სქემა გაშიფრულია...

სქემა გაშიფრულია...

ზეგავლენით ვაჭრობისა და განსაკურებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიორგი ღონიაშვილი, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ქვისლი დააკავა. საქმეში ასევე ფიგურირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გვარი. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, გამოძიება ინტენსიურად გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.

ამ ეტაპზე გამოძიებით დგინდება, რომ გიორგი ღონიაშვილისათვის ცნობილი იყო რა, რომ შპს „გუდაური სქაი რესორტის“ მფლობელს ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ჰქონდა კომპანია „BROOKTRADE“, შესთავაზა მას წინასარჩევნოდ პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დახმარება, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. დახმარება გამოიხატებოდა იმაში, რომ დავით კეზერაშვილის ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან თანხები ვითომდა საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ გადაირიცხებოდა კომპანია „BROOKTRADE“-ში, საიდანაც უკვე ასევე ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოირიცხებოდა საქართველოში, შემდგომში „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.

გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ შეთანხმებისამებრ გადმორიცხული თანხების ნამდვილი დანიშნულების შენიღბვისა და მისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ოფშორულ ზონაში ბრიტანეთის ვირჯინიის კუძულებზე რეგისტრირებულ დავით კეზერაშვილის კომპანიას „EXIMUS HOLDING“ - სა და  ოფშორულ კომპანია „BROOKTRADE“-ს შორის გაფორმდა ფიქტიური ხელშეკრულება, რომლითაც თითქოს ამ უკანასკნელს უნდა გაეწია საკონსულტაციო მომსახურება „EXIMUS HOLDING“-თვის კასპიის ზღვის ქვეყნებში ენერგომატარებლების ვაჭრობასთან დაკავშირებით.

ხსენებული ყალბი ხელშეკრულებით საკონსულტაციო მომსახურების ღირებულება განისაზღვრა ჯამში 1 500 000 აშშ დოლარით. ოფშორული კომპანიის დირექტორია ალექსანდრე გოგოხია, რომელიც წარსულში შპს საქართველოს ლატარიის კომპანიას ხელმძღვანელობდა. გამოძიებით დადგენილია, რომ სწორედ აღნიშნული ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე, ვითომდა საკონსულტაციო მომსახურების სანაცვლოდ კომპანია „EXIMUS HOLDING“-იდან კომპანია „BROOKTRADE“-ის ანგარიშზე საერთო ჯამში გადაირიცხა 760 000 აშშ დოლარი, რომელიც შემდგომში საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის გამოყენებით ჩამოირიცხა საქართველოში და კონვერტაციის შემდგომ გადაცემული იქნა გიორგი ღონიაშვილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.

გადმორიცხული თანხიდან, მხოლოდ ერთჯერადად 2014 წლის 14 მაისს ღონიაშვილის მითითებით ხსენებული თანხის ნაწილი 85 000 აშშ დოლარი გადაირიცხა ქ. ლონდონში, თბილისის მერის ყოფილი მოადგილის დავით ალავიძის შვილის ანგარიშზე. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილი იქნა ხსენებული დანაშაულებრივი სქემა და მორიგი თანხის ჩამორიცხვისა და კონვერტაციის დასრულების შემდეგ, დღეს დაკავებული იქნა გიორგი ღონიაშვილი, რომლისგანაც პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 160 000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ლარებში.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2011 წლის 12 ივლისს თბილისის მერიასა და შპს „გუდაური სქაი რესორტს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიას სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცა ე.წ. „თბილისის ზღვის“ მიმდებარედ არსებული 200 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. მასვე საპრივატიზაციო პირობად განესაზღვრა 5 მილიონო აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება 5 წლის ვადაში.

იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შესრულდა, თბილისის მერიამ შპს „გუდაური სქი რესორტს“ დააკისრა ჯარიმა პირგასამტეხლოს სახით 193 500 აშშ დოლარის ოდენობით. მას შემდეგ, რაც გიორგი ღონიაშვილმა შეიტყო აღნიშნული ფაქტის შესახებ, „გუდაური სქაი რეზორტის“ ერთ-ერთ მფლობელს შესთავაზა, რომ 50 ათასი ლარის სანაცვლოდ, მისი ქვისლის, თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას დახმარებით მერიას გააუქმებინებდა მის მიერვე გამოტანილ დადგენილებას საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საწარმოს 193 000 ათასი დოლარით დაჯარიმების შესახებ. 

გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის ხელმოწერილი თბილისის მთავრობის 2014 წლის 25 აპრილის დადგენილებით შპს „გუდაური სქაი რესორტი“ 193 000 ათასი დოლარის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან მართლაც განთავისუფლდა, რის სანაცვლოდაც, შეთანხმებსამებრ ღონიაშვილმა კომპანიის ხელმძღვანელისგან აიღო შეპირებული თანხა 50 000 ლარის ოდენობით.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებას „ტაკიმასხარაობას“ უწოდებს გიგი უგალავა და აცხადებს, რომ დაკავებულ გიორგი ღონიაშვილს, რომელიც მისი ქვისლია პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. უგულავას მტიცებით, იმ კომპანიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, უშუალოდ მთავრობისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიღებულია.

„გადაწყვეტიელბა ამ ფირმასთან დაკავშირებით მიღებულია ცენტრალური მთავრობის მიერ და მიღებულია ბიძინა ივანიშვილის, როგორც პრემიერ-მინისტრის მიერ. არსებობს მთავრობის სტენოგრაფიული ჩანაწერები, სადაც მთავრობის სხდომაზე იხილებოდა ეს საკითხი და სადაც მერია მხოლოდ წარმდგენი იყო ამ საკითხის. ბიძინა ივანიშვილმა დაავალა საკუთარ პაჟს, მაშინდელ შს მინისტრს შეესწავლა ეს საკითხი და არგუმენტი იყო სწორედ ის, რომ ეს კომპანია არ იმსახურებდა ზედმეტ ჯარიმას. გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ ძალაში შევიდა, მიიღო ცენტრალურმა მთავრობამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა“, - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე უგულავამ.

მისივე განმარტებით, საუბარი იმაზე, რომ კონკრეტულ კომპანიას უპირატესობა მისი მერობის დროს მიენიჭა, სიმართლეს არ შეესაბამება. უგულავას მტკიცებით, იმ პერიოდში მას მერის უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა.

„დღეს მე, ისევე, როგორც მთელმა საზოგადოებამ, ვიხილე მორიგი ტაკიმასხარაობა, დადგმული ფინანსური პოლიციის მიერ. როგორც ჩანს, მუშაობა დაიწყო იმ გეგმამ, რომელიც ბატონმა ღარიბაშვილმა დააანონსა, როცა თქვა, რომ ცხელი ზაფხული იქნება და რომ არც ერთ რაიონში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გაამარჯვებინებენ.

არჩევნებამდე 10 დღით ადრე, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მათ გადაწყვიტეს მთავარი ოპოზიციური პარტიის ამგვარი მეთოდებით დისკრედიტაცია. დაკავებული არის ჩემი ქვისლი, მაგრამ ისაა პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანი. მას აქვს თავისი საქმე და ეწევა ამ საქმეს. მისი დაკავშირება „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობასთან არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, ყველა ადამიანი, ვისთვისაც გამარჯობა უთქვამს, დაწიოკებულია საგამოძიებო სამსახურის მიერ.

„ჯერ იყო ჩემი ავადმყოფი სიმამრი. ყველა, ვისთვისაც გამარჯობა მაქვს ნათქვამი და ვისთანაც ვმეგობრობ, „განებივრებულია“ ფინანსური პოლიციის ან შემოსავლების სამსახურის სტუმრობით. ადამიანი აღარ დარჩა, რომელიც არ იყოს დაწიოკებული. როგორც ჩანს, ასეთი მეთოდით აქვთ გადაწყვეტილი ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა. ბუნებრივია, ეს უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც, რომელიც, თევზის ფხასავით გაეჩხირა ზოგიერთს, როცა მათი დაშინებით მიღებული სასამართლოს დადგენილება ანტიკონსტიტუციურად ცნო. ხელოვნურად ხდება რაიმე საქმესთან ჩემი კიდევ ერთი მეგობრის, დავით კეზერაშვილის დაკავშირებაც. წინასაარჩევნოდ ვხედავთ საპნის ოპერას, რომელიც ასევე საპნის ბუშტივით გაქრება“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.