დიტო გელოვანი: შაპიტოში შიპიტია

დიტო გელოვანი: შაპიტოში შიპიტია

იფ-იფ-იფ, ასე ამბობს და გაჰხედავს ჩრდილოეთის მხარესა.

ერთიც გაჰხედა და დამიარა ძვალ-რბილში სიკვდილის ძაფმა. იმიტო რო, პირისპირ ვერა ვცნობდი და გვერდულ რო შავხედე, ვუთხარი ჩემ ყმაწვილ გულსა, თუნდა ლეკისა იყავ, დეგერჭობა-მეთქი ყარაიული ბებუთი. ჩვენა ხო ბარათაანთ ნაყმევი ვართ და ყველა ბარათაშვილსა ვსცნობთ. იმათში ორი ყოფილა ფინთი და ავი და ერთი იდგა ჩემ წინ არაშენდას ციხის თავზე.

ჩემ წინ იდგა ბარათაანთ შადიმანა, ვინაც თვალების ჭუტვით მისცა ლეკებს გიორგი სააკაძე და განთქმულია მეფისთვის ჩახოხბილის კაი კეთებით.

ჩემი ნება ყოფილიყო, იმას კაჭრელების დუქანში დავაყენებდი ჩამხოხბავათ, მაგრამა, აგე, ვოროშილოვივით დგას და იმ ფაფარა თმასაც ქარი უფრიალებს.

ეხლა, რა არის საქმე...

(აკა მორჩილაძე, ”კაპულა ორშაურაშვილის მემუარები”)

 

საქმე ისაა, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრი კარლ-თეოდორ ცუგუტენბერგი თანამდებობიდან გადადგა. ცუტენბერგს ცოტა ხნის წინ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ჩამოართვეს. აღმოჩნდა, რომ მან დისერტაციის წერის დროს სხვისი ნაშრომები მიითვისა.

 

თავისთავად, ეს საქმე არ არის, მაგრამ საქმე ის არის, ამას რა მოყვება. ამას კი ის მოყვება, რომ აუცილებლად გადადგება პოლკოვნიკი მუამარ კადაფი. ”ვითომ რატომაო” - უკვე მესმის ხმები და, თუ დამაცდით - გიპასუხებთ, მაგრამ, სანამ გიპასუხებთ, ერთ ნიუსს გაახლებთ:

 

”ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფისთვის ტელეკომპანია ”ეი-ბი-სი”-ს მიერ დასმული კითხვა, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას, სასაცილო აღმოჩნდა. კადაფიმ განაცხადა, რომ არ აპირებს თანამდებობისა და ქვეყნის დატოვებას. ”ჩემ ხალხს ვუყვარვარ და მზად არიან ჩემ დასაცავად თავიც გაწირონ”, – განაცხადა მუამარ კადაფიმ. ინტერვიუ ლიბიის ერთ-ერთ სანაპიროზე ჩაიწერა”.

 

ვერც ახლა მიხვდით? ეეე... საქმე ისაა, რომ ახლა თანამდებობის პირები სულ უბრალო პლაგიატისა და მიმბაძველობის გამო ტოვებენ თანამდებობებს და სანამ პოლკოვნიკი კადაფი სანაპიროზე ჩაწერდა ინტერვიუს, თუ გახსოვთ, მანამდე ვინ ჩაწერა ინტერვიუ სანაპიროზე? მიშამ! თან, ის პოლკოვნიკი რომ ამბობს, ჩემ ხალხს ვუყვარვარო, სულ ჩვენი (ფუი ეშმაკს!!!) მიშას სიტყვებს იმეორებს და ეგეც მეორე მიზეზი გადადგომისა. ეგეც რომ არ იყოს, დიდი სირცხვილია, პოლკოვნიკი კაცი ეფრეიტორ ბიჭს ბაძავდე.

 

ისე, რა მაინტერესებს - კადაფი სანაპიროზე ინტერვიუს რომ წერდა, ტენიანობაზე არ საუბრობდა და ჩვენი (თფუი...) მიშასავით ტენიანობას გრადუსებში არ ზომავდა? ყოველ შემთხვევაში, გადადგომის შესახებ კითხვაზე გულიანად რომ იცინა, ეგეც ჩვენი (თფუი, თფუი...) მიშასავით კი გამოუვიდა.

 

თქვენი ნებართვით, ცოტა ხნით ჩრდილოეთ აფრიკაში დავყოვნდეთ - ამ სიცივეში მადლია. ”ეგვიპტური მხარისათვის ქართული პოსტრევოლუციური გამოცდილების გაზიარების მიზნით” გრიგოლ ვაშაძე ქაიროში იმყოფებოდა და ვიზიტის დასასრულს განაცხადა, ეგვიპტეს ახალი მთავრობის დღის წესრიგი ისეთივეა, როგორიც ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს ჰქონდაო.

 

ანუ: ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი ტუტანჰამონის საფლავზე დადებს ფიცს, მერე პირამიდებს ჩამოუვლის და ჯერ შეღებავს, მერე - გაყიდის; ქაიროში და ალექსანდრიაში ჩამოუვლის ყველა პრესტიჟულ საფაჰლავეს; დაკარგავს ტერიტორიების 20 პროცენტს და დარდიან გულზე ერთ დაშხოშიან მასაჟისტს წამოუგორდება. და, რა თქმა უნდა, ეგვიპტის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს კაი ხნის განმავლობაში ჯიბეში ისრაელის პასპორტი ედება. ეს უკვე ვაშაძის გავლენაა. სკოლიების დირექტორების გამოსავლენად ჩატარდება ლოტოტრონი, სკოლების დერეფნებში აქლემებით ივლიან მანდატურ-ბედუინები, ხოლო რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ვფიქრობ, ეგვიპტელებისთვის, განსაკუთრებით კი - ეგვიპტელი სტუდენტებისთვის, უმჯობესი იქნება, თუ რამდენიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტს ჩააბარებენ არა ეგვიპტის პრეზიდენტის დედას, არამედ, მათ მოვლა-პატრონობას პირდაპირ გიული ალასანიას მიანდობენ. ეს, პირველ რიგში, მათი ჯანმრთელობისთვის იქნება უკეთესი. ახლავე აგიხსნით.

 

სადაზღვევო კომპანია ”იმედი ელის” ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევა ჩაუტარდათ. ”იმედი ელის” ორგანიზებით, უნივერსიტეტში 3 კვირის განმავლობაში უახლესი აპარატურით კვალიფიცირებულმა ექიმებმა სტუდენტებს ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ჩაუტარეს, რის შედეგადაც, 90 შემთხვევა გამოვლინდა. ამავე აქციის ფარგლებში სადაზღვევო კომპანია ”იმედი ელი” ლაბორატორია ”მრჩეველში” დეტალურ ჰორმონალურ კვლევას უზრუნველყოფს.

 

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუ, მაგალითად, ეგვიპტის უნივერსიტეტს გიული ალასანია ჩავაბარებთ, აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო გამოკვლევებით, რაც ერთი მხრივ ჯანისთვის არის მარგებელი, ხოლო მეორე მხრივ - უნივერსიტეტის პრესტიჟულობას გაზრდის. პერსტიჟულობა გაზრდის სწავლის საფასურს, ხოლო სწავლის მაღალი საფასური პრესტიჟზე მეტყველებს.

 

ვერ გეტყვით, რატომ შეარჩია ”იმედი ელმა” მაინცდამაინც საქართველოს უნივერსიტეტი. მე მაინც მგონია, რომ დედა-დედოფლის ფაქტორი იყო გადამწყვეტი, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, უბრალოდ, ფარისებრი ჯირკვლები არ გააჩნიათ.

 

კიდევ ერთი ინფორმაცია დაზღვევის სფეროდან - ახალი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები და მათი მგზავრები ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებენ. როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში, როგორც მძღოლის, ისე - მგზავრის მკურნალობის ხარჯებს სადაზღვევო კომპანია დაფარავს.

 

ალასანიას უნივერსიტეტის სტუდენტი რომ ვიყო, მხოლოდ მარშუტკით ვიმგზავრებდი, მარშუტკა-აუდიტორია-მარშუტკა - ეს იქნებოდა ჩემი ცხოვრება, უფრო სწორად - ჩემი დაზღვეული ცხოვრება. გიული ალასანია შავი ზღვის უნივერსიტეტსაც მფარველობს და რამე რო იყოს, შავ ზღვას არ დააზღვევს? მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც, მაგ. საზღვაო საზღვრებს. თან, კარგადაც ჟღერს - დაზღვეული საზღვაო საზღვარი... ენა გავიტეხე, მაგრამ ისევ სჯობს ენა ასე გავიტეხო, ვიდრე ენა ისე ჩამივარდეს, როგორც იმ დღეს, მიშა მაჭავარიანს, ”კავკასიის” სტუდიაში.

 

ზემოთ მიმბაძველობაზე მოგახსენებდით... ”ფეისბუქის” ყიდვა საუდის არაბეთის მეფე აბდალას სურს. ამის შესახებ ეგვიპტური და ირანული პრესა იუწყება. ამასთან, პრესაში ის თანხაც დასახელდა, რომლის გადახდასაც აბდალა აპირებს - 150 მილიარდი დოლარი. აბდალას მიზანია არ დაუშვას ე.წ. ”მრისხანების დღის” მოწყობა, რომელსაც ”ფეისბუქის” ბლოგერები 11 მარტს გეგმავენ.

 

მეფე მაინც მეფეა - ფულს იხდის, თანაც, სამჯერ მეტს, ვიდრე ღირს! არ მიბაძა იმათმა აბდალამ ჩვენს აბდალას, თორემ რომ მოენდომებინა (მაინც, მეფეა და თან ნავთი ბიდონებით უდგას), აღნიშნულ ”ფეისბუქს” უფასოდ ჩაიგდებდა ხელში, როგორც ამ ჩვენმა აბდალამ გააკეთა ერთ ქართულ ინტერნეტ-გამოცემასთან მიმართებაში - თითი თითზე არ დაუკარებიათ არც მას და არც მაგის შნირებს, ალეეე-ჰოპ, და ვისთანაც გურამ დონაძეს გაუჯეჯილებია, ყველამ იქ ამოყო თავი. თუმცა კი, იმ აწ უკვე ინტერნეტ-ჯეჯილიდან, დონაძის გასახარად, თავზე მაღლა მაინც სხვა ადგილები აქვთ ამოყოფილი.

 

ოთხი შტატივისა და ერთი ჩითის კაბის ქარიზმატული დაჯგუფება ”აბსტრაქტულ გაერთიანებებს” ეჭვის თვალით უყურებს - ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცხადება გააკეთა ლევან ვეფხვაძემ. მინდა გითხრათ, რომ, თავის მხრივ, ყველა აბსტრაქტული ძალა ეჭვის თვალით უყურებს შტატივების ერთობას და ამ ეჭვისთვის თითოეულ მათგანს ძალიან კონკრეტული საფუძველი გააჩნია, თუმცა ამ შემთხვევაში, უფრო საინტერესო ის არის, თუ რაში დასჭირდა ვეფხვაძეს ამ სიტყვების თქმა.

 

საქმე იმაშია, რომ გასულ კვირაში ლევან გაჩეჩილაძემ რევოლუცია დააანონსა, რაც საკმაოდ მომგებიანი ნაბიჯია იმის ფონზე, რომ ”დიდ რვიანს” ვერაფრით დაუანონსებია ევოლუცია, ანუ - არჩევნები.

 

”თუ უახლოეს მომავალში საქართველოში რამდენიმე ძირეული მიმართულებით მდგომარეობა არ გამოსწორდება, რევოლუცია გარდაუვალი იქნება და ”ქართული პარტია” იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ პროცესს წამოიწყებს. ზაფხულში ჩვენ ყველა ერთად წავალთ დასასვენებლად და ამას სააკაშვილისგან დასვენება ერქმევა”, - თქვა ლევან გაჩეჩილაძემ.

 

ეჰ... სააკაშვილისგან დასასვენებლად უკვე მილიონამდე ადამიანია წასული. ისვენებენ - უვლიან სხვის პრეტენზიულ შვილებს და გროშებს უგზავნიან საკუთარ უპრეტენზიო ნაშიერთ.

 

ირაკლი ბათიაშვილმა ერთობ პრეტენზიული განცხადება გააკეთა: ”სახალხო კრება არავის მიეყიდება და უკან არ დაიხევს. გამორიცხულია, რომ სააკაშვილმა ხალხის ზეწოლას გაუძლოს. ვიცი სააკაშვილის ფსიქოლოგია და მასობრივ პროტესტს შეუძლია საქართველოში რევოლუციის მოხდენა იოლ ფორმებში. ერთადერთი ძალა, რომლისაც დღეს სააკაშვილს ყველაზე მეტად ეშინია, სახალხო კრებაა”.

 

ჯერ ერთი, თუ უშვებ იმ აზრს, რომ შეიძლება ვინმემ შენი ყიდვა დააპიროს, ეი. ვიღაც უშვებს იმ აზრს, რომ შენი ყიდვა შესაძლებელია. მაგ. ვან გოგის ”მზესუმზირები” იყიდება, ლეონარდის ”ჯოკონდა” - არა. მაგრამ, როგორ მიეყიდები ვინმეს, თუ შენი ყიდვა არავის სურს. მაგ. გია ბუღაძის შეფურთხებული სტუდენტების ნაჯღაბნი არავის სჭირდება. ასეთი მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

 

გასულ კვირაში ”ქართული პარტია” და სახალხო კრება ორგანიზაციას ორგანიზაციაზე აფუძნებდნენ, თბილისშიც დარბოდნენ, თბილისის მახლობლადაც დადიოდნენ და არც შორს წასვლა ეზარებოდათ. ამ შეჯიბრში ისე გაერთნენ, რომ მალე ყველა ერთი პირის საწარმოს თავისი პარტკომი ეყოლება. უკვე სასაცილოა, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, ”ჭიათურის წინააღმდეგობის მოძრაობაზე” კი მართლა გულიანად ვიცინე.

 

”რა გზით შეიცვლება დღევანდელი რეჟიმი, სააკაშვილს უნდა ჰკითხოთ” - მიშასთან გადაგვამისამართა ეროსი კიწმარიშვილმა, ხოლო ის, თუ ვინ შეცვლის დღევანდელ რეჟიმს, ეროსისთვის გარკვეულია - რაღა თქმა უნდა ”ქართული პარტია”, იმიტომ, რომ ”ჩვენ არ წარმოვადგენთ რომელიმე ბელადის პარტიას, როგორც ეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ხდებოდა. ჩვენ ვართ ლიდერების ერთობა, რაც ჩვენს გუნდს კიდევ უფრო მდგრადს ხდის” - ეროსის სიტყვებია.

 

მდგრადი ეკონომიკა გამიგია (თუმცა, არ მჯერა) საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსების მდგრადი ჯგუფი პირველად გავიგე - ”მრგვალ მაგიდას” ფეხები არ ჰქონდა, ”მოქალაქეთა კავშირი” კავშირი არ იყო, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობა” რაზე ზის და როგორ მოძრაობს, ცალკე თემაა და სხვა დროს იყოს.

 

ჰო, მართლა - ”ქართული პარტიის” გლდანის კონფერენციაზე სიტყვით გია გაჩეჩილაძეც (უცნობი) უნდა გამოსულიყო, მაგრამ მან ღონისძიებაზე მისვლა ვერ შეძლო. სანაცვლოდ, ახმეტელის თეატრში მისულ საზოგადოებას, უცნობისა და ნატო მეტონიძის კლიპი წარუდგინეს.

 

ნეტავი, რომელი კლიპი იყო - ”ჩვენებური სიმღერა”, ”მომე მე მამული” თუ კიდევ რომელიმე სხვა? ააა... ”ზამთარი ერთად გადავაგოროთ” იქნებოდა, ზამთარი, ანუ დღევანდელი რეჟიმი.

 

ძმებო, გრეჩიხებო, ყველა კაი საქმეში თქვენ გვერდით მიგულეთ, მაგრამ კლიპებით, ფონოგრამებით და სააკაშვილის სახელობის ღვინოებით საქმე არ კეთდება, მით უმეტეს, თუ იმ საქმეში წილს ირაკლი ოქრუაშვილი ფლობს. და თუ წილს ნინო ბურჯანაძე ფლობს? ოოო, მაშინ საქმე კურიოზამდე მიდის. აი, დიდებული მაგალითი: სახალხო კრების ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე ახალგაზრდებმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს, რომ ”არ ეშინიათ იმათი, ვისაც მათი ყველაზე მეტად ეშინიათ”.

 

ეს უკვე კურიოზი არ არის, ანეკდოტია. და კიდევ - ნაგლეჯი ნიუსიდან: ”სახალხო კრება ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად მშვიდობიან რევოლუციას ასახელებს”.

 

დაჯექი, ახლა, დიტო გელოვანო, და თქვენც - იერემიავ, მარევ, ფრონს, ეფემიავ, ერთსახე ცერეცოვ, ვიჩინავ, კიაზოვ, გივი, ლოგოს, ბროკოვიჩ... და ერთად მოვიფიქროთ, რომელი სჯობს - მშვიდობიანი რევოლუცია თუ სისხლისმღვრელი არჩევნები.

 

სერბეთში ადამიანით მოვაჭრეთა ჯგუფი დააკავეს და, ბატონებო, იქნებ ისიც მითხრათ, რა უნდა ვუყოთ ადამიანს, რომელიც გარდაცვლილი მამით ვაჭრობს? დავიჭიროთ და ჩავსვათ თუ, გადავუსვათ თავზე ხელი და გავუშვათ მშობლიურ შვეიცარიაში?! ჯანდაბას, გადავუსვათ თვზე ხელი და გავუშვათ, მაგრამ მერე იტყვის, პოლიტიკურ დევნაში ვარო და... ულვაშებს მოუშვებს.

 

ოზურგეთში ევროპელი მოხალისეები გაქურდეს და, ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო - კულტურის სახლიც გადაწვეს. ახლა, ოზურგეთში აღარც კულტურის სახლია და აღარც ხალისიანი სახით დააბიჯებს ვინმე.  

პარდონ... ოზურგეთში ხალისიანი სახეებით დააბიჯებენ ღვაწლმოსილი ქალბატონები... მოკლედ, სათაური ასეთი იყო - ”ოზურგეთელი ღვაწლმოსილი ქალბატონები სოლიდურ საჩუქრებს მიიღებენ”, ხოლო შინაარსი ასეთი - ”დედის დღესთან დაკავშირებით, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ და ღვაწლმოსილ ქალბატონებს დედის დღეს მიულოცავს”.

 

ეს რომელი ვალერი ჩიტაიშვილია - ვალერი ჟისკარ დესტენი თუ ჟორჟ პომპიდუ? ერთ-ერთი იქნება, სოლიდურ საჩუქრად კი, ალბათ, ”კრასნაია მასკვას” მიუტანდა, თან, გია ბარამიძემ თქვა, რუსებთან მოლაპარაკებაში წინაპირობები არ გვაქვსო.

 

მე მაქვს რუსებთან ერთი წინაპირობა - როგორც მოიყვანეს ეს ეფრეიტორი, ისე წაიყვანონ უკან და მერე, თუ უნდათ, უმცროსი სერჟანტობაც მიანიჭონ.

 

კახა კუკავამ საკუთარ თავს ჯერ ”თავისუფალი საქართველო” მიანიჭა, ხოლო შემდეგ - თავისუფლება. ბიჭი რომ წამოიზრდება და ცალკე რომ გავა... კახა კუკავამ ”თავისუფალი საქართველო” შექმნა და ”ეროვნული საბჭო” დატოვა. ზვიად ძიძიგურმა - კახა კუკავას წასვლაში ტრაგედიას ვერ ვხედავო. ეტყობა, წინა დღეს ”რომეო და ჯულიეტა” ჰქონდა ნანახი. ”მერკუციო მოკვდა და არ მიტირია, კუკავა ვიღაა?” - ფიქრობდა, ალბათ, ნადიდგორალი, ნაშამქორალი და ნაპრეფქეტალი ძიძიგური.

 

”საარჩევნო სისტემაზე დიალოგი უკვე მოკვდა. შეგიძლიათ, დაახუროთ კუბოს თავსახური”, - აღნიშნა კუკავამ.

 

მოკვდაო!!! იქნებ, მოკლეს ან თავი მოიკლა?! კოკოს დამიძახეთ!

 

ხათუნა კალმახელიძე და ლადო ვარძელაშვილი რუსთავის #16-ე დაწესებულებას სტუმრობდნენ... ისე იტყვიან, დაწესებულებასო, თითქოს... თუმცა, რა იცი. სხვათა შორის, რამდენჯერაც უფასო სასადილო გაიხსნა, იმდენჯერ მიშამ მოხვრიპა პირველი კოვზი ბორში და ახლაც, როცა ჩვენს სინამდვილეში გრძელვადიანი, ფასიანი პაემნები შემოდის, თან - სამვარსკვლავიანი სასტუმროს ამბავში... რა იცი, მიშას არ ძინავს.

 

წავედი ახლა და თქვენც წადით, დაიძინეთ. ძილის წინ კი ნიკა გილაურის ზღაპარს მოგიყვებით: იანვარში 9%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. როგორც გილაურმა განაცხადა, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც კი ბოლო პერიოდში ქართულ ეკონომიკაში დაფიქსირებულა...

 

ნიკალოზ, შე დაბრედილო!

 

ჰო... ზურაბ პოლოლიკაშვილი თბილისის ”დინამოს” გენერალური დირექტორი გახდა - ფრანც ბეკენბაუერის პონტში. მანამდე, ეკონომიკის მინისტრი იყო - ლუდვიგ ერჰარდის პონტში. ბოლოს, პენსიაზე გავა - ეკატერინე შარაშიძის პონტში.

 

შაპიტოში შიპიტია, ძმებო.

 

ს.შ. (სკრიპტუმის შემდეგ) პაპაჩემი დოზია მეწისქვილე წერაში გარჯილი კაცი არ იყო, არაფერი დეეწერა თავის ცხოვრებაში. სამაგიეროთ, კითხვა და ასოების გამორჩევა იცოდა. მეც ასე გამომზარდა, რო გაზეთს წავიკითხამ, მარა დაწერაზე ოფლი მომივა.

(აკა მორჩილაძე, ”კაპულა ორშაურაშვილის მემუარები”)