კაზანტიპი, ანუ რა ეღირება თბილისი-ანაკლია?!

კაზანტიპი, ანუ რა ეღირება თბილისი-ანაკლია?!

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარსაა მომდგარი და წესით, პოლიტიკური ტემპერატურა დუღილის პროცესში უნდა იყოს, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ _ გნებავთ წვიმიან ამინდებს დააბრალეთ, გნებავთ წელიწადნახევრიან კოჰაბიტაციას, ქართულ პოლიტიკას დუღილის არაფერი ეტყობა. სწორედ ამიტომ ვაძლევთ თავს უფლებას და ერთი შეხედვით აპოლიტიკურ თემას მოგითხრობთ. ერთი შეხედვით იმიტომ, რომ კარგად მოგეხსენებათ, ქართველებს, ბოლოს ყველაფერი მაინც პოლიტიკამდე დაგვყავს. ვარდების რევოლუციის შემდეგ ბაკურიანში ე.წ. მოდების ჩვენება გაიმართა. ვერ გეტყვით, ვისი იდეა იყო და რატომ აირჩიეს მაინცდამაინც ბაკურიანი, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ამ ჩვენებაზე მოდელები უკრაინიდან და პოლონეთიდან ჩამოიყვანეს. ნაციონალური მოძრაობის ელიტა მაშინ სრული შემადგენლობით სწორედ იქ გაიკრიფა და ჟურნალისტებსაც ცნობისმოყვარეობამ გვძლია.

იმის მიუხედავად, მოდასა თუ შოუბიზნესზე ერთი სტატიაც არ მქონდა დაწერილი, ბაკურიანში მეც გახლდით და სულო ცოდვილო, სტატიაზე მეტად სწორედ მოდელები მაინტერესებდა. იქ მოდის კრიტიკოსებიც მრავლად იყვნენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, ეცალა თუ არა ვინმეს კრიტიკისთვის _ ასამდე სტუმარი ერთმანეთში ისე ირეოდა, ბაკურიანი ამქვეყნიურ სამოთხეს ჰგავდა, თუმცა ეს ყველაფერი სამ დღეს გაგრძელდა და მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, როგორი ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გველოდა მომდევნო წლების განმავლობაში. ერთი ეგაა, მაშინდელმა ხელისუფლებამ უკრაინელ მოდელებს ,,დაუმუღამა’‘, იმათი ჩამოყვანის რა გითხრათ, მაგრამ უკრაინული ვოიაჟები გაახშირა და ცხელი გულის გასაგრილებლად ძლიერნი ამა ქვეყნისა ყველაზე ხშირად სწორედ ჩვენს მოძმე უკრაინას სტუმრობდნენ... ეს ამბავი კი მაშინ გამახსენდა, როცა გავიგე, რომ 20-დან 30 აგვისტომდე, ანაკლიაში პოპულარული მუსიკალური ფესტივალი, ,,კაზანტიპი’‘ გაიმართება. მუსიკასა და ცეკვა- თამაშს რა სჯობს, მით უმეტეს, თუ გემღერება და გეცეკვება, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსთაველზე გამართული ტაშ-ფანდურის შემდეგ, ვერავინ დამაჯერებს, რომ ქართველებს ნებისმიერ დროს არ შეუძლიათ ცეკვა- თამაში. ჰოდა, თქმა არ უნდა, აგვისტოში რაც უნდა მოხდეს, ტაშ-ფანდურისთვის მაინც მოვიცლით და ანაკლიაში ჩამოსულ 16 ათას უკრაინელ ქალბატონს არ მოვაწყენთ. მოდით, თვალსა და გულს კიდევ ერთხელ რომ გაუხარდეს, ციფრს გავიმეორებ _ 20-დან 30 აგვისტომდე ანაკლიაში 16 ათასი უკრაინელი ტურისტი ქალი ჩამოვა. მთლიანად კი ტურისტების რაოდენობა 30 ათასს გადააჭარბებსო, გვპირდება ,,კაზანტიპის’‘ ოფიციალური ვებ-გვერდი და ანაკლიასა და ახლო- მახლო მდებარე სასტუმროებში ნომრების დაჯავშნა ისეთი ტემპით მიმდინარეობს, შესაძლოა ამ სტატიას რომ წაიკითხავთ, ადგილიც აღარ იყოს.

მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. ჯერ ამ ფესტივალის სარგებლიანობა განვიხილოთ. თავისთავად, 30 ათასი ტურისტი ცუდი არ არის. ისინი გარკვეულ თანხას დახარჯავენ და მერე რა, თუ ამ ტურისტების ნახევარზე მეტს (ანუ 16 ათას ქალს), ორ იმდენს ქართველი მამაკაცები დაახარჯავენ, წესია ასეთი, სტუმართმოყვარეები ვართ და სად გინდა, ამ ფაქტს გაექცე. კარგია, რომ ეს ამბავი ინტერნეტითა და ტელევიზიებით გავრცელდება და მთელი მსოფლიო გაიგებს, არსებობს ქალაქი ანაკლია, მართალია ჯერ დაუვარცხნელი და დაულაგებელი, მაგრამ მაინც არსებობს და დიდი პერსპექტივაც აქვს. პრინციპში, 16 ათასი უკრაინელი მდედრი რომ ჩამოვა, მხოლოდ პერსპექტივა კი არა, უზარმაზარი გასაქანია და გაქანება კიდევ ჩვენ რომ ვიცით, ისეთი უნდა. ახლა უარყოფითი მხარე. ეს ფესტივალი აქამდე ყირიმში ტარდებოდა. შესაბამისად, უკრაინელები საკუთარ ქვეყანაში უფრო ბევრნი იყვნენ და უფრო თამამადაც იქცეოდნენ. ახლა ყირიმი იმ დღეშია, რა დღეშიც ჩვენი ანაკლიიდან 10 კილომეტრში მდებარე ტერიტორია, ანუ რუსეთს აქვს ოკუპირებული და იმდენი ჯარისკაცი დგას, ფესტივალს კი არა, აღლუმს თუ ჩაატარებს კაცი. ანუ, გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, ეს 16 ათასი უკრაინელი ქალბატონი რუსეთმა გვიფეშქაშა და თან ისე, მადლობის თქმა ,,ტეხავს’‘. მავანმა სოციალურ ქსელში ისიც დაწერა, რუსებს ბრაზილიის ოკუპაცია რომ მოეხდინა, ეგებ მსოფლიო ჩემპიონატიც საქართველოში გაემართათო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვა. ჯერ ერთი, ტრიბუნებზე ქართველები სამბას არ გიცეკვებენ და მეორეც, არ არის აუცილებელი, მსოფლიომ ნახოს, როგორ ვთამაშობთ ფეხბურთს, აქეთ ნატო- ში გაწევრიანება გვინდა და იქეთ ევროკავშირზე ,,ვჩალიჩობთ’‘. ევროკავშირზე გამახსენდა, ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ, თუ ეკონომიკური მდგომარეობა არ ამაღლდა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ ამოისუნთქა, ევროკავშირი ზედმეტ ტვირთად და ბარგად არ აგვიკიდებს და თავისი მხრებით არ გვატარებს. მისმა სიტყვებმა კი ის გამახსენა, აჭარის მთავრობამ მიუსაფარ ბავშვთა გამასპინძლებისათვის ახალ წელს მხოლოდ 270 ლარი რომ გაიმეტა მაშინ, როცა ერთ-ერთი უცხოური დელეგაციისთვის გამართულ ვახშამში იმავე აჭარის მთავრობამ 18 ათას ლარზე მეტი გადაიხადა. ახლა არ მითხრათ, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო, რადგან ისევ დაუღალავად შეგახსენებთ, რომ 20-დან 30 აგვისტომდე ანაკლიაში 16 ათასი უკრაინელი ქალბატონი ჩამოდის და მეეჭვება, მათი შენდობა- დანდობის საკითხზე ვინმე ფიქრობდეს. დასასრულ, თბილისი- ანაკლიის სამარშრუტო ხაზის მძღოლები ფიქრობენ, ბილეთის ფასი 20-დან 30 აგვისტომდე 37 ლარი გახადონ, თუ დეჟავუა, ბოლომდე დეჟავუ იყოს, მაგრამ... ამ უკრაინელების გამკვირვებია, თვეც არ გასულა, რუსეთმა დაიპყრო და საქართველოში თავის ფეხით მოდიან ქართველი კაცების პროვოცირებისათვის და... დაპყრობა როგორი უნდა, ახლა ნახავენ. 

P.s. ფესტივალის ჩატარების დროისთვის თვითმმართველობის არჩევნებიც დასრულებული იქნება და მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატიც. გვერწმუნეთ, ფესტივალის სტუმრებისთვის სულ ერთი იქნება, ვისი დეპუტატი ვის საკრებულოში მოხვდება... 16 ათას უკრაინელს ეხუმრებით?!