"დღეს საქართველო დიდ სახელმწიფოებს შორის გარიგების ობიექტია".

"პუტინსა და დასავლეთს შორის უკრაინისა და საქართველოს საკითხზე კულუარული საუბრები ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც ჩანს, რუსეთი მართლაც არ შეუშლის ხელს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, თუმცა, მთავარია, შემდეგ რა მოხდება. სამწუხაროდ, ბაროზოს არ უთქვამს, რას მოიმოქმედებს პუტინი უკვე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, განსაკუთრებით კი ნატოს ლონდონის სამიტის წინ, სადაც შესაძლოა, საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი გადაწყდეს", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მერად დაბრუნებული უგულავა ამით მაგარ პიარს გაიკეთებს" / "დღეს საქართველო დიდ სახელმწიფოებს შორის გარიგების ობიექტია". 

"დასავლეთსა და პუტინს შორის კულუარული საუბრები მუდმივად მიმდინარეობს. დღეს დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების მთავარი არენა უკრაინაა და პირდაპირ ვიტყვი, თავად უკრაინელი ხალხის ბედი ყველას ფეხებზე ჰკიდია. აშკარაა, რომ უკრაინაში პუტინი მხოლოდ ყირიმის ანექსიით არ დაკმაყოფილდება. მისი მომდევნო სამიზნე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებია. თუ პუტინმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებზე უარი თქვა, ეს რუსი მოსახლეობის მიტოვებად ჩაეთვლება და პოლიტიკურ გვამად იქცევა. ეს კარგად იცის რუსეთის პრეზიდენტმა და დასავლეთმაც. ამიტომ უკრაინაში ბრძოლა სულ უფრო დიდ მასშტაბს შეიძენს. უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე დიდწილადაა დამოკიდებული, თუ რა გარიგებას მიაღწევენ საქართველოს საკითხში დასავლეთი და პუტინი. სამწუხაროდ, დღეს საქართველო დიდ სახელმწიფოებს შორის გარიგების ობიექტია. თუ დასავლეთი უკრაინაში დამარცხდა, საქართველო მისი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევა. თუ პირიქით მოხდა და პუტინმა წააგო უკრაინა, შესაძლოა, მოვლენები საქართველოსთვის უსიამოვნო სცენარით განვითარდეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"სამწუხაროდ, თუ რუსეთმა უკრაინაში წააგო, არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთმა კულუარული გარიგებით საქართველო მოსკოვს დაუთმოს. თუმცა, ხაზს ვუსვამ - ეს მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება, რადგან დასავლეთი საქართველოს საბოლოოდ არასოდეს დათმობს. თუ დასავლეთმა საქართველო დათმო, გამოდის, დათმობს აზერბაიჯანსაც მის ნავთობიანად, ეს კი არასოდეს მოხდება. დასავლეთიც და რუსეთიც, ნებისმიერი გარიგების შემდეგ, მაინც ისე მოქმედებენ, როგორც მათი ინტერესები მოითხოვს, ოღონდ რუსეთი მაშინვე არღვევს პირობას, დასავლეთი კი უფრო დახვეწილად მოქმედებს", - განაგრძობს რესპონდენტი. 

"საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - დასავლეთი მას გრძელვადიან პერსპექტივაში არ დათმობს. ერთ ამბავს გეტყვით: რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა ორჭოსანთან, ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე, დაამონტაჟეს აბრა წარწერით: "სამხრეთი ოსეთი". გარწმუნებთ, უკრაინის მოვლენები ისე არ განუცდიათ დასავლეთში, როგორც ეს ამბავი. ეს სილის გაწვნად აღიქვეს. არ არის გამორიცხული, რუსეთმა საქართველოს სხვადასხვა ფაქტორის მომიზეზებით მორიგი ემბარგოც გამოუცხადოს. თუმცა, რეალური მიზეზი არა ასოცირების ხელშეკრულება იქნება, არამედ ნატოს ლონდონის სამიტი, თუ იქ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი დადგა. ალბათ, საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს ყველანაირი სცენარისთვის და იმისთვის, რომ თუნდაც ემბარგო უმტკივნეულოდ გადაიტანოს", - დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვას - "მოსკოვს აშფოთებს ალასანიას მოწოდება, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს თავდაცვითი სისტემების განთავსების თაობაზე..." - პასუხობს:

"მოსკოვისგან ასეთი განცხადება მოსალოდნელი იყო. სხვათა შორის, არც ის გამიკვირდა, როდესაც ალასანიამ, თავის დროზე, მსგავსი განცხადება გააკეთა. სხვა საქმეა, განცხადების კონკრეტულად გაკეთების დრო იყო თუ არა შეთანხმებული სახელისუფლებო გუნდთან. ზოგიერთისთვის საკამათოა ისიც, რამდენად დროული იყო მსგავსი განცხადების გაკეთება. თუმცა, საზოგადოდ, მსგავს თემებზე მსჯელობა მიმდინარეობს საქართველოშიც და დასავლეთშიც და ეს დიდი საიდუმლოება არ არის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ნატოს თავდაცვითი სისტემების განთავსების საკითხი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და კონკრეტულ თემებზე მიმდინარეობს მსჯელობა".