გარდა ამისა, ბოლო პერიოდში გახშირდა ბოტულიზმის შემთხვევებიც, რადგან ადამიანები ჯერ კიდევ მოიხმარენ დაკონსერვებულ საკვებს. მოკლედ, სანამ გაზაფხული ძალებს კარგად არ მოიკრებს, მანამ ამ დაავადებების აღმოფხვრას არ უნდა ველოდოთ.
ბოლო 2 დღეში სეზონურმა ვირუსმა კიდევ სამი ადამიანი იმსხვერპლა. ერთ-ერთი გარდაცვლილი - ორსულია. სამივე შემთხვევა საქართველოს რეგიონებში დაფიქსირდა. ექიმები ფატალური შემთხვევების მიზეზად დაგვიანებულ მკურნალობას ასახელებენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ზოგადად სეზონური გრიპების გავრცელების რიცხვმა იკლო. შემცირდა როგორც სტაციონარში მყოფი პაციენტების რიცხვი, ასევე ჯანდაცვის სექტორებში მიმართვინეობა. თუმცა, ჯერ კიდევ რჩება ცალკეული შემთხვევები რომლებიც ლეტალურად სრულდება.
”სულ გამოვლენილია, დაახლოებით, 900 მდე ავადმყოფი. აქედან, ამჟამინდელი მონაცემებით 32 გარდაიცვალა. ზოგადად გრიპი არის ისეთი დაავადება, რომ ხანდახან, თუმცა იშვიათად შეიძლება დაკავშირებული იყოს ძალიან მძიმე გართულებებთან, მათ შორის, ფატალურ დასასრულთანაც. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყოველი გარდაცვალება არის ტრაგედია, მაგრამ სტატისტიკური თვალსაზრისით თუ ვისაუბრებთ, ეს რიცხვი არ აჭარბებს საშუალო მაჩვენებელს”, - აცხადებს დავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი კანდელაკი.
ბოლო მონაცემებით გრიპით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული სულ 864 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან H1N1-ის 567 შემთხვევაა დადასტურებული. ”B” ტიპის ვიტუსის 267 შემთხვევა, 1 - H3N2-ის შემთხვევა იყო. სულ გარდაცვლილია 32 ადამიანი.
ზამთრის კიდევ ერთი დაავადება ბოტულიზმია. იგი ზათარს იმდენად უკავშირდება, რამდენადაც წლის ამ პერიოლში დაკონსერვებულ საკვებს მოიხმარენ. ბოლო პეროდში ეს დაავადებაც ”გააქტიურდა”.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბუტულიზმის დიაგნოზით ამ დღეებში ორი პაციენტი მოათავსეს. 77 წლის მამაკაცი და და მისი შვილიშვილი მარნეულის რაიონის სოფელ ხისანიდან ჩამოიყვანეს.
როგორც საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში განაცხადეს, მოხუცებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მოწამვლას თან ერთვის ფილტვის ანთებაც, რომელსაც პაციენტი ბოლო სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. ეს გარემობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარებას კიდევ უფრო ამძიმებს. ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, თუმცა ისიც ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მოწამვლის მიზეზი სავარაუდოდ სახლში დამზადებული პომიდვრის კონსერვი გახდა, რომელიც ბაბუამ და შვილიშვილმა 5 დღის წინ მიირთვეს.