ბრძოლა გამგებლობისთვის

ბრძოლა გამგებლობისთვის

კოალიცია „ქართული ოცნების“ რეკომენდაციის მიუხედავად, მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას გამგებლობისთვის. მან არ იცის, მასთან შეუთანხმებლად რატომ მოხსნა „ქართულმა ოცნებამ“ მისი კანდიდატურა. ირწმუნება, რომ დრო არ ჰქონია ამის გასარკვევად, რადგან საკუთარ ამომრჩევლებს ხვდებოდა.

მართალია, მერაბ თოფჩიშვილი გაურკვევლობაშია, სამაგიეროდ, ნაცმოძრაობისთვის ყველაფერი „ნათელია“. მერაბ თოფჩიშვილის გამო უკანდახევა „ქართული ოცნების“ სისუსტედ აღიქვეს მისმა მეტოქეებმა. ნაცმოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი კოალიციის გადაწყვეტილებას ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის აცილებად აფასებს, ნინო ბურჯანაძე კი უსუსურ და სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებას, რომლითაც „ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არჩევნებიდან მოხსნა, გათამაშებულ სცენარს უკავშირებს. იგი ეჭვობს, ეს დაგეგმილი იყო, რათა ნაცმოძრაობამ მარნეულში გაიმარჯვოს.

ამის მიუხერდავად, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მარნეულში „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატ მერაბ თოფჩიშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ რაიონში „ძალიან სახიფათო თამაშის“ წამოწყების, პროვოკაციის მაღალი რისკის საშუალება არ მისცა.

„აღნიშნული მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ ქმნის მაღალ პოლიტიკურ კულტურას საქართველოში. ის, რაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუშინ გადავწყვიტეთ, არის უპრეცედენტო. ვერავინ დაგვისახელებს ერთ მაგალითს მაინც, როცა ხელისუფლებამ მოხსნა საკუთარი კანდიდატი მაშინ, როცა მისი გამარჯვება იყო გარდაუვალი“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე „ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას თოფჩიშვილის კანდიდატურის მოხსნის შესახებ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირების სტიმულირებად მიიჩნევს. For.ge-სთან საუბარში იგი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ორი ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნა ანტისახელმწიფოებრივი და პოლიტიკურად საშიშია. ეს პრეცედენტი ხელს შეუწყობს ექსტრემისტული ჯგუფების გააქტიურებას.

„ან ნაცმოძრაობამ დააშანტაჟა „ოცნება“, ან სტიმულირება უკეთდება ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას. ნებისმიერი აზერბაიჯანელი ხვალ რომ გამოვიდეს და თქვას, ამა და ამ სოფელში მინდა ამ საკითხის მოგვარება, ჩვენ უნდა დავთმოთ ყოველივე? რატომ ვასხვავებთ ეთნოსის მიხედვით ამომრჩეველს?! ეს არ არის პოლიტიკურ ნიადაგზე დისკრიმინაცია და არ გამოიწვევს დაპირისპირებას? ეს ახასიათებს პირველყოფილი თემური წყობილების მქონე საზოგადოებას, ამით „ოცნება“ თავის თავს აღიარებს ტირანიისკენ მიმავალ ხელისუფლად, რომელსაც აქვს უფლება, შეიწყალოს ან არ შეიწყალოს, დაუშვას ვინმე ხელისუფლებაში, ან არ დაუშვას.

არ მავიწყდება ბოლშევიკების დროს „ხალხის მოთხოვნით“, ხალხზე „ზრუნვით“ გაძვირდა შაქარი. ზუსტად ასე, ხალხზე ზრუნვის მოტივით, წესრიგისა და პოლიტიკური ცხოვრების ამაღლებისთვის მოხსნეს კანდიდატურა მარნეულში. ბარემ ჩოხატაურშიც მოხსნან კანდიდატურა, ზესტაფონშიც, ლაგოდეხშიც და დემოკრატიული ოაზისი იქნება საქართველოში. ზუგდიდშიც დაძაბული სიტუაციაა, კანდიდატურა იქაც მოიხსნან! ქართველები რომ ვართ, ამიტომ უნდა დავიჩაგროთ? ქართველები უნდა „დავაჩმოროთ“? ხმის ამოღების საშუალება არ მივცეთ? ქართველებმა არ უნდა იგრძნონ, რომ ამ ქვეყნის პატრონები არიან?

ეს ადამიანები არაქართულ ენაზე დაბეჭილ ბიულეტენებს მივაჩვიეთ, მათ არ ვთხოვდით ქართული ენის ცოდნას. ქართველია თუ არაქართველი, კანონმორჩილება ყველას ევალება. ეს იყო უსუსურობის ჩვენება სხვა ეროვნების წარმომადგენლებისთვის, ისევე, როგორც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ე.წ. სამხრეთ ოსეთს ახსენებენ. გასაკვირი არ არის, ხვალ ბორჩალო მოითხოვოს ვიღაცამ, ჯავახეთი ცალკე პრობლემა გახდეს“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე და მიიჩნევს, რომ დღევანდელ საქართველოში ყველაზე სერიოზული წარმატების შანსი აქვს ნაციონალურ, სექსუალურ და რელიგიურ უმცირესობას.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავიდანვე სერიოზული შეცდომები ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, როცა კანდიდატების შერჩევისას არ გაითვალისწინა აზერბაიჯანული მოსახლეობის ნება. მარნეულის მოვლენებზე ამანაც იმოქმედა და ამას დაემატა ნაცმოძრაობის პროვოკაციული გამოსვლები.

„არ მივიჩნევ სწორად, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა მოეხსნა თავისი კანდიდატურა. მერაბ თოფჩიშვილი განაგრძობს ბრძოლას არჩევნებისთვის. 300 ათასამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს საქართველოში, თუმცა სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურ სომხებთან შედარებით, აზერბაიჯანელების უფლებები უფრო ირღვევა. ორ რაიონში - ახალქალაქსა და ნინოწმინდაში კანდიდატურად სომეხი ეროვნების წარმომადგენლები წამოაყენა „ქართულმა ოცნებამ“ და არცერთი აზერბაიჯანელი კანდიდატი არ დაასახელა ქვემო ქართლის რეგიონში. მაშინ, როცა მოსახლეობის 85 % მარნეულში აზერბაიჯანელები არიან. ქალაქ თბილისში 20 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, არცერთი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი არ ყოფილა საკრებულოში წარდგენილი.

ქვემო ქართლში დაპირისპირება ინსპირირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ადრე ცხრა წლის განმავლობაში არცერთი აზერბაიჯანელი არ ჰყოლიათ გამგებლად. როგორც კი შეხედეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ წარადგინა კანდიდატად ეროვნებით აზერბაიჯანელი, მაშინვე თვითონ წარადგინეს აზერბაიჯანელის კანდიდატურა. ახლა პოლიტიკურ სპეკულაციას ეწევიან. არანაირი ეთნიკური დაპირისპირება არ არის აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის. ჩვენთან „ქართული ოცნების“ მომხრეებიც არიან. შეიძლება, ნაცმოძრაობა ამზადებს დაძაბულობას. გამორიცხული არ არის, თუ წააგეს ნაციონალებმა ქვემო ქართლის რომელიღაც ოლქში, დაიწყონ პროვოკაცია.

ნაცმოძრაობის ლიდერები რომ გამოდიან ტელევიზორში და უსირცხვილოდ ხალხს ატყუებენ, ჩვენ კარგები ვიყავით და დღევანდელი ხელისუფლება ცუდს აკეთებსო. გაიხსენონ, ცხრა წლის განმავლობაში რას უკეთებდნენ ქართულ და აზერბაიჯანულ მოსახლეობას?!“ - კითხულობს ალი ბაბაევი.

ჩვენ დავუკავშირდით მერაბ თოფჩიშვილსაც, რომლის საარჩევნო შტაბიც კვლავაც აგრძელებს მუშაობას. მის მხარდასაჭერად გამართული ბრიფინგის გამო თოფჩიშვილს ჩვენი ხმა არ ესმოდა, თუმცა მაინც გვითხრა, რომ ვერ უღალატებდა აზერბაიჯანელ, ქართველ, სომეხ, ბერძენ, რუს, უკრაინელ ამომრჩეველს. ამიტომაც არ მოხსნიდა საკუთარ კანდიდატურას.