[თეონა ხარაბაძე]
თბილისში უკანონო მიწების 1 კვადრატული მეტრი 15 ლარად შეფასდება. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ პარლამენტის მიერ მომზადებული ინიციატივის საპასუხოდ მიიღო. პარლამენტში მომზადებული კანონპროექტით, ე.წ. უკანონო მიწების დაკანონება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო. ეს ინიციატივა პარლამენტმა ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიაზე ორი მოსმენით უპრობლემოდ მიიღო და მთავრობამაც თანხმობა მისცა. თუმცა, მესამე მოსმენის წინ მთავრობამ მოულოდნელად პრობლემები აღმოაჩინა და საკითხის მიღება საგაზაფხული სესიისთვის გადაიდო. არგუმენტად კი გარკვეული საკითხების დაზუსტება დასახელდა.
საბოლოოდ კი, არც ეს “გარკვეული საკითხები” დაკონკრეტდა და გადაწყვეტილების მიღების ვადაც რამდენჯერმე გადავადდა.
შეგახსენებთ, რომ საუბარია “ქონების ლეგალიზების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის პროექტზე, რომელიც პარლამენტის მიერ არის მომზადებული და უძრავი ქონების არაკანონიერი მფლობელების ნაწილისთვის საკუთრების ლეგალიზების და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, 2012 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა მოხდეს იმ უძრავი ქონების ლეგალიზება, რომლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები კანონდარღვევით არის შედგენილი 2007 წლის 1-ელ იანვრამდე.
კერძოდ, კანონდარღვევით უნდა იყოს შედგენილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა, მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
კანონდარღვევით შედგენილი ამ დოკუმენტების მფლობელებს ქონების ლეგალიზებისთვის ქონების ნორმატიული ფასის გადახდა მოუწევთ, ხოლო თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, მცხეთაში, დაბა ბაკურიანში, დაბა გუდაურსა და ანაკლიაში - ერთ კვადრატულ მეტრზე 10 ლარს გადაიხდიან.
კანონში ცვლილების დამტკიცების შემდეგ, მესაკუთრეც და ლეგალიზაციის განმახორციელებლი პირიც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან. ასევე, შეწყდება დაწყებული სისხლის სამართლებრვი დევნა უძრავი ნივთის მესაკუთრისა და ლეგალიზაციის განმახორციელებელი პირის მიმართ.
კანონპროექტის მიღების გადადების მიზეზად მთავრობის მხრიდან “კონსულტაციები” დასახელდა და ისიც ითქვა, რომ ეს კონსულტაციები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართებოდა. საგულისხმოა ის, რომ მთავრობის წარმომადგენლები პირად საუბრებში ამბობდნენ, ეს ინიციატივა ბიუჯეტს დააზარალებს და ამის გატანას არ დავთანხმდებითო. თავის მხრივ კი კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ კანონის მიღება აუცილებელია საკუთრების დაცვისთვის დამატებითი მექანიზმების შესაქმნელად.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებების მიზანი არის “უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საკუთრების უფლების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამ ურთიერთობებში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვისთვის დამატებითი გარანტიების შექმნა”.
თავის დროზე ეს არგუმენტი მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
“ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფაქტი, როდესაც მიწაზე საკუთრების უფლება მოპოვებულია, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეული მაქინაციებით და ეს მაქინაციები აღწევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს. ასეთ შემთხვევაში კი, როდესაც ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება, არ არსებობს არანაირი კანონიერი საფუძველი იმისა, რომ შემდგომ არ იმსჯელოს შესაბამისმა ორგანოებმა საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მაგრამ, ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ამ მიწის ნაკვეთზე ადამიანს უკვე აშენებული აქვს სახლი, ცხოვრობს, დამკვიდრებულია და ა.შ.
ამიტომ ამ ფაქტების განზოგადების შედეგად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოქმედ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. თუმცა, თავად საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, ის საჭიროებს საკმაოდ დეტალურ ანალიზს, როგორც სამართლებრივი კუთხით, ასევე პროცედურების თვალსაზრისით და, აქედან გამომდინარე, კონსულტაციები გრძელდება და ვფიქრობთ, რომ თებერვლის თვეში ჩვენ უკვე განვაახლებთ კანონპროექტის განხილვას”, - აცხადებდა მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი.
ამის გამო კი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ეჭვობდა, რომ ამ საკითხში მთავრობის და პარლამენტის პირადი ინტერესები იკვეთება და გადაწყვეტილების მიღებაც ამიტომ გაჭიანურდა.
“შეიძლება, ერთი შეხედვით, ეს ინიციატივა მართლაც კარგი ჩანდეს. აბა, რა სჯობს, ადამიანებს თუ საკუთრება დაუკანონდებათ და ამის გამო შექმნილი პრობლემები მოეხსნებათ. მაგრამ მაინტერესებს, რატომ დადგა ასე უცებ ხელისუფლება ასეთ კეთილშობილურ განწყობაზე, რომ ასეთ დათმობაზე მიდის. არჩევნების წინა პერიოდი რომ იყოს, კიდევ რაღაცას იფიქრება ადამიანი, მაგრამ ახლა ამის გაკეთება ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. პირველ რიგში კი იმას, თუ საბუთი არის უკანონოდ გაცემული, ხომ უნდა მოიძებნოს ის, ვინც ეს უკანონოდ გასცა და დამნაშავე დაისაჯოს. ხელისუფლება ამაზე უარს ამბობს და დააკვირდით, ეს ეხება 2007 წლამდე პერიოდს. ანუ, იმდროს, როდესაც ამ საბუთებს თავადვე გასცემდნენ და ახლა უნდათ, რომ ეს ადამიანები პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლონ. რაც მთავარია, მოქალაქეების ხარჯზე, ვინაიდან მათ მოუწევთ გარკვეული თანხის გადახდა. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ვიღაცის ხელში ძალიან ბევრი ასეთი ქონებაა მოხვედრილი და ახლა ამის დაკანონება უნდა. მე ამ ინიციატივაში სხვა მიზანს ვერ ვხედავ”, - აცხადებდა გია ცაგარეიშვილი.
რაც მთავარია, მან საკითხის გადადებისთანავე გამოთქვა ვარაუდი, რომ როგორც ჩანს, აქ უკვე მთავრობის და პარლამენტის ინტერესები იკვეთება და ადვილი მისახვედრია, ეს ინიციატივა რიგითი მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად რამდენად იყო მიმართული. «ფაქტია, რომ ერთმანეთში ვერ რიგდებიან. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ადამიანებს კი უნდა დაუკანონო, რა თქმა უნდა, თუ ისევ პარლამენტის წევრებს არა აქვთ მისაკუთრებული საუკეთესო მიწის ნაკვეთები, მაგრამ ამაზემთავრობამაც უნდა აგოს პასუხი და პარლამენტმაც, თუ როგორ მოხდაყალბი დოკუმენტების გაცემა», დასძენს ცაგარეიშვილი.
ცაგარეიშვილის ამ ვარაუდს კი უკვე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამძაფრებს, ვინაიდან, როგორც ხუროშვილი განმარტავს, ინიციატივა მხოლოდ თბილისზე გავრცელდება და ამასთან, პროექტში განსაზღვრული 1 კვადრატულ მეტრზე 10 ლარიანი გადასახადი 15 ლარამდე გაიზრდება.
«დღეს მიწის ნაკვეთების დიდი რაოდენობაა, რომელიც ადამიანს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს, მაგრამ არის გარკვეული უზუსტობები და შედეგად პრობლემები, რადგან საბუთები, სხვადასხვა მიზეზების გამო, არა აქვთ წესრიგში. მაგალითისთვის, როგორიც არის სახელის შეცვლა, გვარის შეცვლა. შეიძლება იყოს შემთხვევა, რომ წლების წინ არ იყო მიწის რეფორმის სუბიექტი და ახლა არის.
აქედან გამომდინარე, ამ ტიპის საბუთებზე არის, ერთის მხრივ, სრული სამართლებრივი მექანიზმებით დადგინდება კანონდარღვევა და, მეორეს მხრივ, არის მოცემულობა, რომ ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ, აქვთ გაშენებული სახლი და ამიტომ მთავრობამ პარლამენტთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ტიპის სადაო მიწის ნაკვეთებზე თბილისის ტერიტორიაზე მოხდეს ერთჯერადად 15 ლარის გადახდა და ასეთ შემთხვევაში მოხდება მიწის ნაკვეთის ლეგალიზება», - აცხადებს ხუროშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ მხოლოდ თბილისი, იგი განმარტავს, რომ ეს საპილოტე პროგრამა იქნება.
«ეს იქნება გარკვეული პილოტური გადაწყვეტილება, რომელიც პირველ ეტაპზე თბილისის ტერიტორიას შეეხება. ხოლო შემდგომში, რამდენადაც ამოქმედდება ეს საპილოტე პროგრამა და დადგება შედეგი, გავრცელდება სხვა ტერიტორიებზეც», - აცხადებს ხუროშვილი.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუკი არ გაამართლებს, მაშინ რა მოხდება და, რაც მთავარია, გამართლების შემთხვევაში, როდის შეიძლება განხორციელდეს ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე. მით უმეტეს, რომ, ხშირ შემთხვევაში, პრობლემური დოკუმენტაცია რეგიონებში გაცილებით მეტია, ვიდრე დიდ ქალაქებში და განსაკუთრებით თბილისში.