ინგუშეთში თამარ მეფის სავარაუდო საფლავი აღმოაჩინეს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ცნობილი მეცნიერი, კავკასიოლოგი, აწ გარდაცვლილი მიხეილ ქურდიანი გამახსენდა, რომელმაც წლების წინ მითხრა - ინგუშები ამბობენ, ქართველები ვართო და ვაჟის დაბადებისას წინათ ასე ილოცებოდნენ, ქართველივით ვაჟკაცი გაიზარდეო.
მართალია, ქართველმა მეცნიერებმა სკეპტიკურად აღიქვეს ინგუშეთში თამარ მეფის საფლავის არსებობა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩრდილო კავკასიაში 35 ქართული ძეგლი და ოცამდე ნანგრევია შემორჩენილი, განსაკუთრებით კი ეკლესია-მონასტრები და სვანური კოშკები, თავისი საბრძოლო პარაპეტებით. მართალია, თემურ-ლენგის შემოსევის შემდეგ ქართველთა გავლენა ჩრდილო კავკასიაში შესუსტდა და იქაურებმა მაჰმადიანობა მიიღეს, მაგრამ წარმართული ელემენტი მაინც მძლავრობს კავკასიელ მთიელებში, ხოლო თამარის სახელი მათში ისევე პოპულარულია, როგორც საქართველოში, სადაც თითქმის ყოველი კუთხე ეცილება ერთმანეთს, რომ თამარის ნეშტი მათთან განისვენებს.
უძველეს ინგუშურ გადმოცემას თუ მივყვებით, თამარი მდინარე ასას ხეობაშია დაკრძალული. სულ ახლახანს გამოქვაბულიც სწორედ ინგუშეთის ტერიტორიაზე არსებულ მეცხრე -მეთერთმეტე საუკუნის ქართული ეკლესიის ტყობა-ერდის მიდამოებში აღმოჩნდა.
კერძოდ, ინგუში არქეოლოგების ცნობით, ინგუშეთის მთიანეთში, ჯეირაჰის რაიონში, მდინარე ასას ხეობაში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, გამოჩნდა გამოქვაბული, რომლის შესასვლელშიც განლაგებულია მასიური ქვები, ძველ ქართულ ენაზე შესრულებული წარწერებით. ინგუში მეცნიერების აზრით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გამოქვაბულში დიდგვაროვანია დაკრძალული. გამოქვაბული უკვე მოინახულა ინგუშეთის პრეზიდენტმა, ეკლესიისა და გამოქვაბულის მთელ პერიმეტრზე კი გაძლიერებული დაცვა დგას. თუმცა აშკარაა, რომ გამოქვაბულამდე მისვლა შავი არქეოლოგებისთვის ადვილი არ იქნება და ამას სოლიდური ალპინისტური აღჭურვილობა დასჭირდება.
კრუპნოვის სახელობის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილე უმალატ გადიევი აცხადებს, რომ შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ აღმოჩენილი გამოქვაბული თამარ მეფის საფლავი იყოს. ასევე, არ არის გამორიცხული, ასეთივე გამოქვაბულში იყოს დამალული ალანიის დედაქალაქის, მაგასას ძვირფასეულობა. გადიევის განცხადებით, ამის შესახებ დადასტურებულად რაიმეს თქმა შეუძლებელია, სერიოზული მუშაობა კი ჯერ არ დაწყებულა.
არსებობს სხვა ვერსიაც, რომ დედის ანდერძის თანახმად, ლაშა-გიორგიმ თამარი იერუსალიმში დაკრძალა. სხვა ვერსიით კი, პოლიტიკური არეულობის გამო ლაშა-გიორგიმ იერუსალიმს ვერ ჩააღწია და თამარი კუნძულ კვიპროსზე, ქართველების მიერვე აშენებულ ღალიის მონასტერში დაკრძალა. თუმცა რამდენიმე წლიანმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ეს ვერსია ვერ დაადასტურა. ვატიკანის მონაცემებით კი, თამარ მეფე პალესტინაშია დაკრძალული.
ერთ-ერთი ვერსიით, 1510 წლის 23 ნოემბრამდე, სანამ თურქები, ქუთაისთან ერთად, გელათის მონასტერსაც გადაწვავდნენ, თამარის, დავით აღმაშენებლის და სხვა ქართველ მეფეთა ძვლები უფრო უსაფრთხო ადგილას გადაასვენეს, თუმცა ეს ადგილი დღემდე უცნობია.
ამ ვერსიების პარალელურად, ყველა საისტორიო წყარო მიუთითებს, რომ თამარ მეფე დაიკრძალა გელათში, ქართველ მეფეთა ტრადიციულ საძვალეში. თუმცა ბევრი თქმულება გადმოგვცემს, რომ მეფე თამარმა თვითონვე ინება სიკვდილის შემდეგ უკვალოდ გაქრობა. მისი ანდერძი ყოფილა, ისე დაეკრძალათ, მისი საფლავის შესახებ არავის სცოდნოდა. ამიტომ გაუკეთებიათ ექვსი ერთნაირად მოოქროვილი კუბო, ერთი ოჯახიდან მიუყვანიათ ოთხი ძმა, რომელთაც თამარის ცხედარი წაუსვენებიათ და საიდუმლოდ დაუსაფლავებიათ. ძმები უკან აღარ დაბრუნებულან. ამიტომ თამარის საფლავის ადგილმდებარეობა არავინ იცის.
არსებობს გალექსილი თქმულებაც, რომლის მიხედვითაც, თამარის მიერ დამარცხებულ რუქნადინს დაუქადნია, ცოცხალს ვერ მოვერიე და მის საფლავს მაინც მოვაოხრებო. ამდენად, თამარის საფლავის გასაიდუმლოების მიზეზები ქართულ თქმულებებში გადმოცემულია.
ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს ეეჭვება, რომ ინგუშეთში თამარ მეფის საფლავი იყოს. ისტორიკოსის თქმით, მართალია, ჩრდილოეთ კავკასია მაშინ საქართველოს პოლიტიკურ გავლენაში იმყოფებოდა, მაგრამ რატომ უნდა დაესვენებინათ თამარი ინგუშეთში?! რაც მთავარია, სამმა ისტორიკოსმა, რომელთაგან ორი თამარ მეფის თანამედროვეა, ხოლო ერთი თამარის შვილის- ლაშა-გიორგის, დაწერა, რომ თამარი დაკრძალულია გელათში.
ქართველ მეცნიერს გივი ღამბაშიძეს, რომელიც 1969-70 წლებში კავკასიაში, ტყობა-ერდზე არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა, თამარის შესახებ ინგუშეთში არსებული თქმულებები არ უკვირს, რადგან იმიერკავკასიონის სივრცე საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, რელიგიურ სივრცეში შემოდიოდა. მეცნიერი არაფერს გამორიცხავს, თუმცა მაინც ფიქრობს, რომ თამარის საფლავის ინგუშეთში არსებობა მაინც უფრო სენსაციური ინფორმაციაა.
„ჩემი ახალგაზრდა კოლეგა, ბატონი უმალატ გადიევი ფიქრობს, რომ შესაძლებელია, ეს არის აკლდამა, სადაც შეიძლება დასაფლავებული იყოს ლეგენდარული ქართველი მეფე თამარი, ან შესაძლებელია, აქ იყოს ალანიის სახელმწიფოს დედაქალაქის-მაგასის საგანძური. ეს ქალაქი განადგურდა თათარ-მონღოლების მიერ 1238-1239 წლებში. ვცდილობდი გადიევთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ მოხერხდა. თუმცა ვესაუბრე პროფესორ მუსა გულიევს, საქართველოს დიდ მეგობარსა და ცნობილ მეცნიერს, ის თავს იკავებს ამ ინფორმაციის დადასტურებისაგან და უკვირს, რატომ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია. ამიტომ აკადემიურ დასკვნას უნდა დაველოდოთ. ინგუშეთში თუ მთლიანად ჩრდილო კავკასიაში არაერთი ქართული კულტურის ძეგლი იყო. მთელი ჩრდილო კავკასია მიმოფანტულია უბრწყინვალესი ქრისტიანული კულტურის ძეგლებით, ქართულ-ინგუშური ძეგლებით, მე პირადად შევისწავლე რამდენიმე ეკლესია ინგუშეთში. ბევრი ტოპონიმია დაკავშირებული თამართან, მეფე დავითთან, ერეკლე მეფესთან. ინგუშურ თქმულებებში ხშირად არის ნახსენები ქართველი მეფეები და მთელი ჩრდილო კავკასიური სივრცე (მე-10-11-12-13 საუკუნემდე) ქართველებთან ერთად საერთო სახელმწიფოებრივი, კონფესიურ-რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობდა. იქ ჩვენი საერისთაოები იყო და მცხეთის საკათილიკოსო-საპატრიარქოს ექმვემდებარებოდა საეპისკოპოსოები და სამიტროპოლიტოები. დაღესტანში კათალიკოსი ოქროპირიც კი ბრძანდებოდა. არ გადავამეტებ, თუ ვიტყვი, რომ თამარ მეფე არა მარტო ქართველთა უდიდესი მეფე, არამედ მთელი კავკასიის მეფეც იყო“, - აღნიშნა გივი ღამბაშიძემ For.ge-სთან საუბარში.
ამასთან, იგი იხსენებს, რომ ზოგიერთი ხალხური თქმულება გამართლებულა კიდეც. მაგალითად, ძველი ბერძნული მითები არქეოლოგიური გათხრებით დადასტურებულია, ასევე, დადასტურდა კავკასიური მითოლოგიაც.
„გამოქვაბულები უფრო კლდეებში, გარკვეულ სიმაღლეზე გვინახავს. ინგუშეთში სულ ახლახანს აღმოჩენილი გამოქვაბული კი მიწის დონეზე იყო და მეწყერმა გამოაჩინა. გადიევი ბრძანებს, ეს არის აკლდამური სამარხიო. შესაძლებელია, ეს იყოს მიწისქვეშა ან ნახევრად მიწისქვეშა აკლდამა, ჩემთვის ეს უფრო მისაღებია, ვიდრე ის, რომ გამოქვაბულები მიწაში ვეძებოთ. თუმცა ვარძიაში გამოქვაბულების ქვედა სართული მიწით იყო დაფარული, 60-იანი წლების მიწურულს, პირადად მე ვმუშაობდი და ვთხრიდი გამოქვაბულებს და ზოგიერი მათგანი მიწის ქვეშაც ყოფილა მოქცეული“.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი For.ge-სთან საუბარში ძალზე საინტერესოდ მიიჩნევს ინგუშეთში აღმოჩენილ საფლავს, მაგრამ მის შესახებ საუბარი უჭირს, რადგან ეს გამოქვაბული ჯერ არცერთ ქართველს არ უნახავს.
„არარეალურად მეჩვენება, თამარი სადმე სხვაგან იყოს დამარხული. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ ამბობს, რომ თამარის ცხედარი წაასვენეს გელათში, მის სამემკვიდრეო საძვალეში და იქ დაკრძალეს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა ერთი ადგილი გათხარა გელათში, მაგრამ ვერ მიაკვლია თამარის საფლავს. ამიტომ ეს თემა დაიხურა. მას შემდეგ თამარის საფლავის ძებნის არავითარი ღონისძიება არ ჩატარებულა. ჩვენ გვაქვს მოგზაურ დე ბუას ინფორმაცია, რომელიც აღწერს, რომ გზაზე მას შეხვდა თამარ დედოფლის ვაჟი, უფლისწული ლაშა-გიორგი. იგი წმიდა მიწაზე, იერუსალიმში მიასვენებდა თავისი დედის ნეშტს. რასაკვირველია, არ არის გამორიცხული, რომ ლაშა-გიორგის დედა გელათიდან იერუსალიმში გაედაესვენებინა, ან ასეთი ანდერძი დაეტოვებინა თამარს, მაგრამ რეალურად ესეც არ დასტურდება. 20 წლის წინ გაითხარა საფლავი იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში. სხვათა შორის, თამარის საფლავს არ ეძებდა ბერძენი არქეოლოგი, იკონოპულოსი. მან აღმოაჩინა დამარხული ქალი და დაასკვნა, რომ ეს იყო თამარი. იქ მეორე საფლავიც გაითხარა, ისიც ქალის იყო და ვარაუდობდნენ, რომ ის თამართან დაახლოებული პირი, ან შეიძლება, რუსუდანიც ყოფილიყო. მაგრამ ესეც საბოლოოდ დადასტურებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თავად ბერძენი არქეოლოგი თვლის, რომ ეს არის თამარ მეფის საფლავი“, - გვითხრა როინ მეტრეველმა.
მანვე განმარტა, რომ დღეს სხვადასხვა არქეოლოგიური მეთოდი არსებობს, რომლითაც შეიძლება, თავიდან შეამოწმონ გელათში არსებობს თუ არა თამარის საძვალე. კერძოდ, მიწის ზემოდან გადაიღებენ მათთვის საინტერესო მასალას, რომ ბრმად არ ამოთხარონ მიწა. მისივე თქმით, თამარის დედა, ბორდოხანი ალანი იყო, ლამაზი და მიღებული ქალბატონი, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ამიტომ თამარს ჩრდილო კავკასიაში დამარხავდნენ.
„საერთოდ, საქართველოს მეფეთა შორის ყველაზე მეტი თქმულება თამარის შესახებაა. არც დავით აღმაშენებლის, არც გიორგი ბრწყინვალის შესახებ ამდენი თქმულება არ არის. ასევეა, ერეკლე მეორის შესახებაც. ამას თავისი გამართლება აქვს. ყველა ლეგენდაში აღნიშნულია, რომ თამარის რამდენიმე კუბო გაიტანეს. ზოგი წერს, რომ 12 კუბო დამარხეს სხვადასხვა კუთხეში და, ვინც გაიტანა, მათ თავი მოიკლეს. აღნიშნულია, რომ თამარი დაიკრძალა რაჭაში, სვანეთში, აჭარაში, ტაო-კლარჯეთში. ამას წინათ ჩემთან შავშეთიდან ჩამოსული იყო ერთი პიროვნება, იქაური ქართველი, რომელმაც თქვა, რომ მან იცოდა თამარის საფლავის შესახებ. ეს არის ფოლკლორის დონეზე გავრცელებული ინფორმაციები. თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ თამარი ნამდვილად დაიკრძალა გელათში. ამასთან, არ გამოირიცხება, რომ მოგვიანებით თამარის ნეშტი ლაშა-გიორგის იერუსალიმში გადაესვენებინა“.