[დავით კირვალიძე]
საქართველოს ეკოლოგიის თვალსაზრისით, არა უშავს რა და, რეგიონის ლიდერიცაა, მაგრამ ჩვენ ეკოლოგიას მეზობლები საფრთხეს უქმნიან. ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” თავმჯდომარის მანანა ქოჩლაძის განცხადებით, სომხეთ-საქართველოს საზღვართან 10-15 კილომეტრში, თეგუტის ხეობაში (სომხეთი) სომხური კომპანია armenian copper program-ი სპილენძისა და მოლიბდენის მოპოვების და პირველადი გადამუშავების სამუშაოებს ახორციელებს.
საწარმოო ტოქსიკური ნარჩენების, ნახევრად თხევადი მასის განთავსება კი სპეციალურად აშენებულ დამბაში ხდება. მართალია, დამბა ახლომდებარე მდინარეებს ამ ნარჩენებისაგან იცავს, თუმცა დამბის დაზიანების ან ჭარბი ნალექის შედეგად მისი დატბორვის შემთხვევაში სერიოზული რისკი არსებობს:
უარეს შემთხვევაში მიმდებარე ნიადაგი ტოქსიკური ნარჩენებით მოიწამლება და ათეულობით წლების განმავლობაში გამოუსადეგარი იქნება, უკეთეს შემთხვევაშე კი ეს ნარჩენები მდინარე დებედაში მოხვდება, რომელიც სომხეთიდან საქართველოში მოედინება და მდინარე ხრამს უერთდება.
მანანა ქოჩლაძის განცხადებით, ჯერ კიდევ 2009 წელს, სანამ სომხური კომპანია სპილენძისა და მოლიბდენის მომპოვებელ საწარმოს ააშენებდა, “მწვანე ალტერნატივამ” საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა, რათა მას armenian copper program-გან იმ რისკების შესწავლა და მართვის გეგმა მოეთხოვა, რაც საქართველოს ამ საწარმოს მუშაობისას დაემუქრებოდა.
მაშინ გარემოს დაცვის სამინისტრომ დუმილი არჩია იმ მოტივით, რომ საქართველო “ესპოს” კონვენციას - “ტრანსსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” - მიერთებული არ იყო. მართალია, საქართველო ამ კონვენციას დღემდე ვერ მიუერთდა, თუმცა “მწვანე ალტერნატივა” მიიჩნევს, რომ ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ არმენიან ცოპპერ პროგრამ-გან რისკების შესწავლა და მართვის გეგმა კატეგორიულად უნდა მოითხოვოს.
“კომერსანტ.ჯი-ს” ინფორმაციით, საწარმოს ინდუსტრიული ნარჩენები, რაოდენობის მიხედვით, სომხეთში ყველაზე დიდია და 180-200 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ეს ყველაფერი კი შეიძლება მაშინ მოხდეს, როდესაც საქართველოს ეკოლოგიური ინდექსი რეგიონის ქვეყნებს შორის საუკეთესოა.
მსოფლიოს საერთო ეკოლოგიური ინდექსების მიხედვით, რომელიც იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მეცნიერების ჯგუფმა შექმნა, ყველაზე მაღალი ინდექსი ისლანდიას და შვეიცარიას აქვს. მესამე ადგილი კოსტა-რიკას უჭირავს, რომელიც ეკოტურიზმის სტიმულირებას ახდენს და ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას მკაცრად იცავს.
მსოფლიოში ყველაზე ცუდი ეკოლოგიური ინდექსი არაბთა გაერთიანებული საემიროებსა და ნიგერიას აქვს, რომლებიც 163 ქვეყნიან სიას ასრულებენ.
პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან საუკეთესო ეკოლოგიურ ინდექსს ლატვია ფლობს, რომელსაც ლიტვა, ბელორუსი და ესტონეთი მოსდევს. რაც შეეხება საქართველოს, 163 ქვეყანას შორის მას 59-ე ადგილი უჭირავს. რეგიონის დანარჩენი ქვეყნებიდან სომხეთი 76-ე, თურქეთი 77-ე, ხოლო აზერბაიჯანი 84-ე ადგილზეა.
ეკოლოგიის ინდექსი 25 კრიტერიუმის მიხედვით იქნა გამოყვანილი და იგი მსოფლიოს ქვეყნებში გარემოს მდგომარეობას განსაზღვრავს. ინდექსის კრიტერიუმებში შედის როგორც სასმელი წყლის, ჰაერის ზოგადი მდგომარეობა და ნარჩენებისადმი დამოკიდებულება, ასევე სახელმწიფო პოლიტიკა ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და გარემოს გაუმჯობესებასთან მიმართებაში.