ლუის ნავაროს “ნაციონალებთან” კავშირში ამხელენ

ლუის ნავაროს “ნაციონალებთან” კავშირში ამხელენ

ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანი, კანონი, თავისუფლების” თავმჯდომარესთან გიორგი ჭულუხაძესთან:

- თქვენ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეთ, რომ NDI და მისი ხელმძღვანელი ლუის ნავარო წინა ხელისუფლებასთან შეთანხმებულად მოქმედებდა. რა გაძლევთ ამის საფუძველს? მხოლოდ ის, რომ CRRC-ს ლევან თარხნიშვილი ხელმძღვანელობდა?

- CRRC-ს 2003 წელს ჩამოყალიბდა, რომელსაც ლევან თარხნიშვილი ხელმძღვანელობდა, შემდეგ თარხნიშვილი ხდება ცსკ-ს თავმჯდომარე. 2009 წელს საქართველოში ჩამოდის ლუის ნავარო და ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ხდება. ამ პერიოდში, როდესაც ცსკ-ს თავმჯდომარეა ლევან თარხნიშვილი, NDI-ის კვლევები და ცსკ-ის მონაცემები ყოველთვის თითქმის ერთი-ერთში ეთანხმებოდა და შეჯერებული იყო. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვის საფუძველი. ასევე იქიდან, რომ ლევან თარხნიშვილი და თინა ბოკუჩავა, რომელიც NDI-ში მუშაობდა, ახლა “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან. ჩვენ აქედან გამომდინარეც გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ზუსტად შეთანხმებულად მოქმედებენ, თარხნიშვილის დაარსებული კომპანია CRRC NDI-თან უშუალოდ თანამშრომლობს NDI-თან.

- მხოლოდ CRRC არსებობდა მაშინ, ვისთვისაც შეიძლებოდა საველე სამუშაოების დაკვეთა, თუ სხვა კომპანიებიც იყვნენ და NDI მათთან არ თანამშრომლობდა?

- რა თქმა უნდა, CRRC-ს გარდა სხვა კომპანიებიც არსებობდა, იგივე IPM, “სარკე” თუმცა NDI მათთან გაურკვეველი მიზეზების გამო არ თანამშრომლობდა და საველე სამუშაოებს მხოლოდ თარხნიშვილის კომპანიას უკვეთავდა. ეს კი ჩვენს ვარაუდს, რომ NDI და წინა ხელისუფლება შეთანხმებულად მოქმედებდნენ უფრო საფუძვლიანს ხდის და ამყარებს.

- თანხა, რომელიც როგორც თქვენ აცხადებთ, არველაძის კომპანიამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიიღო, რაში დაიხარჯა, ლობისტურ კომპანიებში?

- ჩვენ ამის დოკუმენტები გვაქვს და დახარჯულია 100 ათას ლარამდე მასთან მიმართებაში. ეს ინფორმაცია გამოთხოვილი გვაქვს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და ეს გადარიცხულია არველაძის კომპანიაში. ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, მოკვლევა გრძელდება, ისევე როგორც კიდევ სხვა თემებზე აღნიშნულ საქმეზე და დეტალებზე საზოგადოებას საქმის კურსში აუცილებლად ჩავაყენებთ.

- ლობისტურ კომპანიებზე რა თანხა დაიხარჯა წინა ხელისუფლების დროს?

- ზოგადად ლობისტურ კომპანიებზე კოლოსალური თანხები იხარჯებოდა. ის, რომ 50 მილიონზე მეტია დახარჯული ეს რეალობაა, მაგრამ ვფიქრობთ, ეს თანხა ნახევარ მილიარდამდე ადის, თუმცა ეს ჯერჯერობით დაუზუსტებელია.