოსი, ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო მიიჩნევს, რომ ბაგრატის ტაძრის ხელახალი აშენებით ძეგლის ავთენტურობა უხეშად დაირღვა. შესაბამისად ბაგრატი, როგორც თვითმყოფადი ნიმუში აღარ არსებობს და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიის კრიტერიუმს ვეღარ აკმაყოფილებს.
ვინაიდან, 1994 წელს, იუნესკომ ბაგრატის ნანგრევები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში გელათის მონასტერთან ერთად, ერთი ნომინაციით, ანუ ერთი სახელწოდებით შეიყვანა, (იხილეთ http://whc.unesco.org/en/list/710) ახალი რეკომენდაცია ამ ძეგლების განცალკევებას გულისხმობს. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორი ინდოელი კიშორე რაოტელეკომპანია „რუსთავის 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კერძოდ ამბობს:
„რადგანაც ბაგრატის ტაძარს შეუსაბამო რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, იუნესკოს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მისი გამორჩეული, ზოგადსაკაცობრიო ღირებულება დაკარგულია, რომლის აღდგენაც შეუძლებელია. ამიტომაც, მათი რეკომენდაციაა, რომ გელათის მონასტერს საშუალება მიეცეს, დამოუკიდებლად გამოხატოს გამორჩეული, ზოგადსაკაცობრიო ღირებულება. ამისთვის, რენომინაცია ანუ საქართველოს მთავრობის მიერ ახალი სათაურის, ახალი ნომინაციის შემოთავაზებაა საჭირო რომელიც გელათის მონასტერს წარმოადეგნს და ამ შემთხვევაში, ბაგრატის ტაძარი უკვე მისი ნაწილი აღარ იქნება.“
მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების უნიკალური ბაგრატის ნანაგრევების რესტავრაცია 2009 წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, კათოლიკოს პატრიარქის კურთხევითა და არქიტექტორ ივანე გრემელაშვილის პროექტით დაიწყო. ეს პროცესი იუნესკომ თავიდანვე უარყოფითად შეაფასა და ბაგრატი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიყვანა. რეკონსტრუქციის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე.
შარშან, ზაფხულში როცა გაირკვა რომ ბაგრატზე ლიფტიც კი მონტაჟდებოდა, რეკონსტრუქცია მცირე ხნით შეჩერდა, თუმცა პრეზიდენტ სააკაშვილის ზეწოლის შემდეგ, მშენებლობა მალევე განახლდა და ახალი ბაგრატი სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გაიხსნა.
როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი, ისე კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ქართულ საზოგადოებას არწმუნებდნენ რომ ბაგრატის აღდგენა იუნესკოსთან შეთანხმებით ხდებოდა და მისი, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს არაფერი ემუქრებოდა.
გასულ კვირას მას შემდეგ რაც, კულტურის ახალმა მინისტრმა გურამ ოდიშარიამ პარიზში იუნესკოს ოფისი მოინახულა, ნათელი გახდა, რომ „ახალი“ ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დარჩენის შანსები მინიმალურია. კულტურის მინისტრის მოადგილემარინე მიზანდარი ამბობს, რომ დოკუმენტაციაში, რომელიც იუნესკოში 1 თებერვლამდე უნდა გაიგზავნოს, აქცენტი მხოლოდ გელათზე კეთდება.
„ამ დროისთვის ორი ვარიანტი გვაქვს. ერთი, რომელშიც მხოლოდ გელათი ჩანს და გელათის უშუალო საზღვრები. არის მეორე ვარიანტი, რუქა, სადაც შორს წერტილის სახით ბაგრატიც იკითხება. თუმცა, ამ ორი ძეგლის გეოგრაფიული არეალით გაერთიანება არ ხერხდება. როგორც იუნესკო ფიქრობს, ახლა უპრიანი იქნებოდა მხოლოდ გელათზე გაკეთება ამ ნომინაციის, რათა საერთოდ ეს ნომინაცია რისკის ქვეშ არ დადგეს. ახალ ნომინაციაში ალბათ ბაგრატი ვერ მოხვდება.“
საქართველოს წინა ხელისუფლებას იუნესკოსთან პრობლემები მხოლოდ ბაგრატთან დაკავშირებით არ ჰქონია. მცხეთის ისტორიული ძეგლები: (იხილეთ http://whc.unesco.org/en/list/708)
სვეტიცხოველი, ჯვრის და სამთავროს მონასტერი, არმაზი-ბაგინეთი, რომელიც ასევე 1994 წელს შევიდა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში, 2009 წელს, მცხეთის შეუთანხმებელი რეაბილიტაციის გამო, იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიყვანა.
გასულ კვირას, იუნესკოდან დაბრუნებულმა კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ თანამდებობა დაატოვებინა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს, რომელსაც ეს თანამდებობა 2008 წლის ნოემბრიდან ეჭირა. მანამდე, ათი თვის მანძილზე ვაჩეიშვილი კულტურის მინისტრიც იყო. ბევრ სხვა შენიშვნასთან ერთად, ვაჩეიშვილი ბაგრატის რესტავრაციის გამოც გათავისუფლდა. დადგება თუ არა სხვა მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხი ჯერჯერობით უცნობია.
„ახალი“ ბაგრატის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღების საკითხს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი სავარაუდოდ, 37-ე სესიაზე განიხილავს, რომელიც 17-დან 27 ივნისის ჩათვლით, კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში გაიმართება.