მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით „მოძრაობა 2 ივნისის“ წევრები 2 ივნისს კანცელარიის შენობასთან აქციას აწყობენ. ამგვარი აქცია გასულ წელსაც გაიმართა. აქციის ორგანიზატორები თვლიან, რომ მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანის ციხეში ჩასმა დაუშვებელია.
მათი თქმით, სიცოცხლისთვის საშიში ფორმით ჩადენილი ყაჩაღობა 5-დან 7 -მდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ დროს კი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შენახვა 11 წლით ისჯება, სახელმწიფოს ამ ადამიანების ციხეში შენახვა გაცილებით უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე მათი გარეთ ყოფნა.
საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია არ შეიძლება, რადგან უამრავი ახალგაზრდა ისედაც „დაბოლილი“ დადის და მათი რაოდენობის ზრდასთან ერთად, პირდაპირპროპორციულად გაიზრდება ე.წ. „ბარიგების“ რაოდენობაც. ამის საპირისპიროდ, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მარიხუანის მომხმარებელი ნარკომანი არ არის, მას სჭირდება რეაბილიტაცია და არა - დასჯა. თუმცა, რა თქმა უნდა, „ბარიგების“ შეწყნარება არ შეიძლება.
აუცილებელია თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია? მარიხუანის გამო უნდა სვამდნენ თუ არა ადამიანებს ციხეში?!
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნარკოლოგი გელა ლეჟავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ისეთი კონცენტრაციის მარიხუანის გამოყვანა დაიწყეს, რომელიც თავისი მძიმე შედეგით კოკაინს გაუთანაბრდა და ცხადია, მისი მოხმარების გამო პასუხისგებლობაც მატულობს. რაც შეეხება ჩვეულებრივ მარიხუანას, მარტო საფრანგეთში უამრავი სპეციალური ცენტრი გაიხსნა, რათა მარიხუანაზე დამოკიდებულ ადამიანებს უმკურნალონ. არადა, მარიხუანაზე დამოკიდებულ პირთა რაოდენობას ევროპის სამკურნალო დაწესებულებებში მეორე ადგილი უჭირავს, პირველ ადგილზეა ჰეროინი. ასე რომ, „მოძრაობა 2 ივნისის“ წევრების მიერ აპელირება იმაზე, თითქოს მარიხუანა უვნებელია, არ არის მართალი.
ამის მიუხედავად, გელა ლეჟავა მაინც მიიჩნევს, რომ მარიხუანის მომხმარებელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით არ უნდა დაისაჯოს და ციხეში არ უნდა იჯდეს. თუმცა ამ მკაცრი კანონის სპონტანურად აღკვეთა არ შეიძლება. ჯერ ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც ამ ადამიანებს პასუხს მაინც მოსთხოვს.
„აქ ორი რამ უნდა გავარჩიოთ - ეს არ არის ჰეროინივით ნარკოტიკდამოკიდებული პირი, მარიხუანის მწეველს შეუძლია, არ მოსწიოს, ანუ ის ნარკომანი არ არის და მხოლოდ გართობის მიზნით ეწევა მარიხუანას. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ თავი დაანებონ ნარკოტიკს. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება, პასუხისმგებლობის გარეშე დარჩეს მარიხუანის ან ნებისმიერი ნარკოტიკის მომხმარებელი, მაგრამ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ ბოლო საფეხური უნდა იყოს. ეს მაშინ უნდა მოხდეს, როცა სახელმწიფო და საზოგადოება ყველა შესაძლებელ ზეგავლენას მოახდენს პირზე და მაინც შედეგს ვერ მიაღწევს. ასეთი კომპლექსური ზეგავლენები უნდა მომრავლდეს ჩვენში.
აქ არის არის საუბარი ჯარიმის ღირებულებაზე. მთავარია, რომ ეს იყოს გარდაუვლად დასჯადი. თორემ იმას ვერავინ ვერ დაეთანხმება, რომ ადამიანებს მარიხიუანის მოხმარების თავისუფლება მისცენ. ახლა აპელირებენ, თითქოს მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შენახვა 7 და მეტი წლით ციხეში პატიმრობით ისჯება. სინამდვილეში, ეს მცდარი ინფორმაციაა, შვიდწლიანი პატიმრობა არ გამიგია მარიხუანისთვის, ეს გამორიცხულია. თუ მხოლოდ მოხმარებაზეა ლაპარაკი, ამისთვის 1-2-წლიანი სასჯელია გათვალისწინებული, ხოლო, თუ ლაპარაკია იმაზე, რომ მომხმარებელს აქვს ნარკოტიკის დიდი მარაგი, ეს უკვე სხვა რამეა. ჩვენთან არ არის მცნება, თუ რატომ აქვს პირს სახლში ეს მარაგი. ეს ნიშნავს, რომ ის ამ მარაგის გასაღებას აპირებს და, შესაბამისად, მასზე ვრცელდება ე.წ. წამლის გამსაღებლის მუხლი“, - გვითხრა გელა ლეჟავამ.
მისივე განმარტებით, არავის სჭირდება მარიხუანის მწეველი ციხეში, მაგრამ ეს გახლავთ პრევენციული ღონისძიება, რადგან, თუ გამოვაცხადებთ, რომ მარიხუანის გამო არავინ ისჯება და, თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ ეს არ არის სახიფათო, მაშინ ნებისმიერი ასაკის ბავშვი თუ მოზარდი მიიღებს მარიხუანას და იმაზე უფრო მძიმე სურათის წინაშე აღმოვჩნდებით, ვიდრე ეს ევროპაშია. მით უმეტეს, ჩვენთან ნარკომანიის დონე ძალიან მაღალია. ამიტომ ნარკოლოგის თქმით, ყველამ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევამციროთ ეს დონე და არ გავზარდოთ.
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ცივილიზებულ სამყაროში მარიხუანა დეკრიმინალიზებულია, რაც ნიშნავს, რომ მისი მოხმარებისთვის ადამიანს სისხლის სამართლის კოდექსი არ მიეყენება და ციხეში არ უშვებენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთი კატეგორიის პირებს არ უწესებენ სანქციებს. სხვათა შორის, ეს სანქციები ძალზე მკაცრია, რაც საქართველოშიც უნდა განხორციელდეს.
„ეს არ ნიშნავს, რომ ნარკოტიკების ან მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება დასაშვებია. რაც არ უნდა მსუბუქი იყოს ნარკოტიკი, საზოგადოებას და სახელმწიფოს მასთან სასტიკი ბრძოლა აქვს გამოსაცხადებელი, რადგან 21-ე საუკუნის მთელი პრობლემა ნარკოტიკების მოხმარებაა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში, ისინი დაუცველები არიან. საზოგადოებაც ძალზე პასიურია. ინიციატივები, რომლებიც წამოვიდა დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, ისე ჟღერს, გეგონება, ნარკოტიკების პროპაგანდა და მოწონება იყოს. ამას ჯანმრთელი ცხოვრების წესით, ავტორიტეტების ჩართვით უნდა ვებრძოლოთ.
ნარკოტიკების გამსაღებელნი კი სასტიკად უნდა დაისაჯონ და 10-15 წელი მათთვის მინიმალური პატიმრობა უნდა იყოს. ეს არის სოციალური ავადმყოფობა. საერთოდ, ადამიანი სოციალური არსებაა, რაც ნიშნავს, რომ ძალზე დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენზე სხვა ადამიანებს. ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ერთმანეთზე. განწყობის თეორიის მიხედვით, არსებობს ასეთი კანონზომიერება, თუკი ავტორიტეტი დადებით განწყობას გამოხატავს ნარკოტიკის მიმართ და ახალგაზრდაც დადებითად არის განწყობილი ამ ავტორიტეტისადმი, მასაც, მისდა უნებურად, უჩნდება დადებითი განწყობა ნარკოტიკის მოხმარებისადმი და ამას ძნელად თუ დაუსხლტება ვინმე“, - აცხადებს დიმიტრი ნადირაშვილი და მიიჩნევს, რომ ცნობილმა სახეებმა არავითარ შემთხვევაში, საზოგადოებრივად არ უნდა გამოხატონ დადებითი განწყობა ნარკოტიკის მიმართ, თორემ ახალგაზრდები მოწყვლადნი არიან და გადამდებია ეს განწყობა.
რაც შეეხება სასჯელს, დიმიტრი ნადირაშვილის აზრით, სისხლის სამართლის კოდექსის გაუქმება ასე უცბად არ ივარგებს. საჭიროა, პროცესი თანმიმდევრულად წარიმართოს. თორემ უცებ ასეთი კარის გახსნა ნარკოტიკის მიმართ მცირედი სიმპათიის მქონე ადამიანსაც ადვილად გადაადგმევინებს ნაბიჯს ნარკოტიკისკენ. ამის მაგალითად ფსიქოლოგს ამერიკა ახსენდება, რომელმაც მაშინვე კი არ შემოიღო სანქციები, არამედ 20-წლიანი ბრძოლა გამოუცხადა სიგარეტის მოწევას. ანუ საზოგადოება შეაჩვიეს და მათმა ტაქტიკამ გაამართლა. 20-წლიანი ბრძოლა ამ სენზე სრული გამარჯვებით დამთავრდა, ახლა ახალგაზრდები აშშ-ში აღარ ეწევიან და საამისოდ არავითარი რეკლამა არ არსებობს.
ასეთივე თანმიმდევრული პოლიტიკაა ჩვენთან საჭირო, რომელიც მოხსნის კრიმინალურ სასჯელს და ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკის მომხმარებლად მაინც დარჩებიან, გამოაცხადებს გარიყულად, მათი აზრი აღარ იქნება ავტორიტეტული ახალგაზრდებისთვის. ასეთი ადამიანები უმცირესობაში ყოველთვის იქნებიან და ყოველთვის იყვნენ კიდეც, მაგრამ ძირითადი მასისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ.