ირაკლი ღარიბაშვილის BBC-ის ეთერში გაკეთებული განცხადებას, იმის თაობაზე, რომ რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ანექსიას არ აპირებს, ნაციონალების მხრიდან დიდი ხმაური მოჰყვა და პრემიერს დამატებითი განმარტებების გაკეთება მოუხდა.
„ხელისუფლების წარმომადგენლების თითოეული სიტყვა არის ასჯერ გაზომილი და მიმართულია მხოლოდ სახელმწიფოს გაძლიერებისკენ... ერთი რელობაა ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო მეორე ის, რომ რუსეთი ამ რეგიონების ანექსიით დაინტერესებული არ არის“, - აღნიშნა პრემიერმა.
ნაციონალები თვლიან, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს და საქართველოს პრემიერი იმეორებს იმ გზავნილებს, რომელიც დაავალეს, რადგან „დასკვნა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ყირიმის სცენარი განმეორდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, არის მცდარი და წარმოადგენს ფუნდამენტურად არასწორ ხედვას“.
შეექმნება თუ არა პრობლემა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მცდარად და არასწორად ხედავს თუ არა ხელისუფლება ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, ამ თემაზე ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
რამაზ საყვარელიძე: პრემიერ-მინისტრმა რაღაც პოზიცია დააფიქსირა - პრემიერ-მინისტრი არ არის რიგითი ექსპერტი, პოლიტოლოგი და მისი პოზიცია, მისი პირადი პოზიცია არ არის. მას ნებისმიერი მსმენელი მიუდგება, როგორც სახელმწიფოს პოზიციას. შესაბამისად, ალბათ, უპრიანია, რომ სახელმწიფოს პოზიცია იყოს სერიოზული.
ამას იმიტომ ვამბობ, ვიღაცაზე რომ თქვან, ის დანაშაულის ჩადენას ფიქრობსო, სალაპარაკოდ სწორედ იმას გავხდით, რომ ეს არასერიოზული ადამიანია და ა.შ. სახელმწიფომ რომ განაცხადოს, რომ რუსეთი ამას ფიქრობს, ამისი არგუმენტები აქვს რეალურად?!
რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია რომ მოახდინა და იარაღით შემოვიდა, მაშინ არ იყო ადეკვატური რეაქცია დასავლეთისა და ახლა, ასეთ განაცხადზე რაიმე სერიოზული რეაქცია შეიძლება ჰქონდეს დასავლეთს? რაც შეეხება რუსეთს, ამით ხომ ზედმეტ საბაბს აძლევ, რომ იქილიკოს, საქართველოს, როგორც ქვეყნის პოლიტიკურ აზროვნებაზე.
ამიტომ ვამბობ, რასაც ნაციონალები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ილაპარაკოს ყველაფერი, რაც ენაზე მოადგება, იყო ნაციონალების პოლიტიკა და ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა დაკარგულ ტერიტორიებამდე. დღესაც აგრძელებენ ნაციონალები პროცესების სტიმულირებას, რომ ხელახლა მოხდეს კონფლიქტი. ასე რომ, რუსეთზე ვინ მუშაობს, კიდევ საკითხავია. ნაციონალებმა ყველაფერი გააკეთეს, რუსეთს ხელი რომ შეწყობოდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში. მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებამ ამ ასპექტის, ანტირუსული პოლიტიკის მიმართ მკაცრი ვერდიქტი არ გამოიტანა, დღეს აგრძელებენ იგივეს. ასე რომ, ნაციონალების ეს კრიტიკა მათი ბრალიც არ არის - მათ მიმართ ჩვენი დაუდევრობის ბრალია.
ნაციონალების განცხადება - „საქართველოს ხელს შეუშლის პრემიერის ასეთი განცხადებები, იმავე მიზანს ემსახურება“?
- ასეთი არასერიოზული განცხადებები რომ აკეთოს ხელს შეუწყობს? რომელ საერთაშორისო ასპარეზზე ახდენენ აპელირებას ნაციონალები, იმაზე, რომელმაც შეშფოთების მეტი ვერაფერი მოახერხა? მერე მოახერხა ცეცხლის შეწყვეტა - ეს უდავო დამსახურება იყო, მაგრამ დანარჩენი ხომ ვერაფერი შეძლო.
დღეს უკრაინასთან ხომ ნამდვილად უნდა საერთაშორისო საზოგადოებას პროცესების შეწყვეტა, შეცვლა და ა.შ. - ახერხებს? ასე რომ, საერთაშორისო საზოგადოებაზე აპელირება, როგორც ყოვლისშემძლეზე, გადაჭარბებულია. და, თუ გადაჭარბებულია, მაშინ საქართველომ უნდა სცადოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა (საერთაშორისო საზოგადოებასთან კონტაქტი, რა თქმა უნდა, არ უნდა დაიკარგოს, ეს რესურსი უდავოდ საჭიროა), რაც შეიძლება, დამატებითი სირთულეები ნაკლებად შექმნას, თორემ მერე ვერც საერთაშორისო საზოგადოება ვეღარ უშველის.
თქვენ აღნიშნეთ, რომ სახელმწიფო მეთაურის მხრიდან არ არის მისაღები ვარაუდების დონეზე განცხადებების კეთება. ექსპერტებს ამ მხრივ, თავისუფლება აქვთ. როგორ ფიქრობთ, რა საფრთხეებია მოსალოდნელი რუსეთისგან?
- ანგარიშგასაწევია ის მოსაზრება, რაც ფიგურირებს ხელისუფლების არგუმენტაციაში - რატომ არ ენდომება დღეს რუსეთს გაიმეოროს უკრაინული სცენარი საქართველოში - იმიტომ, რომ თვითონ უკრაინული სცენარი არ არის დამთავრებული და ამ სცენარმა რუსეთს ბევრი პრობლემა შეუქმნა. ვიდრე ამ პრობლემების მოგვარების სურათი არ გამოჩნდება, იქამდე ალბათ, დამატებითი პრობლემები რუსეთს არ აწყობს.
მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი აფხაზურ-ოსური ტერიტორიების მიერთებისა, დღეს თუ გადაწყდა, საბოლოოდ გადაწყვეტილი იქნება. თუ უკრაინული სცენარი გამოუვიდა ისე, როგორც სურს, რუსეთისგან არ არის გასაკვირი, ეს სცენარი საქართველოში გაიმეოროს.
თუ რამე აკავებს დღეს რუსეთს, არის დასავლეთის დამოკიდებულება, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს ისეთი მუხრუჭი არ არის, გარანტია გვქონდეს, რომ ავარია არ მოხდება. რუსეთი თავისას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე მიიყვანს თუ არა, უცნობია. ეს გაირკვევა მას შემდეგ, თუ რა სახეს მიიღებს დასავლეთის სანქციები, რამდენად მძიმე აღმოჩნდება რუსეთისთვის. მერე შეიძლება ვთქვათ, უკრაინული სცენარი მივიდა თუ არა დასასრულამდე.
არ გამოვრიცხავ, თუ რუსეთი კიდევ გაღიზიანდა დასავლეთზე. პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი რეაქციები ხშირად არის დასავლეთზე გაღიზიანებასთან დაკავშირებული. მან შეიძლება გააგრძელოს ის ნაბიჯები, რომელიც დასავლეთს კიდევ უფრო გააღიზიანებს. 2008 წლის ომი კოსოვოს პასუხი იყო - ღია მუქარაც კი ჰქონდა, რომ თუ კოსოვოს აღიარებთ, მე - აფხაზეთს ვაღიარებო. პრაქტიკულად, საქართველოსთან ომით ის დასავლეთს ებრძოდა.
ყირიმის თემა წამოიწყო „მაიდნის“ ჯინაზე რადგან „მაიდანს“ მკაფიო ანტირუსული განწყობა ჰქონდა - დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ღია მხარდაჭერამ ფაქტობრივად ანტირუსული პოზიცია გამოავლინა და ყირიმის ამბით გასცა ამას პასუხი პუტინმა. თუკი ეს გაღიზიანებები გაგრძელდა, არ არის გამორიცხული პუტინის პასუხი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიერთება გახდეს.
შესაძლებელია თუ არა, „ნაციონალური მოძრაობის“ ამგვარმა განცხადებებმა ზიანი მოუტანოს საქართველოს?
- ეს ისევ საქართველოზეა დამოკიდებული. ნებისმიერი პარტიის განცხადებას ექნება წონა უცხოეთის თვალში, ის გინდ მტერი იყოს და გინდ მეგობარი, თუ პარტიას რომელიც ასეთ განცხადებებს აკეთებს, წონა აქვს საკუთარ ქვეყანაში. თუკი ხელმეორედ, მესამედ, მეოთხედ ნაციონალები ისევ გავხადეთ თუნდაც წამყვან ოპოზიციურ პარტიად, რა თქმა უნდა, მათ ყველა განცხადებას ყურადღებას მიაქცევენ - ხოლო მათი ყველა განცხადება კონფრონტაციულია.
ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენი ხელისუფლებების მიმართ საყვედურს, რომ მათ არ აინტერესებთ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და მის დაკარგვას შეგუებულები არიან. ხელისუფლებას აქვს რეალური ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა?
- როცა საყვედურობ არ უნდაო, ჯერ ის უნდა გაარკვიო, შეუძლია თუ არა. თუ არ შუძლია, გინდ უნდოდეს, გინდ - არა, სიტუაცია მაინც ერთნაირი იქნება. შეძლების მხრივ, ეჭვი მეპარება, რომ ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა - დეტალურად აღარ ჩამოვთვლი კოდორის თუ სამხრეთ ოსეთის გაფართოების ნაბიჯებს, „მონადირის“ გაუქმებას და ა.შ. მთელ იმ ნაბიჯებს, რომელმაც კიდევ უფრო გაამყარა რუსული გავლენა სეპარატისტულ რეგიონებზე.
მაგრამ, მეორე მხრივ, წესით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისი, გამოუცხადებელი, არამანიფესტირებული, ფარული მოქმედებების არსენალი, რომელიც გაზეთებში არ იქნება, მაგრამ პროცესებს წარმართავს. ასეთი მოქმედებების საქმის კურსში არ ვარ, მაგრამ ალბათ, რაღაც მსგავსი პროცესები მიდის. საქართველოს მხრიდან შესაძლებლობები რომ იყოს კიდეც, ძლიერი ისინი ვერ არის და ვერც იქნება, რადგან წინაპირობებია ძალიან მძიმე - საქართველომ არაფერი არ გააკეთა მთელი 70 წლის განმავლობაში, რომ აფხაზური პრობლემა მშვიდობიანად და რაციონალურად მოეგვარებინა, არ დაეტოვებინა აფხაზები ანტიქართულ ემოციებთან მარტო.
ოსებთან დაკავშირებით ჯერ გამსახურდიამ დაუშვა შეცდომები და შემდეგ - სააკაშვილმა. ამ თვალსაზრისით, დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, დღეს უკვე ძალზე ცოტა რესურსია. მაგრამ, ნაწილობრივ, რუსეთი შეიძლება გაგვიჩნდეს ამ საქმეში მოკავშირედ, რადგან მან ბევრი ისეთი რამ გააკეთა აფხაზეთში, რომ აფხაზებმა აშკარად იგრძნეს თავიანთი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის სიმყიფე - იგრძნეს, რომ რუსეთზე დამოკიდებულება მათ განადგურებას შეიძლება, ნიშნავდეს.
ამ ფონზე უკვე ჩნდება შანსი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზები დაინახავენ, რომ მათ ქართველები როგორც საკუთარ მოქალაქეებს, ისე ეპყრობიან, ადამიანური დამოკიდებულების ფონზე, კიდევ არსებობს პერსპექტივა. ურთიერთობა გაგვიფუჭა ქართველების არასწორმა დამოკიდებულებამ აფხაზების მიმართ. დღესაც ვამბობთ ტერიტორიების დაბრუნებას და არა ურთიერთობის აღდგენას. ეს შცდომა თავიდანვე იყო - ტერიტორია გვეძვირფასებოდა და ადამიანებს ყურადღებას არ ვაქცევდით. ამ ადამიანებმა პროტესტი გამოხატეს და ისინი აბსოლუტურად მართლები იყვნენ ამაში.