„იციან,ზუგდიდში არჩევნები წაგებული აქვთ და ამიტომ მიდიან ყველანაიარ სიბინძურეზე“

„იციან,ზუგდიდში არჩევნები წაგებული აქვთ და ამიტომ მიდიან ყველანაიარ სიბინძურეზე“

თენგიზ გუნავა პრემიერ-მინისტრს პროკურატურაში უჩივის. ზუგდიდის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშილის მიერ, მის მიმართ გაკეთებული ბრალდებების თაობაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. როგორც ცნობილია, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეში თენგიზ გუნავაც ფიგურირებს, გამოძიების ოფიციალური ვერსიით კი, ამ საქმეში ერთადერთი ბრალდებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი რომან შამათავაა.

For.ge-სთან ინტერვიუში გუნავა ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნოდ მიზანმიმართულად მოხდა მისი სახელის დისკრედიტაცია, იმ მოტივით, რომ როგორც ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი, არჩევნებს იგებს.

ბატობო თენგიზ, რატომ გადაწყვიტეთ პრემიერის წინააღმდეგ მიგემართათ პროკურატურისთვის და კონკრეტულად, რასთან დაკავშირებით შედგა სარჩელი?

- შევიტანე საჩივარი როგორც საოლქო პროკურატურაში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქმე ეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის შემდეგაც ზუგდიდში ძალადობრივი პროცესები დაიწყო. ჯერ გაჭირვებული ოჯახი გამოიყენეს და შემდეგ „ოცნების“ აქტივისტები ჩაერთვნენ აქციებში. ამის გარშემო შედგა სარჩელი.

პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკურად გამოიყენა ოჯახის ვითარება, წააქეზა და „ოცნების“ აქტივისტები მიუსია ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს. წინასაარჩევნოდ ჩვენი პარალიზება მოახდინეს, ხალხი დაუპირისპირეს ერთმანეთს. პრემიერმა უაპელაციოდ დამადანაშაულა ისე, რომ არც პროკურატურას და არც შსს-ს ჩემთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ. ამის გამოძიებას ვითხოვ და უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინც საჭიროა. თუმცა დიდი იმედი არ მაქვს, რომ პროკურატურა ამ საქმეს გამოიძიებს.

თქვენ ფიქრობთ, მოკლული ქარდავას და ცინდელიანის ოჯახებიც პრემიერმა წააქეზა?

- პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი. არგუმენტების გარეშე დამადანაშაულა. სხვათა შორის, „ქართული ოცების“ შტაბიდან მქონდა ინფორმაცია, რომ არჩევნებამდე 10 დღით ადრე ეს მოხდებოდა. „ქართული ოცნების“ აქტივისტები აცხადებდნენ, რომ გუნავა თავს მოიხსნის, დაიჭერენ ამ საქმეზე და ა.შ. მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ეს ინფორმაცია. იციან, რომ ზუგდიდში არჩევნები წაგებული აქვთ და ამიტომ მიდიან ყველანაიარ სიბინძურეზე. მე შევხვდი ოჯახს, არანაირი პრობლემა მათთან არ მაქვს. მზად ვარ, რომ ნებისმიერ დროს პასუხი გავცე ჩემი მისამართით დასმულ კითხვებს. წინასაარჩევნოდ კი არ უნდა გამოიყენონ ასეთი სიბინძურეები, არამედ გამოიძიონ, მიიყვანონ საქმე ბოლომდე, საზოგადოებას უთხრან სიმართლე - დაწყებული რაფალიანცის საქმეებიდან და დამთავრებული ამ საქმეებით. რატომღაც არჩევნებამდე ათი დღით ადრე გაახსენდათ ეს საქმე.

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, ორივე მკვლელობაში ფიგურირებს რომა შამათავა, ოფიციალურად თქვენი გვარი, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, არ ფიგურირებს, თუმცა, ოჯახის წევრები ღიად აცხადებენ, რომ თქვენ ხართ მკვლელობის თანამონაწილე და ითხოვენ თქვენს დასჯას. ქარდავას ძმა ამბობს, რომ მთელი ორი თვის განმავლობაში მას აიმედებდით, რომ პაატა კარგი ბიჭია და არავინ არ მოკლავდაო...

- არსად გაქცევას არ ვაპირებ, მზად ვარ ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი, მაგრამ ეს გამოყენებულია უშუალოდ პოლიტიკური მიზნებისთვის. სამწუხაროდ, ოჯახს იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოითხოვონ ჩემი დასჯა. მზად ვარ ნებისმიერ დროს პასუხი გავცე ჩემი მისამართით დასმულ კითხვებს.

როგორც მეუბნებიან ჩვენებები აღებული აქვთ 7 თუ 8 თვის წინ, მაგრამ რატომღაც არჩევნებამდე 10 დღით ადრე გაახსენდათ ეს ფაქტები. ხომ შეეძლოთ, თავიდანვე გაეხმაურებინათ ეს საქმე? მიზანმიმართულად გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, წააქეზა ეს ადამიანები და გამოიყენა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. აბსოლუტურად სუფთა ვარ სინდისის და ოჯახის წინაშე. ეს არის მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ.

თქვენ ამბობთ, რომ მიზანიმართულად მოხდა წინასაარჩევნოდ თქვენი სახელის დაკავშირება ამ საქმეებთან, მაგრამ შამათავას შემთხვევაშიც წინასაარჩევნოდ გაკეთდა? ის არ არის და არც ყოფილა პოლიტიკური ფიგურა...

- კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურატურას, შსს-ს, რომ გამოიძიონ, დადონ ფაქტები და ამის შემდეგ ვისაუბროთ.

საქმე, რომელშიც ბრალდებულია შამათავა, გმობთ ამ სისასტიკეს?

- ამდენი წელია სისტემაში ვარ და კარგად ვიცი... პრემიერ-მინისტრმა თავის დროზე გადაწყვიტა ჩემი მოშორება ბინძური მეთოდებით, იარაღი და ნარკოტიკი ჩამიდეს. სამჯერ დამიჭერეს და სამივეჯერ გამოვედი. ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა - ძალიან სამწუხაროა, რომ გამგებლობის კანდიდატი გუნავა ფიგურირებს ამ საქმეშიო. რატომ მანამდე არ დაისვა ეს კითხვები და რატომ ახლა? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ყველა კითხვას გავცე პასუხი.

ბატონო თენგიზ მიპასუხეთ კითხვაზე, თქვენ თუ გმობთ ამ დანაშაულს?

- რა თქმა უნდა, ვგმობ ყველა სისასტიკეს. მოდით, ბოლომდე გამოიძიონ საქმე და ანახონ საზოგადოებას, რა, როგორ და რანაირად. ოჯახის წევრებს და საზოგადოებას უთხრან სიმართლე, თუ არიან ესენი რამის გამკეთებლები.

თქვენ, როგორც რეგიონის პოლიციის უფროსმა რა გააკეთეთ იმისათვის, რომ გაგერკვიათ სად მიდიოდა და სად იკარგებოდა გაუჩინარებული ადამიანების კვალი? ეს ადამიანები დილით დააკავეს და იმავე დღეს მოკლეს. ქარდავას შემთხვევაში მისი პირადი მანქანა შეგებულად დატოვეს ხურჩის საზღვართან...

- რაც იყო მაშინ და რასაც თქვენ მეუბნებით, ჯერ გამოძიებამ დაადგინოს. ჩვენ რა საგამოძიებო მოქმედება ჩავატარეთ, ეს ოჯახმაც იცის. იცით მაშინ რა პერიოდიც იყო და... ასე რომ, დაველოდოთ და ვნახოთ ამათ მიერ ჩატარებული გამოძიება.

გასაგებია, მაგრამ, თქვენ რა გააკეთეთ კვალის დასადგენად და დამნაშავეთა დასასჯელად? ეს იყო ის პერიოდი, როდესაც სახელმწიფო ხსნიდა ისეთ უმძიემეს დანაშაულს, როგორიც არის უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა, სატელეფონო საუბრების საშუალებით ხდებოდა დანაშაულის გახსნა, სწორედ ამიტომ გეკითხებით, რატომ ვერ შეძლო მაშინ პოლიციამ ამ ადამიანების კვალის დადგენა?

- ყველა დანაშაული ხომ არ შეიძლება უცებ გაიხსნას. მიდიოდა საგამოძიებო მოქმედებები, იყო ძალიან რთული ვითარება. ასე ვთქვათ, დაგვიანდა ექსპერტიზა, ათასი რაღაცეებია და დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ ახლა.

რა რთული პერიოდი იყო, რამაც გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებაში ხელი შეგიშალათ?

- რუსები იყვნენ საქართველოში შემოჭრილი, მიმდინარეობდა ომი, ორი პოლიციელი მოგვიკლეს, იყო ათასი რაღაცეები... რა მოქმედებას აკეთებდა პოლიცია, ამ დეტალებს მართლა ვერ გეტყვით. იხსნებოდა გარკვეული დანაშაული, მაგრამ ვერ იხსნებოდა გარკვეული დანაშაული. ახლაც ასეა, ძალიან ბევრი დანაშაული არ იხსნება, პირიქით, ძალიან ბევრი იმალება კიდევაც.

ბატონო თენგიზ, როგორც პოლიციის უფროსი თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას კონკრეტულად ამ საქმეებთან დაკავშირებით?

- მე ვარ მართალი კაცი, სინდისის, ქვეყნის და ოჯახების წინაშე. მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი, მეტი რა ვქნა? ამ პერმიერ-მინისტრმა, რომელმაც დაიწყო წინასაარჩევნოდ ეს პროცესები, ასევე გამოძიებამ, კეთილი ინებონ და ბოლომდე გასცენ ამ კითხვებს პასუხი.

გასაგებია, მაგრამ მე გკითხეთ, თუ გრძნობთ თქვენს წილ პასუხისმგებლობას? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ამ ადამიანების მკველობის საქმის გამოძიება ვერ შესძლო მაშინ პოლიციამ, ოჯახმა ისიც კი არ იცოდა წლების განმავლობაში, ისინი გარადაცვლილები იყვნენ, თუ დაკავებულები...

- რაღაცა დანაშაული იხსნება, რაღაცა არა. დღესაც ხდება და ყოველთვის იქნება. ყველა დანაშაული არ შეიძლება გაიხსნას, დრო უნდა... შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს, შეიძლება უცებ გაიხსნას. ეს ოპერატიულობაზე და მოქმედებაზეა დამოკიდებული. დანარჩენი რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, მითხარით. რა პასუხისმგებლობაც მქონდა აღებული ვასრულებდი, არავის არ ვემალებოდი და არავის არაფერს არ ვუმალავდი.

შამათავას ბრალეულობაზე რა შეგიძლიათ თქვათ?

- დაადგინოს გამოძიებამ და ვნახოთ. ის იყო ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსი, აფხაზეთის მიმართულება ჰქონდა ჩაბარებული. ვიცობდი და ნორმალური ურთიერთობა მქონდა, როგორც სხვა სტრუქტურის თანამშრომლებთან.

შამათავასთვის ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მოითხოვთ მისი კანონის შესაბამისად დასჯას?

- მესმის საით მიგყავთ საუბარი. თუ გამოიკევეთება დანაშაული, ამის მერე გავაკეთებ კომენტარს.

რა მიმართულებით მიმყავს?

- თქვენ დაინტერესებული უნდა იყოთ, რომ ობიექტურად წარიმართოს გამოძიება.

ამიტომაც გეკითხებით ბატონო თენგიზ დეტალებს...

- იმედია, რომ სხვებსაც დაუსვამთ კითხვებს.

აუცილებლად დავუსვამთ ამ კითხვას ყველას, ვისაც კი ამ საქმეებთან რაიმე სახით ჰქონდა შეხება...

- კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჩემი სახელის მიზანიმართული დისკრედიტაცია. მე სხვას არაფერს ვითხოვ გარდა იმისა, რომ ბოლომდე მიიყვანონ გამოძიება.