ინვესტიციებმა, როგორც იქნა, წინა წლის მაჩვენებელს გადააჭარბა. მართალია, ზრდა დიდი არ არის, მაგრამ მთავრობისთვის ესეც მნიშვნელოვანი წინსვლაა. ის კი არამ ფინანასთა მინისტრი წლის მონაგარში 1-მილიარდიანი გეგმის გადაჭარბებასაც ვარაუდობს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, 2014 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელდა 260 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. ეს მონაცემი 15 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე და ცოტათი ჩამოუვარდება 2012 წლის მაჩვენებელს.
ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში - მთლიანი ინვესტიციების 34 პროცენტი. მეორე და მესამე ადგილზე დამამუშავებელი მრეწეველობა და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაა. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სექტორში, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ინვესტიციების მოზიდვის მხრივ, ლიდერ პოზიციებზე იყო, 88 პროცენტით შემცირდა კაპიტალდაბანდების ნაკადი და პირველი კვარტალისთვის მხოლოდ 5 მილიონი დოლარი შეადგინა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე დიდი მატება, დამამუშავებელ მრეწველობაში, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სექტორშია, სადაც ინვესტიციები დაახლოებით 17 პროცენტით არის გაზრდილი. სამაგიეროდ, 64 პროცენტით იკლო უცხოური ინვესტიციების შედინებამ სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის სექტორებში და 1,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ინვესტიციების მხოლოდ 0.5 პროცენტია.
ამჯერადაც უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია - ამ ქვეყანაზე მთლიანი ინვესტიციების 28 პროცენტი მოდის. ეს ქვეყანა უკვე მეორე წელია, ინვესტიციების შემოდინების მხრივ ლიდერობას ინარჩუნებს. პირველ კვარტალში აღსანიშნავია ევროკავშირის ქვეყნებიდან შემომავალი ინვესტიციების 62-პროცენტიანი ზრდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეცვლილია ინვესტორი ქვეყნების ხუთეული: კერძოდ, ხუთეულს დაემატა თურქეთი, რუსეთი და საუდის არაბეთი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ 2014 წელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, შესაძლოა, 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.
„ეს უკავშირდება ნდობის ზრდას. ინვესტიციები დაბანდებულია ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ტურიზმის სფეროებში. საქართველოს ეკონომიკის ზრდას, უცხოური ინვესტიციების გარდა, განაპირობებს ადგილობრივი ინვესტიციები. გარდა ამისა განაპირობებს ადგილობრივი მოხმარება და დანაზოგები, ექსპორტი. ვფიქრობ, ინვესტიციები 1 მილიარდზე მეტი იქნება, მაგრამ არ დავაკონკრეტებ“, - იმედიანად არის ფინანსთა მინისტრი.
კიდევ უფრო ოპტიმისტური პოზიცია აქვს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. იგი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურს უახლოვდება.
„სულ რამდენიმე კვირაში ხელს მოვაწერთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოს ინტეგრაციას ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მან საქართველოს მთავრობის მთავარი მიზნებიც დააკონკრეტა: მაკროეკონომიკური სტაბილურობა; ღია და სამართლიანი კონკურენცია ბაზარზე; საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი დაცვა; დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობა; ეფექტიანი ფინანსური სისტემები და სტაბილური, პროგნოზირებადი საკანონმდებლო გარემოს შექმნა.
„ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, შეგვიძლია ვიყოთ ხელშემწყობები, მაგრამ ამ შესაძლებლობის გამოყენება სწორედ ბიზნესებზეა დამოკიდებული“, - დასძინა პრემიერმა.