ხაიშელი სვანების ლაზიკაში ჩასახლების გეგმა ჩაიშალა

ხაიშელი სვანების ლაზიკაში ჩასახლების გეგმა ჩაიშალა

„სააკაშვილის ხელისუფლება სვანებისთვის ეგზეკუციის მოწყობას აპირებდა“, - ამის შესახებ For.ge-სთან საუბარში საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი აცხადებს. მისი თქმით, ყოფილ ხელისუფლებას „ხუდონჰესთან“ დაკავშირებული პროექტის განხორციელება არ დასცალდა. თუმცა აღნიშნული გეგმის შესახებ საზოგადოების უმეტესობისთვის დღემდე უცნობია.

„მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ხაიშიდან მოსახლეობის აყრას და ამ ადამიანების ჩასახლებას ე. წ. ლაზიკის კორპუსებში აპირებდა. ეს 2009-2010 წლების გეგმაა, ანუ იმ პერიოდის, როცა„ხუდონჰესის“ ინვესტორის მოძიება დაიწყო. ამაზე ფიქრობდა მერაბიშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი, რომ არა 1-ლი ოქტომბრის გამარჯვება. ამ ინფორმაციის წყაროს არ დავასახელებ, მაგრამ ეს არის 100%-იანი ინფორმაცია. ჩვენ დავამარცხეთ ნაციონალური მოძრაობა, შეიცვალა ხელისუფლება, შეიცვალა მიდგომები, არავინ აპირებს ძალის გამოყენებით მკვიდრი მოსახლეობის აყრას ადგილიდან. მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება ინვესტორის, ენერგეტიკის სამინისტროს, სახალხო დამცველის, მინისტრ კალაძისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სუბარის მონაწილეობით, რომელიც წარმოშობით სვანეთიდანაა. უხუცესებთან მუდმივი დიალოგი წარმოებს. ეს ასეც უნდა იყოს და ინვესტორმა უნდა დააინტერესოს ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენთვის უმთავრესი ღირებულებაა ადამიანი და მისი ჯანმრთელობა, მისი საკუთრების ხელშეუვალობა, რაც გარანტირებულია ჩვენი კონსტიტუციით. ეს უფლებები არც ინვესტორმა და არც მთავრობამ არ უნდა დაარღვიოს და არც იქნება დარღვეული“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გია ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, სამი სოფლის ჩასახლება ლაზიკას უზარმაზარ მეგაპოლისად ვერ გადააქცევდა. ამიტომ გამორიცხული არ იყო, ხაიშელების გარდა, ლაზიკაში ნაციონალებს კიდევ სხვა ეროვნების ხალხი ჩაესახლებინათ (გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ჩინელებზე) და მხოლოდ ამის შემდეგ გაეგრძელებინათ ინვესტორთან მოლაპარაკება.

„მე არ ვიცი, ამის შემდეგ რა გარიგებები იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ინვესტორი არ წავიდოდა ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებაზე. თორემ ნაციონალები ინვესტორის მიერ გამოყოფილ კომპენსაციას ჯიბეში ჩაიდებდნენ და ხალხს გამოყრიდნენ. არაფრად არ ღირს, ბიზნესი ააწყო ადამიანთა უბედურების ხარჯზე. ასეთივე ძალა გამოიყენა მაშინდელმა ხელისუფლებამ თაბუკაშვილის ქუჩის მოსახლეობასთან მიმართებით, როცა ადამიანები გადმოყარეს ფანჯრებიდან, ინვალიდები, ბავშვები ძალის გამოყენებით გამოაძევეს და დაანგრიეს კორპუსი. ხაიშთან მიმართებით ნაციონალებს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავდათ საქმე, 300 თუ 500 ოჯახი სააკაშვილისთვის არაფერს ნიშნავდა, ეს დადასტურდა კიდეც ცხინვალის ტრაგედიის დროს, როცა ათასობით ქართველი შეატოვა ოკუპანტებს“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე აღნიშნულ ინფორმაციას არარეალურს უწოდებს.

„გია ცაგარეიშვილმა თავისი ხელისუფლების პრობლემებს მიხედოს, ხაიშელების პრობლემას მიხედოს და გაანებოს თავი ფანტასმაგორიების მოგონებას. ვერ გეტყვით, იგეგმებოდა თუ არა ხაიშელთა აყრა. ენერგეტიკის სამინისტრომ უკეთ იცის, რა გეგმა ჰქონდათ ხაიშთან დაკავშირებით ნაციონალებს, მარიკა ვალიშვილი მინისტრის მოადგილე იყო მაშინაც და ახლაც და შეგიძლიათ მას ჰკითხოთ. თუმცა „ხუდონჰესის“ გეგმა არ შეჩერებულა. ჩვენს დროს მიმდინარეობდა პროცესი და შეჩერებული ვის დროს არის და რაც ხდება, ყველანი ვხედავთ,“-აღნიშნა გოგა ხაჩიძემ For.ge-სთან საუბარში.

ჩვენ მინისტრის მოადგილე მარიკა ვალიშვილსაც დავუკავშირდით, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ის უცხოეთში იმყოფებოდა. რაც შეეხება ხაიშელთა ლაზიკაში განსახლებას, სამინისტროში ნაციონალთა აღნიშნული გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ. დღევანდელობასთან მიმართებით კი გვითხრეს, რომ ამჟამად ეს გეგმა მსოფლიო ბანკის 4-12 სტანდარტით, ანუ ყველაზე მაღალი სტანდარტით ხორციელდება, რაც ინვესტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოლაპარაკების ნაწილია. 4-12 სტანდარტი კი ძალიან კარგ კომპენსაციას გულისხმობს.

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერს გია გაჩეჩილაძე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ნაციონალების მიერ ლაზიკაში ხაიშელთა ჩასახლების გეგმას საეჭვოდ არ მიიჩნევს. მისი თქმით, ლაზიკა უნდა ყოფილიყო 500-ათასიანი ქალაქი, სადაც ჩინელების ჩამოსახლებას აპირებდნენ. ეს ცნობილი ფაქტია, რადგან ჩინეთის ტელევიზიაშიც გადიოდა ლაზიკის შესახებ რეკლამა.

„ყველაფერი მოსალოდნელი იყო წინა ხელისუფლებისგან, ძალადობაზე იყო აწყობილი ყველაფერი. ისეთი კანონი ჰქონდათ მიღებული, რომ ვითომ სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, შეეძლოთ საკუთრება წაერთმიათ, ადამიანი გადაესახლებინათ“,-აცხადებს გია გაჩეჩილაძე ჩვენთან საუბარში და განმარტავს, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხუდონჰესთან დაკავშირებით „მწვანეთა პარტიას“ პოზიცია არასდროს შეუცვლია. მათი აზრით, ხუდონჰესი კომუნისტური პროექტით, როგორც დღეს არის, არ უნდა აშენდეს. ხუდონჰესის მშენებლობის სხვა, ცხრა ვარიანტიც არსებობს, რომელიც არ ტბორავს სოფლებს და არც ხალხის გადასახლებაა საჭირო.

„კეთილი ინებონ და ასეთი ვარიანტი განახორციელონ, რომელიც მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილებს, კულტურულ მემკვიდრეობას და საძოვრებს არ დაუტბორავს. მოსახლეობის აყრა და „გადაყრა“ ვერც ნაციონალების დროს ვერ მოხერხდებოდა, საშინელი ტრაგედია დატრიალდებოდა. სვანები ვაჟკაცი ხალხია“.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა- „დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ადასტურებს, რომ ნაციონალების დროს, ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაიწყო ხაიშელთა დატბორვის პროცესზე საუბარი და ამ გეგმის მიხედვით, ხალხი უნდა გადასახლებულიყო. თუმცა სად აპირებდა სააკაშვილი მათ გასახლებას, ნინო ჩხობაძისთვის უცნობია.

„ჩემი პირველი გამოსვლები სწორედ ამის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს საკითხები საერთოდ არ იყო შესწავლილი, ახლა სწავლობენ და ახლაც არ ვიცით, როგორ შეისწავლიან ამ საქმეს. მაშინ იყო ძალიან დიდი პროტესტის ტალღა, რამაც ხაიშელთა აყრა, გარკვეულწილად, შეაჩერა. არც იმ პერიოდში და არც ახლა ბოლომდე ინვესტორი არ გვყავს. უბრალოდ, „ტრანსელექტრიკა“ იყო ამ შემთხვევაში შემსრულებელი“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში.