გასულ წელს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა", ხელფასებზე დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 4 723 032 ლარზე მეტი თანხა გასცა. ხელფასები გაიცა საეთერო ბადეში არარსებული გადაცემებისთვის.
ამის შესახებ საუბარია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შიდა აუდიტის 2013 წლის ანგარიშში, რომელიც ერთვის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ პარლამენტში წარდგენილ 2013 წლის ანგარიშს.
აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2013 წლისთვის ხელფასების ნაწილში დამტკიცდა 10 000 000 ლარი. უწყისების მიხედვით, 2013 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, გაცემულია 14 723 032 ლარი, ანუ დამტკიცებულ ბიუჯეტზე 4 723 032 ლარით მეტი. ამასთან, შიდა აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს 2013 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების გარეშე მოხდა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2013 წლის სახელფასო უწყისების შესწავლის დროს აღმოჩნდა, რომ იანვრიდან დეკემბრამდე საეთერო ბადეში არარსებული გადაცემების ჯგუფების ხელფასებია გაცემული. არარსებული გადაცემებზე, რომლებიც ეთერში არ გასულა, მარტო ხელფასების სახით გახარჯულია 285 766.52 ლარი.
გარდა ამისა, პროდუსინგის სამსახურის ხარჯი ბიუჯეტით 2 005 000 ლარი იყო, შიდა აუდიტის დასკვნით კი, 2013 წლის განმავლობაში გაიხარჯა 3 628 744 ლარი, რაც დამტკიცებულ ბიუჯეტზე 1 623 744 ლარით მეტია.
პარლამენტში წარდგენილ 2013 წლის ანგარიშს ასევე თან ერთვის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შიდა აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშიც, სადაც ნათქვამია, რომ ხელფასების ნაწილში დამტკიცებულია 10 000 000 ლარი. უწყისების მიხედვით კი, 2013 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით გაცემულია 13 567 281 ლარი, ანუ დამტკიცებულ ბიუჯეტზე 3 567 281 ლარით მეტი. შიდა აუდიტის შუალედურ დასკვნაშიც მითითებულია არარსებულ გადაცემებზე გაცემული ხელფასების შესახებ.
პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტებს შორისაა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს იმდროინდელი ხელმძღვანელის ემზარ გოგუაძის განცხადება ფინანსათა სამინისტროს საგამოძიებო უფროსისა და მთავარი პროკურორის სახელზე. ემზარ გოგუაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მმართველ გუნდს უჩივის და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფინანსური რესურსის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ ფულადი რესურსი ხელფასის სახით გაიცა იმ პირებისათვის იმ მომსახურებაზე, რომელიც არ განხორციელებულა. გოგუაძე განცხადებაში შიდა აუდიტის მონაცემებს ეყრდნობა და გამოძიების დაწყებას ითხოვს.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2013 წლის ანგარიში პარლამენტში აპრილის ბოლოს შევიდა, თუმცა მასზე მსჯელობა დეპუტატებს ჯერ არ დაუწყიათ.