„ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი ბევრად უფრო მაღალია“

„ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი ბევრად უფრო მაღალია“

ასოცირების ხელმოწერა და ევროპული ბაზრის გახსნა მრავალ პერსპექტივას გვპირდება, მთავარია, ამ შესაძლებლობას როგორ გამოიყენებს ქართული ბიზნესი და წარმოება, რომელიც ჯერ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებებსაც ვერ აკმაყოფილებს. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართველ ბიზნესმენებს უკვე მეორე შეხვდა და იმ სიკეთეებსა და პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც დღეს ქართული ბიზნესის წინაშე დგას.

ხელისუფლების შეცვლიდან თითქმის ორი წლის თავზე იკვეთება თუ არა ქართული ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები, ამ თემაზე ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე გვესაუბრება.

ბატონო ირაკლი, ცოტა ხნის წინ პრემიერი შეხვდა ბიზნესმენებს იმ პრობლემებისა და წინადადებების მოსასმენად, რომელიც დღეს არსებობს. გვახსოვს, რომ ხელისუფლება მოვიდა ლოზუნგით - მაქსიმალური თავისუფლება ბიზნესს - ამ კონტექსტის გათვალისწინებით, არის თუ არა საჭირო მუდმივი კონსულტაციები ხელისუფლებასთან?

- კომუნიკაცია აუცილებელია ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან არის საკითხები, რომელიც მუდმივად ითხოვს ბიზნესის მხრიდან პრობლემის დაყენებას და მთავრობის საქმის კურსში ჩაყენებას. ამისათვის კომუნიკაცია სამინისტროს თუ სხვადასხვა უწყებების დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია.

ზოგადად თუ ვიტყვით, დღეს ბიზნესის თავისუფლების ხარისხი გაუმჯობესებულია - არ გვხვდება საკუთრების უფლების პრობლემა, ბიზნესის ჩამორთმევის და ბიზნესმენების დარეკეტების შემთხვევები არ არის და ამ კუთხით, გარკვეული თავისუფლება არსებობს. ვფიქრობ, რომ პრობლემები მაინც რჩება, რაც უკავშირდება რიგ სექტორებში მაღალი კონცენტრაციის ახალი რეგულაციების დაწესების და მონოპოლიების შექმნის საკითხს.

ამ კუთხით შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითები გაიხსენოთ?

- ეს პრობლემები ბევრგან ჩანს. ბიზნესების მხრიდან არის სწორედ არათანაბარი კონკურენცია რიგ დარგებში და შეგვიძლია, მოვიტანოთ მაგალითი გადაწყვეტილებების, რომელიც შეიქმნა ფოთის პორტში გადამზიდავების მისამართით, როდესაც „მოლერ მაერსკის“ ენიჭება გარკვეული უპირატესობა ტვირთების განბაჟებისას; იგივე, „საქართველოს ფოსტასთან“ დაკავშირებული პერიპეტიები და მსგავსი საკითხები; ინვესტორებთან დაკავშირებული არასწრაფი გადაწყვეტილებები მთავრობის მხრიდან, რომელიც ხელს შეუწყობდა გარკვეული პროექტების დაჩქარების მაჩვენებელს.

ეს საკითხები რჩება ჯერჯერობით გადაუჭრელი და ბიზნესი ამის შესახებ საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკობს. წერილობითაც ხდება მიმართვა პრემიერის თუ სხვადასხვა უწყებებისათვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია.

უნდა იყოს რგოლი, რომელიც იქნება უფრო მეტად ეფექტური ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. დღეს რატომღაც, ვერც ერთი ბიზნესასოციაცია ამ დანიშნულებას ვერ ასრულებს; განსაკუთრებით, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რომელიც უფრო აქტიურად უნდა იყოს ბიზნესის მხარდამჭერი მთავრობასთან ურთიერთობაში.

იგივე ბიზნესომბუდსმენი, რომელსაც პრემიერი და მთავრობა ნიშნავს, მთავრობის ოპონენტი ვერასდროს გახდება. ასეთ შემთხვევაში, ის ვერ გამოხატავს ბიზნესის წუხილებს და ბიზნესის პრობლემებს სათანადოდ ვერ ახმოვანებს.

ამიტომ, ბიზნესს უწევს დამოუკიდებლად სხვადასხვა აქტივობები, რომ მთავრობას უფრო მეტად შეახსენოს თავი, უკეთ დაანახოს საკუთარი პრობლემები. დღეს ყველას უჭირს და არის გარკვეული საკითხები, რომლებიც ითხოვს რეაგირებას. ამიტომ, რაც უფრო ხშირი იქნება ასეთი შეხვედრები და რაც მეტი იქნება ისეთი ადგილი, სადაც ბიზნესმენებს შეეძლებათ ღიად ისაუბრონ პრობლემებზე, უკეთესია.

თუმცა ბოლო შეხვედრაზეც არ იყვნენ რიგი ბიზნესმენები მიწვეული - კარგია, რომ ჩოჩელს დაუძახეს. ჩოჩელის კომპანიას მოეხსნა გარკვეული ყადაღები და უბრუნდება მუშაობის ჩვეულ რეჟიმს - არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ხელისუფლების დროს შეიქმნა ბიზნესი, საკუთრება უნდა იყოს ხელშეუხებელი და საქმის კეთების საშუალება უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად ყველას.

თუ ვინმე დამნაშავეა, კი ბატონო, უნდა აღიძრას საქმე და დაიწყოს სამართლებრივი დევნა, მაგრამ პოლიტიკური სპეკულაციებისგან ბიზნესი თავისუფალი უნდა იყოს.  ბიზნესებისთვის ასეთი ტიპის შეხვედრებზე აუცილებელია უფრო მეტი წვდომა, რადგან კვლავ ბევრი ბიზნესი ვერ აღმოჩნდა პრემიერთან შეხვედრაზე და ეს ალბათ, ისევ ბიზნესომბუდსმენის სისუსტეა, რომელმაც ბიზნესმენები დაპატიჟა.

ეს საკითხი პირველად არ დგება მწვავედ, რადგან ბიზნესომბუდსმენს ყოველთვის გამორჩება-ხოლმე ბიზნესკომპანიები ასეთი ტიპის შეხვედრებზე. ამიტომ უფრო ყურადღებიანი და აქტიური უნდა იყოს ბიზნესთან მიმართებაში და უფრო აქტიურად ჩაერთოს ბიზნესის პრობლემების მოსმენასა და მათი ინტერესების ლობირებაში, კარგი გაგებით.

პარლამენტმა უკვე მიიღო კონკურენციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები და როგორც მთავრობა აცხადებს, ის სრულიად შეესაბამება ევროპულ რეგულაციებს. ამის მიუხედავად რატომ დგას კვლავ მონოპოლიების საკითხი?

- კანონში წერია ის, რაც უნდა ეწეროს და კონცეფციის დონეზე, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ერთია, რა წერია კონცეფციაში და მეორე - როგორია პრაქტიკაში მისი გამოყენება. ჩვენ კონკურენციის კანონის მიღების შემდეგ ვნახეთ გადაწყვეტილება, რომელმაც ფოსტა ჩააყენა უპირასტეს მდგომარეობაში.

ანუ, რაც ხდება, ერთი მხრივ, კონკურენციის სააგენტოში, რომელმაც მონოპოლიას უნდა ებრძოლოს და მეორე მხრივ მონოპოლიების მიმართულებით, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს მხრიდან ცოტა არ იყოს, გაუგებარი გადაწყვეტილებებია, ერთმანეთს აცდენილია.

დღეს კი არსებობს და შექმნილია კონკურენციის სააგენტო, მაგრამ იცნობს ვინმე მის ხელმძღვანელს - ვინ არის, რა ბეგრაუნდი აქვს, რა გაუკეთებია, იცის თუ არა კარგად კონკურენციის სამართალი? - ვიცით მხოლოდ სახელი და გვარი ამ ადამიანის და მეტი არაფერი - არ ვიცით, როგორია ბაზრის შეფასების, მონოპოლიების გამოვლენის მეთოდიკა და ა.შ. მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემაა ამ საკითხში და სიცხადეც არ ჩანს. მარტო ქღალდზე არსებობდეს ეს სამსახური, არავის არ სჭირდება.

ძალიან ბევრი ბიზნესია, თუნდაც მარცვლეულის გადამზიდავები, რომლებსაც სურთ ამ სააგენტოსთან თანამშრომლობა, აქვთ მონაცემები ბაზარზე არსებული მონოპოლისტების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით სად მივიდნენ და სად ნახონ ის ადამიანი, ვინც ამ სააგენტოს ხელმძღვანელია, ეს არავინ იცის.

ანუ მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის. საჭიროა, რეალური საქმე, რომელიც ბიზნესს მიეხმარება და არა მხოლოდ განცხადება იმის შესახებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ბიზნესმენებთან შეხვედრისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ შექმნილია მცირე ბიზნესის დახმარების სააგენტო, რომელიც დამწყებ და მცირე ბიზნესებს ეხმარება. ბიზნესწრეებში თუ არის ცნობილი, რამდენად რეალურად დაეხმარნენ ამ ტიპის ბიზნესებს?

- არანაირი განაცხადი არ ყოფილა, რა პროექტებია, ვის ეხმარებიან და ა.შ. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, მხოლოდ შექმნილია ასეთი სააგენტო და მეტი არაფერი.

რაც შეეხება, სამთავრობო პროგრამას, „აწარმოე საქართველოში“, რამდენადაც ცნობილია, მსოფლიოში არსებობს მსგავსი ტიპის პროექტები, საქართველოში რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ამის პროგნოზირება თუ არის შესაძლებელი?

- მსგავსი ტიპის, ბიზნესის სტიმულირების პროგრამები არსებობს და მისი შედეგიანობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამჭვირვალედ, რაციონალურად ხდება მისი მართვა. პრინციპში, ეს პროგრამა, რომელიც ძალიან კარგია, კომპლექსურია და მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს.

ეს არის ფინანსური, ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერა - ყველაზე დიდი პრობლემები სწორედ ამ ნაწილში აქვთ დღეს ქართველ მეწარმეებს. ამიტომ, თუ ეს პროგრამა რეალურად მიმართული იქნება მსგავსი პრობლემების გადაჭრისკენ და ეს არ იქნება წინასაარჩევნო პროექტი, როგორც ხშირად ხდება-ხოლმე, ვფიქრობ, შედეგები გვექნება და უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

შესაძლოა, რაოდენობრივად, ათასობით საწარმო ვერ შეიქმნას, მაგრამ იქნებიან საწარმოები რომლებსაც ძალიან კარგი შანსი აქვთ, დასაწყისისთვის მოიპოვონ ის რესურსები, რომელიც მათთვის აქამდე მიუწვდომელი იყო - მიწები, შენობა-ნაგებობები, ტექნოლოგიები, საკონსულტაციო ნაწილი და ასევე, იაფი ფინანსური რესურსი. ვნახოთ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება, რამდენად სწორად იქნება მართული ეს პროგრამა.

თუმცა ამ პროგრამის მიღმაც იქნება დასარეგულირებელი საკითხები, თუნდაც ინფრასტრუქტურის და პროდუქტის რეალიზაციის ნაწილში, რადგან ეს მხოლოდ პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული პროექტია - რეალიზაცია ცალკე ნაწილია.

საუბარია პროექტის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, რამდენად ეფექტურია, როდესაც მსგავს პროგრამებზე იხარჯება საბიუჯეტო სახსრები? ან ხომ არ ქმნის ეჭვებს, რომ მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებს შეეძლებათ ასეთი მხარდაჭერის მოპოვება?

- დაველოდოთ პირველ შედეგებს და პირველ პროექტებს, ვინ მოხვდებიან ბენეფიციართა რიცხვში. წინასწარ თქმა, რომ ეს პროექტი აუცილებლად განწირული იქნება, რთულია. წინასწარ იმისი მტკიცებაც, რომ ეს აუცილებლად წარმატებული პროექტი აღმოჩნდება, შეუძლებელია.

იდეა კარგია, ინსტრუმენტებიც კარგია, მთავარია, როგორ იქნება მართული და პირველი პროექტები დაგვანახებს, რამდენად სწორად მიდის პროცესი. ვინ სარგებლობს, ვინ - ვერა და ა.შ.

ძალიან მალე მოვაწერთ ხელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ევროპისა და საქართველოს მხრიდანაც კეთდება განცხადებები რომ ეს ნიშნავს ბაზრის გახსნას. აქამდეც ვსარგებლობდით GSP+ შეღავათებით თუმცა ქართულ ბიზნესზე ეს დიდად არ ასახულა. ახალი შესაძლებლობები რა პლუსებს გვთავაზობს?

- ევროპული ბაზრის დაპყრობაზე საუბარი ზედმეტია, რეალურად მოთხოვნაც რომ იყოს და სტანდარტებზეც რომ იყოს ქართული პროდუქცია გასული, ჩვენ იმის მიწოდებას ვერ შევძლებთ, რაც ევროპის დიდ ნაწილს დააკმაყოფილებდა.

GSP+ იყო უბრალოდ, შესაძლებლობა, გარკვეული დასახელების პროდუქტებზე. ეს იყო დაახლოებით 7 ათასი დასახელების პროდუქცია, თუმცა ახალი ხელშეკრულება არის ყოვლისმომცველი და ეხება აბსოლუტურად ყველა პროდუქტს, რომლის გატანაც შეიძლება ევროპაში.

რა თქმა უნდა, დღევანდელი ქართული ბაზარი მზად არ არის, რომ გვქონდეს მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელსაც ევროპა ითხოვს და ალბათ, ძალიან მცირე სასაქონლო ჯგუფი იქნება, ვინც პირველ ეტაპზე ისარგებლებს ამ საშეღავათო ნაწილით.

თუმცა, ამ ყველაფერს აქვს ორი დადებითი მხარე, ის, რომ ქვეყანაში გაიზრდება საინვეტიციო აქტივობა, რადგანაც რეგიონში მხოლოდ საქართველოს ექნება წვდომა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, - საუბარია განულებულ საბაჟო ტარიფებზე, ანუ საუბარია რეგიონის ქვეყნებზე, რომლებიც საქართველოში შექმნიან პროდუქტს და რომლებიც ევროპულ ბაზარზე იქნებიან ორიენტირებულები. ამის გარდა, მოკლევადიანი ეფექტი არის ისიც, რომ კომპანიები, რომლებიც დღეს მუშაობენ ევროპულ ბაზარზე, ეს არის მინერალური წყლები, ღვინო და თხილის წარმოება, მიიღებენ დამატებით შეღავათებს.

მეორე დადებითი მომენტი ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა - ბიზნესებს, რომლებიც შეძლებენ გარკვეული დანახარჯების შემდეგ კომპანიების გადაიარაღებას და იმ სტანდარტის წარმოების დანერგვას, რომელსაც ევროპა ითხოვს, ბუნებრივია, ექნებათ შანსი, ყოველგვარი საბაჟო ბარიერების გარეშე მოხვდნენ ევროპულ ბაზრებზე. თუმცა, ეს არ იქნება მარტივი პროცესი - ბევრი არ გვაქვს დღეს ისეთი წარმოება, რომელიც შეძლებს, რეალურად ისარგებლოს ამ სავაჭრო ხელშეკრულებით.

ამას დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურადაც - ეს არის უალტერნატივო გზა, რა გზითაც უნდა ვიაროთ - ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ სხვა რამეებზე, უბრალოდ, ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ გვინდა მაღალსტანდარტული ბაზარი.

საქართველო ჯერ კიდევ იმ ეტაპზე იმყოფება, როდესაც ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული, როგორი ბიზნესგარემო იარსებებს ქვეყანაში. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ხდება დეკლარირება, რომ მზად არის თავისუფალი საბაზრო პრინციპების დამკვიდრებას შეუწყოს ხელი. თქვენ როგორ ხედავთ, რეალური ქმედებებიდან შესაბამისი ტენდენცია იკვეთება?

- პოლიტიკური ნება გადამწყვეტია ბიზნესთან ურთიერთობაში და ჩვენთან ბიზნესი მიჩვეულია ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ კარნახს. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მაშინაც გარკვეული მოლოდინი იყო ბიზნესის მხრიდან, რომ აბა ვნახოთ, რას გვეტყვიან, როგორ გადავეწყოთ ახალ პირობებზე.

იმისი თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე იყო ადრე. როგორც ვთქვი, არ დგას საკუთრების, ბიზნესის რეკეტის პრობლემები. უბრალოდ, ადგილი აქვს რიგ გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბიზნესისთვის მაინც და მაინც კომფორტული არ არის. ვგულისხმობ რეგულაციების გამკაცრებას, სურვილს, რომ რაღაც საკითხები გართულდეს. თუ ეს ყველაფერი დალაგდება, ვფიქრობ, ბევრად უფრო უკეთესი პირობები გვექნება.

თავად პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსზე მუშაობა მიმდინარეობს, სავარაუდოდ ეს მოაწესრიგებს გართულებულ რეგულაციებს?

- თუ თქვა ღარიბაშვილმა, როგორც ჩანს, ამისი სურვილი არსებობს და ალბათ, გაკეთდება კიდეც, რადგან უფრო მეტი ორიენტირება ბიზნესურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, უკეთესია.