მარტყოფში სირიელი ლტოლვილებისათვის ახალ ბანაკს ააშენებენ

მარტყოფში სირიელი ლტოლვილებისათვის ახალ ბანაკს ააშენებენ

"უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც სირიაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს. ოფიციალური მონაცემებით, სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციის შეიარაღებულ მხარდამჭერებს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე მყოფი ქვეყანა მილიონობით მოქალაქემ დატოვა. ლტოლვილთა დიდმა ნაწილმა თავი მეზობელ თურქეთს, ლიბანსა და იორდანიას შეაფარა. მათი ნაწილი საქართველომაც შეიფარა. ამ თემაზე გაზეთ "რეზონანსს" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეპატრიაციისა და ლტოლვილთა დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი კოკაია ესაუბრა", - წერს გაზეთი"რეზონანსი" სტატიაში სათაურით მარტყოფში სირიელი ლტოლვილებისათვის ახალ ბანაკს ააშენებენ / მინისტრის მოადგილის ცნობით, მათთვის ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარია გამოყოფილი.

"სირიელი ლტოლვილები საქართველოში პირველად 202 წლის ზაფხულში ჩამოვიდნენ. მეორე ნაკადი ქვეყანაში იმავე წლის შემოდგომაზე შემოვიდა, შემდეგი - 2013 და 2014 წლებში. მათი დიდი ნაწილი ერაყის მოქალაქე იყო, რომლებიც ომის დაწყებამდე სირიაში ცხოვრობდნენ. 2012 წლიდან დღემდე თავშესაფრის მოთხოვნით 1800-მდე ადამიანმა მოგვმართა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მათ ავტომატურ მიღებას არ ნიშნავს. უწყება მათ საქმეებს ინდივიდუალურად, 6 თვის ვადაში განიხილავს და დადებითი პასუხის შემთხვევაში მათ თავშესაფარს აძლევს", - აცხადებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეპატრიაციისა და ლტოლვილთა დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი კოკაია.

"აღსანიშნავია, რომ ბევრმა მათგანმა ქვეყნის ტერიტორია ამ პასუხის მიღებამდე დატოვა. ბევრი მათგანი ოჯახებით არის ჩამოსული. დღესდღეობით საქართველოში, საერთო ჯამში 500-მდე სირიელი ლტოლვილი იქნება. ვინაიდან სირიაში საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, შესაბამისად, თავშესაფრის მსურველთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი კოკაია.

"მათი ნაწილი თბილისში, ნაწილი კი მარტყოფში, მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ბანაკში ცხოვრობს. ამ თავშესაფრის ტერიტორიაზე 60 მოქალაქეა. ვინაიდან ადგილები მარტყოფის ბანაკშია შეზღუდულია, ვცდილობთ, იქ ის სირიელები განვათავსოთ, რომლებიც ისეთი ოჯახებით არიან ჩამოსულები, სადაც ბავშვები არიან. წელს იგეგმება მეორე ბანაკის აგება მარტყოფში, რომელიც უფრო დიდი იქნება და უფრო მეტ ადამიანს მოემსახურება. მის მშენებლობას აშშ აფინანსებს. რაც შეეხება ბანაკის მატერიალურ უზრუნველყოფას, ხარჯების ნაწილს თავის თავზე საქართველოს ხელისუფლება იღებს. ამ მიზნით ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხაა გამოყოფილი, რომელიც წელიწადში 150,000 ლარს შეადგენს. აქ შედის როგორც კომუნალური გადასახადები, აგრეთვე კვება და სხვა. ხარჯების ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს მიერ იფარება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჩვენმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ჟენევის კონვენციას ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს უფლება, უარი ვუთხრათ თავშესაფრის მინიჭებაზე იმ ადამიანს, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება და რომელიც საკუთარ ქვეყანაში დევნას განიცდის. სხვათა შორის, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა ამ სტატუსით. საქართველოსათვის მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პერიოდში მათ თავი ევროპის ქვეყნებს შეაფარეს. დღესდღეობით ისინი არა მარტო საკუთარ თავს, არამედ აქ დარჩენილ ახლობლებსაც არჩენენ. შესაბამისად, გაუგებარია იმ მოქალაქეთა პოზიცია, რომლებიც ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ", - დასძენს ირაკლი კოკაია.