ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, მსუქუბ დაზიანებას გულისხმობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას ვაკეში, აბაშიძის 22-ში, ლიტერატურულ კაფეში, დაესხნენ თავს. ცნობილია თავდამსხმელთა ვინაობაც და როგორც ჭიაბრებაშვილი ამბობს, მას თავს რეჟისორი გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი უმცროსი დაესხა.
შემთხვევის ადაგილზე გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ჭიაბერაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ჭრილობების დამუშავების შემდეგ ჭიბარეაშვილი საავადმყოფოდან გაწერს. მან უკვე მისცა ჩვენება პოლოციას.
შემთხვევის ადაგილზე ჭიაბერაშვილთან და ლადარიასთან ერთად, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძეც იმყოფებოდა, თუმცა თავდამსხმელებს მის მიმართ აგრესია არ გამოუჩენიათ. შარაშენიძე for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ ლიტერატურულ კაფეში იმყოფებოდა, თუმცა დეტალებზე კომენტარს იმ მოტივით არ აკეთებს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მისი კლასელია.
თავდასხმის დეტალებს იხსნებს ჭიაბერაშვილი და აცხადებს, რომ არც ერთ მათგანს პირადად არ იცნობს. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ეს კლიმატი ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დამკვიდრებულია. როდესაც ისინი პირდაპირ გეშავდნენ საზოგადოების ასეთ წევრებს საიმისოდ, რომ მათ ფიზიკური ანგარიშწორება მოაწყონ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანებზე.
„მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც პირადად არ ვიცნობ, ნოდარ ლადარიას ცხელი წყალი შეასხეს და შემდეგ ის ჭიქა რამდენჯერმა ჩამარტყეს თავში, მათი თავდასხმის მოტივი ის იყო, რომ მათ არ მოსწონთ ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა. დღევანდელი ფაქტი პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტიც სათანადად არ იქნა გამოძიებული“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მისი თქმით, ის გიორგი მგელაძეს მხოლოდ ტელევიზიით იცნობს, ხოლო მეორე ადამიანის ვინაობა იქ შეიტყო, რომ ის რეზო თაბუკაშვილია.
„ისინი გავიდნენ კაფედან და მიიმალნენ. ვნახოთ როგორ წარმართავს ამ საქმეს გამოძიება და რა სასჯელი შეეფარდებათ. ნამდვილად არ ვურჩევდი ხელისუფლებას გააგრძელოს ერთი მხრივ ასეთი ძალადობის წახალისება და მეორე მხრივ, საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომი გააჩინოს. თავდამსხმელებმა ერთადერთი რაც თქვეს - როგორ შემოდიხართ საერთოდ აქ, გაეთრიათ აქედანო და გაიქცნენ“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაზარალებულს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორს ნოდარ ლადარიას, ის ამბობს, რომ ეს იყო სრულიად თავხედური და მოულოდნელი თავდასხმა.
„ვერაფერს ვუკავშირებ, იმიტომ, რომ ამ ყაიდის ადამიანებთან ურთიერთობა არა მაქვს და მათი სახელები და გვარები მე პირადად არაფერს მეუბნება. მომხდარს მე ვერაფერს ვუკავშირებ, იმიტომ, რომ ეს იყო სრულიად თავხედური და მოულოდნელი თავდასხმა“, - აღნიშნა ნოდარ ლადარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. უმცირესობა ამბობს, რომ ყველაფერი „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან მოდის, რომელიც სიძულვილის ენაში, დანაშაულის მფარველობასა და ძალადობის წაქეზებაში გამოიხატება.
„ინციდენტი მოხდა იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის სიძულვილის ენის, მიმართულია ძალადობის წაქეზებისკენ. ეს უკვე მერამდენე ფაქტია. ამიტომ, ის რაც მოხდა, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც წელიწადნახევარია „ქართული ოცნება“ ეწევა - ის თესავს სიძულვილს, ადგილი აქვს დანაშაულის მფარველობას და პირდაპირ წაქეზებას.
ჩვენ ვითხოვდით ნუგზარ წიკლაურის ცემის, შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმის პარლამენტის მიერ გამოძიებას, რაზეც პასუხისმგებლობა პარლამენტმა თავიდან აიცილა. ახლა არა მარტო მთავრობა, არამედ პარლამენტი თანამონაწილეა იმ ყველაფრისა, რაც ხდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სერგო რატიანი.
მწერალი ლაშა თაბუკაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის საქციელს გამართლება არ აქვს. ის ამბობს, რომ ამ ინციდენტში გიორგი მგელაძე არაფერ შუაშია, ხოლო მისი შვილი კანონის წინაშე პასუხს აგებს. თაბუკაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დაადასტურა, რომ მისი შვილი აპირებს პოლიციას ჩაბარდეს.
„არანაირი გამართლება ჩემი შვილის საქციელს არ აქვს. როგორც არ უნდა ყოფილიყო გაღიზიანებული, რაც გააკეთა, იმაზე პასუხი უნდა აგოს და ეს ასეც მოხდება. გია მგელაძე არაფერ შუაშია. ის უბრალოდ გარეთ იჯდა. არც უნახავს, შიგნით რა მოხდა, მერე შევიდა. რეზიკო პასუხს აგებს თავის საქციელზე“, - აღნიშნა ლაშა თაბუკაშვილმა და დასძინა, რომ ოჯახი ძალადობას გმობს.
ჩვენ დავუკავშირდით რეზო თაბუკაშვილს და გიორგი მგელეძეს, თუმცა მათ ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში გამორთული ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ჭიაბერაშვილის ცემის ფაქტს წინ უსწრებდა ნუგზარ წიკლაურის, დავით კოდუას, მამუკა ხერხეულიძის და ჰენრი კუპრაშვილის ცემის ფაქტები.
სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი. მინისტრის განცხადებით, ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საკითხი კომისიის 29 მაისის სხდომაზე განსაკუთრებული განხილვის საგანი იქნება.
უწყებათაშორის კომისიას, კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აკისრია რა პასუხისმგებლობა ხელი შეუწყოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, კიდევ ერთხელ შეახსენებს არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს კომისიის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველყონ შიდაპარტიული დისციპლინა და კანონმორჩილება.
„არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ფიზიკური ანგარიშსწორების გზით ზეგავლენა მოახდინოს მშვიდობიან და თანასწორუფლებიან გარემოზე, რაც სამართლიანი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
იუსტიციის მინისტრისგან განსხვავებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე ამბობს, რომ მან არ იცის რა მოხდა კონკრეტულად - „არ ვიცი, იქნებ, დედა შეაგინა ჭიაბერაშვილმა...“, - ამბობს კობახიძე. მისი განცხადებით, რაც მოხდა, ცუდი ფაქტია და ხალხი სამართლიანობის აღდგენით თვითონ არ უნდა იყოს დაკავებული.
„არ უნდა მივიდეს ხალხი იქამდე, რომ თავად დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა. სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ, მე არ ვიცი რა მოხდა და ახლა ასე განცხადებას ვერ გავაკეთებ, არ ვიცი, რა უძღოდა წინ, იქნებ რაღაც შელაპარაკება იყო, რატომ გამორიცხავთ ამას?“, - აცხადებს მანანა კობახიძე.
ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, მსგავსი თავდასხმები ქვეყანაში შექმნის არაჯანსაღ გარემოს. მისი თქმით, ქუჩური შურიძიება ხელისუფლების უმოქმედობამ გამოიწვია.
„ყველაზე ცუდი ის არის, რომ ორი წელია ვლაპარაკობთ - თუ არ დაიწყება სამართლიანობის აღდგენის პროცესი, დაიწყებოდა ეს პროცესი, რომლის კალაპოტში ჩაყენება ძალიან რთული და მძიმე იქნება. ჩვენ ხომ ვიცით და გვახსოვს რა მდგომარეობა იყო 2011-2012 წელს? აქვე უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევა იმდენად გამაღიზიანებელია, რომ გულწრფელად გითხრათ, თავშეკავებულ ადამიანსაც კი გაგიჭირდება მშიდად უსმინო ლაპარაკს იმაზე, რომ ისინი შეცდნენ, მაგრამ ახლა ანგელოზები არიან. ასეთი გარჩევების მომხრე არ ვარ, ალბათ, ხელისუფლებამ ცოტა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ უნდა გააკეთოს განცხადება, რომ ასეთ შემთხვევაში იქნება მკაცრი სასჯელი.
ეს პროცესი არ უნდა მივუშვათ თვითდინებამდე. გეუბნებით, რომ ძალიან რთულად წავა პროცესი და მეშინია, რომ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო არ დაიწყოს ეს პროცესი. თუ ხელისუფლებამ სხვა გამოსავალი არ მოძებნა, ასეთ შემთხვევები, მგავსი თავდასხმები მასიურ ხასიათს მიიღებს და ეს არ იქნება მარტო თბილისში, არამედ ეს იქნება რაიონულ და სოფლის დონეზეც. ვისთანაც მიწევს ურთიერთობა, ვეუბნები, რომ არა შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ საზოგადოებაში ეს მუხტი არის, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება. ამის დაუნახაობა ხელისუფლების დიდი შეცდომაა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მომხდარის უმოკლეს ვადებში გამოძიებას ითხოვს საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე.
„მსგავსი ძალადობრივი ფაქტები მიუღებელია და სახელმწიფომ დროული და ადეკვატურ რეაგირება უნდა მოახდინოს ამ ფაქტზე. გარდა იმისა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ასეთი ქმედებები წინასაარჩევნო პერიოდში ზრდის დაძაბულობას და საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, წინასაარჩევნო პერიოდში უარი თქვან პროტესტის ძალადობრივი ფორმით გამოხატვაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმა“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.