ფულით ნაყიდი საერთაშორისო რეიტინგები

ფულით ნაყიდი საერთაშორისო რეიტინგები

[ეკა ბაქრაძე]

საქართველომ მიიღო “პოზიტიური” რეიტინგი, რომელიც ქვეყანას არაფერ პოზიტიურს არ მოუტანს. საერთაშორისო სააგენტოების მიერ მინიჭებული რეიტინგებს უკვე კარგა ხანია ყურადღებას არავინ აქცევს. ამის დასტურია ის, რომ ქვეყანაში ინვესტიციები აღარ შემოდის, ხოლო ეკონომიკური მაჩვენებლები მხოლოდ ქაღალდზე უმჯობესდება. როგორც ექსპერტები აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის რეიტინგის გამოქვეყნებისთვის სააგენტოებს ოფიციალურად გარკვეულ თანხას უხდის.

 

საერთაშორისო სააგენტო FITCH-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი “სტაბილური” “პოზიტიურით” შეუცვალა. როგორც სააგენტოს პრესრელიზშია ნათქვამი, პოზიტიური პროგნოზი ასახავს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას, ქვეყნის საბიუჯეტო და მიმდინარე ანგარიშების დეფიციტის კლებას, სიჯანსაღეს ფინანსური სექტორისა და პოლიტიკური რისკების შემცირებას. FITCH-ის პროგნოზით, საქართველოში 2011 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ უნდა შეადგინოს 5%, ხოლო 2012 წელს - 6%.

 

სააგენტო ასევე მიესალმება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ტენდენციას. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2010 წელს საბიუჯეტო დეფიციტი 6,6%-მდე შემცირდა, 2009 წელს არსებული 9,2%-დან. 2011 წელს მთავრობა გეგმავს ბიუჯეტის დეფიციტის 3,9%-მდე შემცირებას, ხოლო დეფიციტმა 2012 წელს 3,1% უნდა შეადგინოს.

 

საქართველოს პრემიერის აპარატში FITCH-ის რეიტინგს სიხარულით შეეგებენ. “რეიტინგის პროგნოზის შეცვლა, მსოფლიოში მიმდინარე რთული ეკონომიკური პროცესების ფონზე, მნიშვნელოვანი წარმატებაა”, - აღნიშნა გილაურის პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა.

 

“სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა, რაც გამოწვეულია ტურისტთა გაზრდილი რაოდენობით საქართველოში, ელექტროენერგიის ექსპორტით და სხვა ფაქტორებით. ქართული საბანკო სექტორი არის უფრო ძლიერი, დეპოზიტები იზრდება, ასევე იზრდება ბანკების მოგება, გაუმჯობესდა მათი აქტივების ხარისხი”, - აცხადებს მჭედლიშვილი.

 

გარდა ამისა, FITCH-ი აღნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანური განვითარების ფაქტორი ძალიან მაღალია, შექმნილია ხელსაყრელი ბიზნესგარემო, დაბალია კორუფცია, ძლიერია მთავრობის ადმინისტრირება და ქვეყანას აქვს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა.

 

მთავრობისა და უცხოური სააგენტოს აღტკინებას არ იზიარებენ ქართველი ექსპერტები. დავით ნარმანიას განცხადებით, საერთაშორისო სააგენტო FITCH-ი უფრო რეფორმების შეფასებაზეა ორიენტირებული, ვიდრე სიღრმისეულ კვლევებზე.

“სუვერენული რეიტინგის პროგნოზის “პოზიტიურით” შეცვლა ქვეყნის რეიტინგის დიდი წანაცვლება არ არის. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ FITCH-ი, ძირითადად, რეფორმებს აფასებს და სიღრმისეული კვლევებით არაა დაკავებული”, - განაცხადა ნარმანიამ და იქვე დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის რეიტინგის გამოქვეყნებისთვის სააგენტოს ოფიციალურად გარკვეულ თანხას უხდის.

 

“საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სააგენტოს შორის გაფორებული ხელშეკრულების თანახმად, FITCH-ი ჩვენს რეიტინგს სხვადასხვა მიმართულებით იკვლევს და თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს. მსგავსი ურთიერთობა აქვს მთავრობას “ფორბსთან”, - აღნიშნა ნარმანიამ.

 

ეკონომიკის ექსპერტს, ლევან კალანდაძეს მიაჩნია, რომ საერთაშორისო რეიტინგები ხელისუფლებისთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს, რის მიხედვითად პრიორიტეტები განისაზღვრება.

 

“ის მეთოდიკა, რა მეთოდიკასაც ესა თუ ის სარეიტინგო კომპანია იყენებს ძალიან განსხავავდება რეალობისგან, რაც ამა თუ იმ ქვეყანაში და სფეროებშია. რეიტინები, როგორც წესი, ეფუძნება ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. სარეიტინგო კომპანიები პირდაპირ ზონდირებულ შემოწმებას ქვეყანაში არ ახდენენ, მაგალითად, როგორიცაა მონიტორინგის ჯგუფის გამოგზავნა და ბაზარზე მიმდინარე მოვლენების კვლევა.

 

FITCH-იც და სხვა სარეიტინგო კომპანიებიც ოფიციალურ მონაცემს იღებენ და, შესაბამისად, ამ “მონაცემის ფორმულებში ჩასმით” გამოდის კოეფიცინტი, რომელსაც შეესაბამება კონკრეტული რეიტინგი. საქართველოს ბოლო დროინდელი ოფიციალური ეკონომიკური პარამეტრები უმჯობესდება, მაგრამ ეს არ არის ის სურათი, რაც რეალურად ქართულ ეკონომიკაშია”, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

 

ექსპერტის თქმით, დღეს მსოფლიოში მნიშვნელოვანი ახალი ტერმინი გაჩნდა - “ზრდა განვითარების გარეშე”. “ეს არის სწორედ ის, რაც საქართველოში ხდება”, - მიაჩნია კალანდაძეს.

 

“რეიტინგები არ არის მნიშვნელოვანი ინვესტორებისთვის, ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებას ამის მიხედვით. რეიტინგი უფრო მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, რომელმაც რეიტინგებში პოზიციონირებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები, გამოვლინოს სუსტი წერტილები, მოახდინოს პრიორიტეტების გადახედვა და სტრატეგიის ჩამოალიბება, როგორ იხელმძღვანელოს დრიოს გარკვეულ პერიოდში”, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

 

ეკონომიკის ექსპერტი რევაზ საყევარიშვილი კი აცხადებს, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია FITCH-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება საზოგადოების ფართო ფენებზე პირდაპირ არ აისახება.

 

მას აღნიშნული კომპანიის მიერ სუვერენული რეიტინგის პროგნოზის “სტაბილურიდან” “პოზიტიურით” შეცვლა ქვეყნისა და კომპანიებისათვის მნიშვნელოვნად მიაჩნია, რადგან “ამით ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი ინვესტორებისათვის უფრო მიმზიდველი ხდება”.

 

“ეს რეიტინგი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ იმ კომპანიებისთვისაც არის მნიშვნელოვანი, რომლებიც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების ბადეში არიან მოქცეულნი. ასეთები კი, ძირითადად, კომერციული ბანკები არიან. საერთაშორისო სააგენტოებმა ქვეყნის რეიტინგთან ერთად, შესაძლოა, მათი რეიტინგიც აამაღლოს.

 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ახალი ფინანსების ახალი პირობებით მოზიდვაზე მათ ხელი კიდევ უფრო მიუწვდებათ. 2008 წლის აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა. ახლა კი მისი ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად გაუმჯობესების ტენდენცია იკვეთება. ესე იგი, ქვეყანას უფრო სანდოდ მიიჩნევენ”, - აღნიშნა რევაზ საყევარიშვილმა და დასძინა, რომ ეს უცხოელ ინვესტორებს საქართველოთი კიდევ უფრო დააინტერესებს.

 

რაც შეეხება რეიტინგის გაუმჯობესების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ყოფაზე ასახვას, ექსპერტის განცხადებით, ამას პირდაპირი და მყისიერი ეფექტი არ ექნება.

 

“რეიტინგების გაუმჯობესება თუ გაუარესება საზოგადოების ფართო ფენებზე პირდაპირ, მყისიერად არ აისახება ხოლმე. ირიბად კი თავის ასახვას აუცილებლად ჰპოვებს”, - აღნიშნა საყევარიშვილმა.