“კარგად გადასკოჩე მანქანა, პენსიონერი არ გადმოგივარდეს” – სააკაშვილი რუსთაველ პენსიონერებს შეხვდა

“კარგად გადასკოჩე მანქანა, პენსიონერი არ გადმოგივარდეს” – სააკაშვილი რუსთაველ პენსიონერებს შეხვდა

 

საღამოს 5 საათისთვუს ჩვენთვის, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავს ეწვეოდა. გუბერნატორ დავით კირკიტაძის პრესსამსახური პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ თავის მოსაწონად მედია-საშუალებებს დაუკავშირდა, თუმცა მათ რიგებში, ჩვენ და ადგილობრივ ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილი არ შევდივართ. შესაბამისად, მანამ სანამ, პირდაპირი ეთერით თავად სააკაშვილი არ იტყოდა, რომ რუსთავის ბიბლიოთეკაში იმყოფება, პრეზიდენტის ექსკორტს მთელ ქალაქში დავეძებდით.

სააკაშვილის კოორდინატების გაგების შემდეგ, გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ მოძულებული ჟურნალისტები ჯგუფებად დავიყავით და ახლა უკვე იმის გარკვევას ვცდილობდით, ქალაქის რომელ ბიბლიოთეკაში იყვნენ დისლოცირებულნი  პრეზიდენტი და მთელი მისი ამალა.

საბოოლოოდ, სააკაშვილს ცურტაველის ქუჩაზე არსებულ ბიბლიოთეკასთან მივაკვლიეთ. შეხვედრა ხუთი წუთის დასრულებული იყო.

ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქ მანქანის მძღოლები ერთმანეთს ეხუმრებოდნენ:  “კარგად დასკოჩე მანქანა, პენსიონერი არ გადმოგივარდეს”. ამის პასუხად გვესმოდა:  “არა ბატონო, ჩემი საქმე მაგათი მოგროვება და მოყვანა იყო. ახლა ყველა თავისი ხოდით მიდის”.

პენსიონერები მართლაც “თავისი ხოდით” მიდიოდნენ...

“გვითხრეს, რომ პენსია გაიზრდება. ამ შეხვედრის შესახებ დღეს 3 საათზე შეგვატყობინეს. აბა, ჩვენ რა ვიცით მაინცდამაინც ჩვენ რატომ აგვარჩიეს პრეზიდენტთან შესახვედრად?!” – არ მოსწონდათ ჩვენი კითხვა შეხვედრიდან გამოსულ პენსიონერებს.

რუსთავში ადგილობრივი ჟურნალისტები ერთ პენსიონერ ქალბატონს – ანეტა  მჭედლიშვილს კარგად ვიცნობთ. ჩვენი მასთან ყოველი შეხვედრა, სააკაშვილისთვის მის მიერ დაწერილი წერილების კითხვით იწყება. ის უკვე წლებია, რაც პრეზიდენტს წერილებს წერს და მასთან შეხვედრას ითხოვს.

“წერილს ხან ვის ვატან და ხან - ვის. ნეტა, მცოდნოდა, ჩამოსული რომ იყო. მართლა ჩვენი გასაჭირის მოსმენა თუ უნდა, ნაციონალების ბებიები და ბაბუები არ უნდა შემოიკრიბოს. ჩვენნაირ გაჭირვებულ პენსიონერს უნდა დაელაპარაკოს. მლიქვნელობას არ დავუწყებდი, პირდაპირ ვეტყოდი, რა დღეშიცაა ხალხი. მე სიკვდილი კარს მომდგომია და ახალგაზრდებზე უფრო თამამად შემიძლია ვთქვა ის, რაც საჭიროა” – ამბობს რუსთაველი პენსიონერი, ანეტა მჭედლიშვილი-კოპალიანი.

პრეზიდენტის რუსთავში უეცარი ვიზიტის “მთავარი” მესიჯი ისაა, რომ მისი თქმით, პენსია სექტემბრიდან 100 ლარი გახდება.

“ჩვენი საზოგადოების დამსახურებული და საყვარელი ნაწილის, პენსიონერების სოციალურ დაცვაზე დიდი პრიორიტეტი მთავრობას ნამდვილად არ აქვს” – უთქვამს პრეზიდენტს რუსთაველი პენსიონერებისთვის.

დეკლარირებული ზრუნვის მიუხედავად, პრეზიდენტისთვის სახელდახელოდ გადარჩეულ და ამორჩეულ რუსთაველ პენსიონერებს შინ დაბრუნება, მაინც თავისი  “ხოდით” მოუწიათ.