პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთ დღეში 5 ვაკანსია გაჩნდა. გიორგი მარგველაშვილი უახლოესმა თანაგუნდელებმა დატოვეს. ადმინისტრაციის ხელმძღვანლის, მისი ორი მოადგილის, ლოჯისტიკის სამსახურის უფროსისა და საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობიდან, ოფიციალური ვერსიის თანახმად, კონკრეტული პირები საკუთარი ინიციატივით წავიდნენ.
მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გიორგი მარგველაშვილის მიერ ხელმოწერილი ორი დოკუმენტი გამოქვეყნდა. ორივე 13 ივნისით თარიღდება და იდენტური შინაარსისაა - თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად პრეზიდენტის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტში ლაშა აბაშიძის, ისევე როგორც ივანე მაჭავარიანის შემთხვევაში „საკუთარი ინიციატივა“ არის დასახელებული.
ლაშა აბაშიძე და ივანე მაჭავარიანი გიორგი მარგველაშვილის მხოლოდ თანამოაზრეები არ ყოფილან, პირველი მათგანი მისი პირველი ცოლის ძმაა, მეორე კი ახლო მეგობარი. პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ პირველი ნორმატიული აქტები მარგველაშვილმა, სწორედ, თანამდებობებზე მათი დანიშვნის შესახებ გამოსცა.
„თანამდებობიდან წასვლა ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო. ჩეთან ერთად მოდის ჩემი ორი მოადგილე და ლოჯისტიკის უფროსი. არანაირი დაპირისპირება ან მსგავსი პრობლემა არ ყოფილა. ვანო მაჭავარიანზე კი კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- განუცხადა For.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკვე ყოფილმა უფროსმა ლაშა აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით რამე ახალი სამსახური შერჩეული არ აქვს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აბაშიძესა და მაჭავარიანზე ადრე, რამდენიმე თვის წინ დატოვა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა, რომელიც ჯერ მარგველაშვილის სარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობდა.
შალვა რამიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს მიმდინარე მოვლენებზე აცხადებს, რომ „ვერაფერს იტყვის“. საკუთარი გადაწყვეტილების თავის დროზე უკვე ნათქვამ მიზეზს კი For.ge-სთან ასე აყალიბებს: „წამოვედი მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ ჩინოვნიკის პროფესია ჩემთვის არ არის მისაღები. დავბრუნდი ტელევიზიაში და კვლავ ტელესაქმიანობას მივყავი ხელი, რაც გაცილებით უკეთ გამომდის. არანაირი, არც პიროვნული, არც სამსახურებრივი უსიამოვნება არავისთან, მათ შორის, არც პრეზიდენტთან არ მქონია“.
„კი არ წავიდნენ, გაათავისუფლეს“,- ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ თანამდებობის დატოვებას. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებს არ უკავშირდება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების საკითხთანაც მცირე რამ თუ ექნება საერთო და უფრო მეტად შიდა პოლიტიკური დინებების შედეგია.
„ნეიტრალურად თუ ვიტყვით, სადღაც უკვე აივსო მოთმინების ფიალა - ახსნა-განმარტებითი საუბარი, „მასტერკლასი“ ჩაუტარეს მარგველაშვილს და აუხსნეს, რომ ის მხოლოდ ჩინოვნიკია და სხვა კაბინეტებში მიღებულ გადაწყვეტილებებს ასრულებს. ეს მოსალოდნელიც იყო დიდი ხანია, რადგან მარგველაშვილი არ გამოდგა დისციპლინირებული ჩინოვნიკი. ის ყოველთვის იყო ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენელი, ამ კატეგორიის ხალხს კი ყოველთვის ახასიათებს თავისუფალი აზროვნება, ვერ აიძულებ, ფეხი აუწყონ საერთო მარშს. ვერტიკალში, რომელიც შეიქმნა არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, მარგველაშვილი მშვენივრად იჯდა, როგორც განათლების მინისტრი, მაგრამ სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც მან უუფლებო პრეზიდენტის ანუ „საქორწილო გენერლის“ პოსტი დაიკავა. მარგველაშვილს ამაზე მაშინ უნდა ეფიქრა, როცა კომკავშირული ენთუზიაზმით შეეგება ივანიშვილის იდეას, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო“, - განუცხადა for.ge-ს სოსო ცინცაძემ და აღნიშნა, რომ მარგველაშვილ-ივანიშვილსა და მარგველაშვილ- ღარიბაშვილს შორის ურთიერთობის ხორკლიანი გამოვლინებები საქართველოში არსებულ დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს.
პოლიტოლოგი განმარტავს, გარკვეული პერიოდის წინ, თავის მხრივ, სტატეგიული შეცდომა დაუშვა მარგველაშვილის მრჩეველმა ივანე მაჭავარიანმა და საკუთარი განცხადებით, როგორც დიპლომატმა, არაპროფესიონალიზმი გამოავლინა.
„ის მართლა დაუკრეფავში გადავიდა, როცა ივანიშვილის მისამართით ირონიული განცხადება გააკეთა - „მოქალაქე ივანიშვილს არ ეკითხება, ვის დანიშნავს თავის მრჩევლად ქვეყნის პრეზიდენტიო“. ივანიშვილმა ითმინა, ითმინა და ერთ დღეს მოთმინების ფიალა აევსო“,- აცხადებს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ადმინისტრაციის ახალ უფროსს და მრჩეველს მარგველაშვილი საკუთარი შეხედულებისამებრ ვერ დანიშნავს.
„დაუნიშნავენ ვინმეს „ოცნებიდან“, ან შეიძლება, უთხრან, თავად აირჩიე ვინმე, ოღონდ ჩვენ შეგვითანხმეო. განსაკუთრებით ეს შეეხება ადმინისტრაციის უფროსს, რომელიც ლოკალურად გავლენიანი პიროვნებაა, საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს კი არაფერი ეკითხება“, - აცხადებს ცინცაძე და ვარაუდობს, რომ მარგველაშვილი ამ ამბების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში „თვინიერი და დისციპლინირებული“ გახდება.
ლაშა აბაშიძისა და ივანე მაჭავარიანის შემცვლელები, ოფიციალურად, ჯერ არ დასახელებულან. არაოფიციალურად კი მედიამ რამდენიმე სავარაუდო კანდიდატის შესახებ უკვე იმსჯელა. „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობაზე განათლების მოქმედი მინისტრი თამარ სანიკიძე განიხილება. თუმცა, for.ge-ს ეს ინფორმაცია სამინისტროში არ დაუდასტურეს. „ჭორია და არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა. მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც განმარტა, რომ განათლების მინისტრის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაძლო გადაყვანა მცდარი ინფორმაციაა.