[თეონა ხარაბაძე]
ზუსტად ასე შეაფასა ოპოზიციამ პრეზიდენტის გუშინდელი დანაპირები იმასთან დაკავშირებით, რომ პენსია სექტმებრისთვის 100 ლარი გახდება. მათი თქმით, “პრეზიდენტის მხრიდან ეს მორიგი ტყუილია და გათვლილია ამომრჩევლების გულის მოგებაზე”. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ დღეს ქვეყანაში ამის შესრულების საფუძველი არ არსებობს და, შესაბამისად, განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანაც უფრო მეტი პრობლემის წინაშე დადგება და თავად ეს პენსიონერებიც.
პენსიის გაზრდის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გუშინ რუსთავში, პენსიონერებთან გამართული შეხვედრისას გააკეთა. მისი დაპირებით, მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან მინიმალური პენსია 100 ლარი იქნება.
“წელს ბიზნესი ბევრად უფრო ჩქარა იზრდება, ვიდრე წარმოგვედგინა. მიმდინარე წლის იანვარში წლიურზე გაანგარიშებით, ბიზნესი 10 პროცენტით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ პენსიონერებისა და სოციალური პროგრამებისთვის მეტი თანხა დაიხარჯება. ჩვენ დავთვალეთ და, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 1-ლი სექტემბრიდან მინიმალური პენსია 100 ლარს გაუტოლდება, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით პენსიას 7 ლარი დაემატება, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის - 30 ლარი და 15-ლარიანი სადაზღვევო ვაუჩერი. ეს ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების პენსია სამომხმარებლო კალათის ადექვატური იქნება,” - განაცხადა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, პენსიები თბილისსა და რეგიონებში გათანაბრდება. ამასთან, პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ მას არ დავიწყებია წინასაარჩევნო დაპირება 100-დოლარიანი საპენსიო პაკეტის შესახებ და ეს ეტაპობრივად აუცილებლად განხორციელდება.
პენსიების გაზრდის საკითხი წლების განმავლობაში მუდმივად დღის წესრიგშია და ოპოზიციაც ხელისუფლებას მუდმივად იმას აყვედრის, რომ ჯერ კიდევ რევოლუციის დროინდელი დაპირება არ შეასრულა და პენსია 100 დოლარი არ გახდა. სხვათა შორის, ეს საკითხი აქტიურად ფიგურირებდა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას.
სწორედ ამის გამო, სააკაშვილის 100-ლარიანი გადაწყვეტილება მეტ-ნაკლებად დადებითად უნდა შეფასებულიყო, მაგრამ ოპოზიცია ეჭვით უყურებს და შიშობს, რომ უფრო მეტი პრობლემები შეიქმნება.
“პენსიონერისთვის პენსიის გაზრდა როგორ შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ აქ არის ძალიან ბევრი პრობლემა. ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ ეს 100 ლარი დღეს აღარ არის ის 100 ლარი, რაც ორი, სამი და შვიდი წლის წინათ იყო. ამ ინფლაციის პირობებში, რომელიც უკვე ორნიშნა რიცხვით გამოიხატება, ამ 100 ლარის მსყიდველუნარიანობა განახევრებულია და ამ ფულით ადამიანები 50 ლარის პროდუქციის ყიდვასაც კი ვერ შეძლებენ. ამიტომაც მგონია, რომ ამაში გასახარებელი არაფერი არ არის”, - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.
ამასთან, იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ პენსიის გაზრდა, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის გარეშე, უფრო მეტად შეუწყობს ინფლაციას ხელს და ეს უკუპროცესებს გამოიწვევს.
“მე ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ სპეციალისტებმა ერთხელ რომ მითხრეს, გავიგე. ელემენტარულია, რომ პენსიის გაზრდისთვის ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაა საჭირო და, როდესაც ჩვენ პენსიების გაზრდას ვითხოვთ, პირველ რიგში ეს იგულისხმება, რომ უნდა გაიზარდოს ეკონომიკა და ამის კვალობაზე პენსიები. ამის გარეშე კი იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე მეტი ფული გავა და ინფლაციას უფრო გააძლიერებს. ამიტომაც, ამ პენსიონერებს კარგ საქმეს კი არ უკეთებენ, დიდი ალბათობით, უარეს დღეში აღმოჩნდებიან”, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ისიც, ბიუჯეტში ეს თანხა საიდან ჩაიდება.
“ფაქტია, რომ ეს ნათქვამიც წამოსროლილია და არანაირ ეკონომიკურ გათვლებს არ ემყარება. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი უკვე წინასაარჩევნო რეჟიმზე გადავიდა და პენსიონერების გულის მოგებას ცდილობს.
ამიტომაც მე ამ ნათქვამს სამიტინგო დაპირებას ვუწოდებ, რადგან სააკაშვილი ცდილობს, რომ ამ ადამიანების გული ასე მოინადიროს, რათა მათ პროტესტი არ გამოხატონ და ქუჩაში არ გამოვიდნენ”, - აცხადებს ცაგარეიშვილი.