22 მაისს ბოტანიკურმა ბაღმა უჩვეულო სტუმრებს უმასპინძლა. თეთრად შეღებილი სახით და შავ ტანსაცმელში გამოწყობილმა ქართველმა ახალგაზრდებმა გოთების საერთაშორისო დღის აღნიშვნა ტყეში გადაწყვიტეს. თანამედროვე სუბკულტურის მიმდევრებმა გოთების საერთაშორისო დღე თბილისში პირველად აღნიშნეს. წითელი ღვინო და მუსიკა ქართველი გოთების ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი იყო.
გოთების საერთაშორისო დღეს, რომელიც მსოფლიოში 2009 წლიდან ტარდება, ქართველები მხოლოდ წელს შეუერთდნენ.
"საქართველოში ეს დღე პირველად აღინიშნება, შევიკრიბეთ ქართველი გოთები და გვინდა ჩვენი სოციუმი შევიქმნათ", - ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი სანდრო მენსონი.
სანდრო, რომელიც მერლინ მენსონის ფანია, სამომავლოდ უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებების აპირებს და სურს ამ დღეს საქართველოში ფესტივალის სახე მიეცეს.
ამბობენ, რომ გოთიკა კულტურაა, ხოლო სატანისტობა რელიგია და საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული აზრიც მცდარია. ირწმუნებიან, რომ კატები უყვართ და არ კლავენ.
"ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ ვართ სატანისტები, რომლებიც სასაფლაოზე ვიკრიბებით და რიტუალებს ვატარებთ, ვკლავთ კატებს და ათას ბოროტებას ჩავდივართ, რეალურად კი ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ხელოვანი ხალხი ვართ და რელიგიასთან არანაირ კავშირში არ ვართ", - აღნიშნავს მერლინი.
რით განსხვავდებიან გოთები ჩვეულებრივი ადამიანებისგან? ამბობენ, რომ პრობლემებსა და ერთფეროვან ცხოვრებაზე უარს ამბობენ, სურთ შექმნან რაიმე ახალი და იმსჯელონ რეალობიდან გამომდინარე, ვიდრე დღეს ხალხი მსჯელობს, და არ არიან ერთი ადამიანის აზრზე დამოკიდებული, დაზომბირებული სოციუმი.
"შავი - გლოვის მომასწავებელი ტანსაცმელი, თეთრი სახე და შავი ტუჩები გოთიკისთვის დამახასიათებელია, ანუ სიკვდილის ფეტიში, სიკვდილის რომანტიზმი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სიკვდილი არ გვაშინებს და სიკვდილამდე ადამიანებმა სწორად და ლამაზად უნდა იცხოვრონ", - ამბობს თეა.
ქართველი გოთები ადასტურებენ, რომ სასაფლაოზე ხშირად დადიან, რადგან "იქ სიმშვიდეა და სიკვდილთან ახლოს ხარ".
რაც შეეეხება სისხლს, როგორც კიდევ ერთი გოთი, გიორგი განმარტავს, სისხლი ზოგს ესთეტიურად მოსწონს და ვამპირიზმთან აკავშირებს. მისი თქმით, გოთიკაში არის
ერთ-ერთი მიმდინარეობდა - ვამპირი გოთები, რომლებიც გარეგნულად ვამპირებს ემსგავსებიან.
გოთები ერთ-ერთი თანამედროვე სუბკულტურის წარმომადგენლები არიან, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობენ. სუბკულტურა გაერთიანებულ სამეფოში ადრეულ, 80-იან წლებში გოთიკური როკის სცენაზე აღმოცენდა, როგორც პოსტ პანკის ჟანრის განშტოება. გოთური სუბკულტურა ასოცირებულია განსაკუთრებულ მუსიკალურ გემოვნებასთან, ესთეტიკასთან, მოდასთან. გოთები იცვამენ პანკურ, ანდროგენულ, შუა საუკუნეების, რენესანსისა და ვიქტორიანული ეპოქისათვის დამახასიათებელი სტილის ტანისამოსს. ეს ყველაფერი კი კომბინაციაში მოჰყავთ ძირითადად შავ მორთულობასთან, სპეციფიკურ მაკიაჟთან და თმის ვარცხნილობასთან.