[ლელა კობერიძე]
სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის მწარმოებელი კომპანიების შემოწმებას “წარმატებით” აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკვები პროდუქტების დაბალ ხარისხზე მუდმივი პრეტენზიებია, სააგენტომ ჯერჯერობით ვერცერთი უხარისხო პროდუქტი ვერ აღმოაჩინა. თუ საგენტოს წარმომადგენლებს დავუჯერებთ, ქართველები საერთაშორისო სტანდარტის საკვები პროდუქტით ვიკვებებით.
სურსათის ეროვნული, ამჯერად ინსპექტირებას რძის მწარმოებელ კომპანიებში “ვიმბილდანსა” და “ნატურალ პლუსში” განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 2011 წლის 3 იანვრიდან ძალაში შევიდა ყველა ტიპის სურსათის-ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოთა სახელმწიფო კონტროლი. ინსპექტირება უკვე განხორციელდა ოცამდე ხორცისა და რძის გადამამუშავებელ საწარმოში, სასაკლაოსა და მეფრინველეობის ფაბრიკებში. გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, თუმცა არცერთ საწარმოში კრიტიკულ შეუსაბამობას ადგილი არ ჰქონია.
უახლოეს პერიოდში ინსპექტირებას დაექვემდებარება მარკეტები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები. 2011 წელს დაგეგმილია სააგენტოს უფლებამოსილი მოხელეების მიერ 200-მდე მაღალი რისკის საწარმოს ინსპექტირება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის დავით კობერიძის განმარტებით, თუ ბიზნესოპერატორს აქვს შეუსაბამობა კანონმდებლობასთან მიმართებაში, ინსპექტორის მოვალეობაა, მიუთითოს ამ შეუსაბამობის შესახებ და ბიზნესოპერატორმა შესაბამის ვადაში მოახდინოს მისი აღმოფხვრა.
როგორც სააგენტოსთვის, ისე ბიზნეს ოპერატორისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე განთავსდეს უვნებელი სურსათი და ეს ამოცანა მიიღწევა მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის გზით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოში წარმოებული რძისა და ხორცის პროდუქტები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ჩვენ რძის მწარმოებელი კომპანიების მიმართ ამავე სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მეტრეველის პრეტენზიების შესახებ არაერთხელ ვწერდით. მეტრეველი აცხადებდა, რომ რძის მწარმოებელ კომპანიებს მომხმარებელი შეცდომაში შეყავდათ, ვინაიდან მათ პროდექციას ეტიკეტზე ნატურალური ეწერა, სინამდვილეში კი იგი რძის ფხვნილისგან ან გაურკვეველი მინარევებისგან მზადდებოდა.
მსგავს პრობლემებზე ახალი ხელმძღვანელი აღარ საუბრობს. ამ დუმილის მიზეზი ორია - ან კომპანიებმა დარღვევები გამოასწორეს, ან კიდევ ახალი ხელმძღვანელს წინამორბედის მსგავსად სამსახურის დაკარგვა აშინებს.
ასე რომ, გამოდინარე იქიდან, რომ მსხვილ ბიზნესთან ხელისუფლებას საკმაოდ “მეგობრული” ურთიერთობა აქვს მომხმარებელი სინამდვილეს მაინც ვერ გაიგებს. არადა, მთავრობამ სურსათის მწარმოებლების მასობრივ შემოწმებისთვის “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” კანონში ათასგზის გადადებული ინსპექტირების მუხლების ამოქმედება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ბაზარზე უამრავი უხარისხო საკვები იყიდებოდა. თუმცა, კანონის ამ მუხლის ამოქმედება, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის გამო არ მიიღეს, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ კანონის დამრღვევთათვის არანაირი სანქციები არ არსებობს.
გარდა ამისა, ამ კანონის ამოქმედებით, მთავრობა მსხვილი კომპანიების ფიარსაც ახდენს, რომ მათთან ყველაფერი წესრიგშია და შემოწმებული კომპანიების წარმოების ხარისხი საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება.
სინამდვილეში, სურსათის შემოწმების გადაწყვეტილება მთავრობამ ევროკავშირის მოთხოვნით მიიღო, ამ მუხლს გარეშე ევროკომისია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის საყოველთაო ხელშეკრულებაზე მუშაობას არ დაიწყებდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომხმარებელი საკვები პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით ხშირად გამოთქვამს პრეტენზიებს. ამ ფაქტს, კომპანიები მაღაზიების დაუდევრობით ხსნიან და აცხადებენ, რომ პროდუქტი შენახვის ნორმების დარღვევის გამო ფუჭდება.
“ჩვენ ერთ-ერთი კვლევის დროს სხვადასხვა სუპერმარკეტებიდან ამოვიღეთ ერთსა და იმავე დღეს გამოშვებული ერთი და იგივე რძის პროდუქტი. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი კარგ მდგომარეობაში იყო, ზოგი კი გაფუჭებას იწყებდა. არის შემთხვევები, როდესაც მაღაზიები ამა თუ იმ პროდუქტს დიდი რაოდენობით იღებს, მას საწყობში აწყობს და სამაცივრო დახლზე მხოლოდ მაშინ გამოაქვთ, როცა წინა პარტიას ამოყიდის. ასეთ შემთხვევაში პროდუქტი ფუჭდება”, - ამბობს მომხმარებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე.
თუმცა, როგორც ჩანს, სინამდვილე სხვაა, ქართველი მოსახლეობა ყველაზე მაღალი ხარისხის უვნებელი საკვებით იკვებება.