დედაქალაქის ყველაზე სახიფათო ათი წერტილი

დედაქალაქის ყველაზე სახიფათო ათი წერტილი

მთაწმინდა, ცირკის მიდამოები, მუხათგვერდის სასაფლაო, კონიაკის დასახლება, გლდანი-მუხიანის მონაკვეთი - ეს იმ საგანგაშო ტერიტორიების არასრული ჩამონათვალია, სადაც მეწყერი თბილისელებს ემუქრება. მთლიანობაში, საქართველოში მეწყერის რისკის მატარებელი 300-მდე ადგილია, მათ შორის, დედაქალაქში გარემოსდამცველები ყველაზე სახიფათო წერტილებს გამოყოფენ, სადაც წვიმიან ამინდებთან ერთად, სტიქიის საფრთხე სულ უფრო მატულობს. პრობლემას ისიც ართულებს, რომ მითითებულ ტერიტორიებზე გეოლოგების მხრიდან მონიტორინგი საერთოდ არ ტარდება.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – დედამიწის მეგობრები“ თანათავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, დღეისთვის მეწყერსაშიში ზონების არსებული მონიტორინგი არ არის საკმარისი და აუცილებელია დამატებითი მექანიზმების ჩართვა. მთაწმინდის მშრალმა მეწყერმა 2003 წელს სამი ადამიანი ჩაიყოლა. საუბარია მაყაშვილის ქუჩაზე, რომლის მცხოვრებნიც დღესაც აცხადებენ, რომ 15-20 წელიწადში ერთხელ მთიდან მიწა დაბლა ჩამოდის და მათ საფრთხეს უქმნის.

ასეთივე საფრთხის ქვეშაა ე.წ. ცენტროლიტის დასახლებაში მდებარე ლიბანის ქუჩის მე-6 კორპუსი. 1982 წლიდან მოყოლებული, მეწყერმა აქ უბინაოდ 70-ზე მეტი ოჯახი დატოვა, სამი სადარბაზო კი დაცლილია. თუმცა, ვინც გარისკა და მაინც დარჩა კორპუსში, მათ საფრთხე მეწყერისგან კვლავაც ექმნებათ. ისინი აცხადებენ, რომ მიწა არ ჩერდება, შესაძლოა, მოწყდეს და მათ სახლებს დაემუქროს.

როგორც ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, აუცილებელია გარემოს დაცვის მონიტორინგის აღსრულება, ანუ პრევენცია, რაც თბილისთან მიმართებით ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა. სამწუხაროდ, თბილისში ასეთი სტრუქტურა შექმნილი არ არის, რომელიც სახიფათო ზონებზე მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს.

„2003 წელს მეწყერმა სამი ადამიანი შეიწირა მთაწმინდაზე. იქ იყო ბენზინგასამართი სადგური და დილის ოთხ საათზე ჩამოწვა მეწყერი, რამაც ჩაიყოლა ეს ადამიანები. რეალურად, ეს ისევ და ისევ არასწორად დაგეგმილი მშენებლობის გამო მოხდა. თავის დროზე აღნიშნულ მშენებლობაზე შესაბამისი უწყებებისგან ნებართვა არ გაიცა და შემდეგ უკვე სასამართლოს ძალით მიიღეს ნებართვა, დაანგრიეს სპეციალური ნაგებობა, რომელიც აჩერებდა მეწყერს.

ამიტომ, თუ გვინდა სერიოზული პრევენცია, მშენებლობის დაწყებისას კარგად უნდა ჩატარდეს გეოლოგიური სამუშაოები და ყველა საფრთხე სწორად უნდა შეფასდეს. მუნიციპალური სამსახური სამშენებლო ნებართვას რომ გასცემს, მოწადინებული უნდა იყოს, სახლი არ დაიმეწყროს. სხვანაირად, ბრძოლა მეწყერთან ძალზე რთულია. პრაქტიკულად, არც არსებობს არცერთი ეფექტური მეთოდი. თანაც, გააჩნია, რა ტიპის მეწყერია-ზედაპირული თუ ღრმა მეწყერი. ღრმა მეწყერს ვერაფერი შველის, თუ ზედაპირულია, მაშინ შეიძლება მისი შეჩერება.

სხვათა შორის, თავის დროზე ცირკის მიდამოებში არსებული მეწყერი სერიოზულად ფასდებოდა. ახლა თავიდან შესაფასებელია დედაქალაქში მეწყერის მდგომარეობა, მდგრადობა. ეს ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნავს ნინო ჩხობაძე.

თბილისის მერობის კანდიდატი „მწვანეთა პარტიიდან“ გიორგი გაჩეჩილაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თბილისი განლაგებულია ქვაბულში და ის ფერდობები, რომლებიც თბილისს არტყამს, მეწყერული ზონებია. თავის დროზე ეს საკითხი კარგად შეისწავლეს. თბილისის გამწვანების, ანუ ფერდობებზე ტყეების ხელოვნურად გაშენების სერიოზული მოტივიც სწორედ ეს იყო.

„თბილისის ხელოვნურად გამწვანება ჯერ კიდევ 1946 წლიდან დაიწყო, იმ პერიოდში 400 ჰექტარზე მეტი ხე დაირგო, შემდეგ შეიქმნა ახალი პროგრამა და კიდევ 4 ათასი ჰექტარი დაემატა. ამაში მონაწილეობდა საზოგადოებაც, რამაც მეწყრული პროცესები შეამცირა, თუმცა, სამწუხაროდ, 2010 წელს საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ თბილისის ტყეების 8000 ჰექტარი სატყეო ფონდიდან ამოიღო და გაიტანა აუქციონზე, ანუ საპრივატიზაციოდ გაამზადა. მართალია, ბევრის გაყიდვა ვერ მოასწრეს, მაგრამ იმედია, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოგვეცემა ბერკეტები ამ პროცესის შესაჩერებლად. თორემ კატასტროფული სიტუაცია შეიქმნება. მეწყერულ ტერიტორიებზე ნომერ პირველი ამოცანა სწორედ გამწვანება და ხეების დარგვაა“,-აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ

მისივე თქმით, თბილისში ყველა ზონა მეწყერისთვის საშიშია და ეს ზონები 10 წერტილზე მეტი იქნება. თუმცა ყველაზე აქტიური ზუსტად ზემოხსენებული ადგილებია.

თუ რატომ აყოვნებენ შესაბამისი მონიტორინგის სამსახურის შექმნას, ამის შესახებ დედაქალაქის თვითმმართველობაში ერთი პასუხი აქვთ, რომ ისინი საკანმონმდებლო ცვვლილებებს ელოდებიან, რადგან ამ პრობლემის მონიტორინგი, დღევანდელი კანონმდებლობით, გარემოს დაცვის სამინისტროს ევალება. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი კი ამბობს, რომ ამგვარი სამსახურის შექმნას დედაქალაქის თვითმმართველობას არავინ არ უკრძალავს. პირიქით, ოღონდ შეიქმნას ეს სამსახური და ცენტრალურმა ხელისუფლებამ შესაძლოა, დამატებით დაფინანსებაზეც იზრუნოს.