პრემიების სკანდალი გრძელდება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სამინისტროებიდან სხვა სახელმწიფო უწყებებში გადაინაცვლა და კიდევ უფრო დაუოკებელი მადის მქონე ადამიანები აღმოაჩინა. ამ შემთხვევაში ბობოლა მოხელეთა წლიური შემოსავლები უკვე ექვსნიშნა რიცხვებიდან იწყება.
როგორც IDFI-ის ინფორმაციიდან ირკვევა, 2013 წელს თანამდებობის პირების შემოსავლებში ყველაზე დიდი თანხა პრემიისა ან სახელფასო დანამატის სახით მიიღეს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრებმა. თითოეულ მათგანს მიღებული აქვს დაახლოებით 120 000 ლარის ოდენობის პრემია (ხელზე 96 000 ლარი). გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების სიდიდით გამორჩეულია აგრეთვე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
2013 წელს ცესკოს თავმჯდომარეს (ზურაბ ხარატიშვილი - 8 თვე, თამარ ჟვანია - 4 თვე), მის მოადგილეს და ცესკოს მდივანს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვთ 265 272 ლარი.
ყველაზე მაღალი შემოსავალი 311 744 ლარი, მათ შორის პრემია 120 988 ლარი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, აკაკი სიხარულიძემ მიიღო. თითქმის იგივე რაოდენობას შეადგენს დანარჩენ წევრთა შემოსავლებიც: ირაკლი მოსეშვილმა მიიღო 309 886 ლარი, სოფიო ბრიტანჩუკმა - 309 876 ლარი, კომისიის თავმჯდომარემ, კარლო კვიტაიშვილმა კი 2013 წელს 10 თვის განმავლობაში შემოსავლის სახით 258 790 ლარი მიიღო.
IDFI-ის ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის შემოსავლებიც. ბანკის პრეზიდენტმა შემოსავლის სახით 195 000 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე მეტი შემოსავალი 209 560 ლარი მისმა მოადგილემ, ოთარ ნადარაიამ მიიღო.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებზე 2013 წელს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით სულ გაცემულია 95 604 ლარი, საიდანაც ზურაბ ხარატიშვილის მიერ 8 თვის განმავლობაში (იანვარი-აგვისტო) მიღებულია 50 244 ლარი, ხოლო თამარ ჟვანიას მიერ 4 თვის განმავლობაში (სექტემბერი-დეკემბერი) - 45 360 ლარი.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით კირთაძემ 2013 წელს შემოსავლის სახით 158 284 ლარი მიიღო, მათ შორის, დანამატი - 33 800, პრემია - 55 168 ლარი. ხოლო ცესკოს მდივანმა გიზო მჭედლიძემ შემოსავლის სახით 149 444 ლარი მიიღო.
2013 წელს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიების რაოდენობამ 2 928 150 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი თანხა - 566 025 ლარი პრემიის სახით თანამშრომლებზე გაცემულია დეკემბერში. 2013 წელს ბიუროს უფროსის, გიორგი ხიზანიშვილის მიღებულმა პრემიის ოდენობამ შეადგინა 65 000 ლარი, ხოლო მის მოადგილეებს თითოეულს პრემიის სახით მიღებული აქვთ 60 140 ლარი. ბიუროს უფროსმა და მისმა მოადგილეებმა დეკემბრის თვეში, თითოეულმა მიიღო 10 000 ლარის ოდენობის პრემია.
IDFI-ის ინფორმაციით, პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ.
„მათ მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება კონფიდენციალურია. აღნიშნული დაწესებულების მიერ პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის არიდება სავარაუდოდ, განპირობებულია კომისიის წევრებისა და სხვა თანამშრომლების ძალიან მაღალი შემოსავლებით. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მაგალითად, კომისიის ერთ-ერთი წევრის, სერგო მესხის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულმა მისმა შემოსავალმა შეადგინა 284 289 ლარი“, - ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.
ახალმა ხელისულფლებამ ისე წაიყვანა საქმე, რომ არა მარტო არასამთავრობოებს მისცა სალაპარაკო თემა, არამედ ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციას. ნაცმოძრაობა, რომელიც თავად იყო შემჩნეული ნეპოტიზმში და უზარმაზარი პრემიების გაცემაში, ახლა ღარიბაშვილის მთავრობას იქეთ სდებს ბრალს.
უმცირესობის წარმომადგენელი პარლამენტარი ირმა ნადირაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელის, არჩილ ცაბუტაშვილის პატრონაჟში ადანაშაულებს.
როგორც ნადირაშვილმა განაცხადა, ცაბუტაშვილი შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის კადრი იყო და ამ თანამდებობაზე მაშინ დაინიშნა, როდესაც ჯანყარაშვილი გენინსპექციას ხელმძღვანელობდა.
ზვიად ჯანყარაშვილი მართლაც ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დისშვილია, რის გამოც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერი არაერთხელ გააკრიტიკა. სწორედ ნეპოტიზმით სპეკულაციებისთვის თავის არიდების მიზეზით ჯანყარაშვილმა თანამდებობა წინა თვეში დატოვა.
ირმა ნადირაშვილი, გარდა ნეპოტიზმისა, წყალმომარაგების კომპანიაში კოლოსალური პრემიების დარიგებაზეც საუბრობს. მისი ინფორმაციით, შარშან ამ უწყებაში „შოკისმომგვრელი“ პრემიები გაიცა, თუმცა კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებია.