მასშტაბური პრემიები, ანუ ვის აუხდა ოცნება?

მასშტაბური პრემიები, ანუ ვის აუხდა ოცნება?

ქართველი ჩინოვნიკების "დარბაისლური" მორალი

რბილ სავარძელში მოკალათებულ ზოგიერთ მოხელეს ავიწყდება, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც საოპერაციო ბლოკის უფროს ექთანს ერთ ოპერაციაში 20 თეთრს უხდიან(?!)

ბუნდოვანმა კონსტიტუციამ სახელმწიფო მეთაურებს "რამსები" აურია


სკანდალური და ასევე საზოგადოებისთვის აღმაშფოთებელი გამოდგა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2013 წლის დეკემბერში გაცემული პრემიების საკითხი. როგორც ირკვევა, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გოგი გახარიამ ერთ თვეში პრემიის სახით 39.130 ლარი აიღო, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა: ვლადიმერ ბუნტურიძემ - 38.390 ლარი, სიმონ მაჩაიძემ - 38.733 ლარი, შალვა ტორაძემ - 31.263 ლარი, შოთა თუთარაშვილმა - 30.386 ლარი. სულ დეკემბერში დეპარტამენტის 20 თანამშრომელზე პრემიის სახით 488.128 ლარი გაიცა(!!!). მათ შორის დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელმა საკუთარ თავს 18.222 ლარი გამოუწერა. დარბაისელი მაშინ სულ რაღაც თვე-ნახევრის დანიშნული იყო და რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ თანამდებობის შენარჩუნება მაინც მოახერხა. 

არადა, საზოგადოება ელოდა, რომ თვით მინისტრსაც კი მოუწევდა თანამდებობის დატოვება. თუმცა, როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, არაფერი იცოდა ამ ოდენობის პრემიების გაცემის შესახებ, მაგრამ ეს განცხადება სუბარს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. არსებობს საფრთხე, რომ ამგვარი დამოკიდებულება უფრო მეტად წაახალისებს იმ ჩინოსნებს, რომელთაც კანონმდებლობა ჯერჯერობით ისედაც არ ზღუდავს, მორალური კანონი კი, როგორც ჩანს, მათთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. "ჩემთვის მიუღებელია ამხელა პრემიები. ეს სწორი არ არის იმ სოციალურ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაშია", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, თუმცა, მალევე ცნობილი გახდა, რომ 2013 წელს მის სამ მოადგილეს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით ჯამში 186.080 ლარი აქვს აღებული. 

აშკარად ჩანს, რომ საქმე სახელმწიფო მოხელეთა დიდ მადასთან გვაქვს. ალბათ, რბილ სავარძელში მოკალათებულ ზოგიერთ მოხელეს ავიწყდება, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც საოპერაციო ბლოკის უფროს ექთანს ერთ ოპერაციაში 20 თეთრს უხდიან (?!), მასწავლებლის საბაზისო ხელფასი 305 ლარია, პენსია - 150 ლარი. გაეროს ფონდის შარშანდელი მონაცემებით კი 77000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში თითქმის ყოველი მეოთხე შიმშილის ზღვარზეა.

დამეთანხმებით, საგანგაშო სურათია, თუმცა, ამ ამბავს ის აშარჟებს, რომ დღევანდელი ხელისუფლების გაღვიძებულ მადაზე  ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ, არადა, ეს მავნე პრაქტიკა სწორედ მათი დანერგილია და მათ ამაზე ლაპარაკის ყველაზე ნაკლები უფლება აქვს. 
მოგეხსენებათ, 2013 წელს პრეზიდენტი კვლავაც მიხეილ სააკაშვილი იყო, ამიტომ დავინტერესდით, მისმა ადმინისტრაციამ როგორ "დაზოგა" ქვეყნის ბიუჯეტი. 

აღმოჩნდა, რომ: 2013 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრემიად თანამშრომლებზე სულ გაცემულია 1.796.333 ლარი, აქედან 634.587 ლარი თანამდებობის პირებმა მიიღეს. ყველაზე დიდი ოდენობით პრემია - 294.310 ლარი აგვისტოში გაიცა. როგორც ჩანს, ჩქარობდნენ, რადგან პრეზიდენტის ვადა იწურებოდა, ფული კი დასახარჯი იყო. ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილე ირაკლი ნადირაძემ მიიღო - 56.050 ლარი. მას მცირედით ჩამორჩა ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის პრემია - 49.560 ლარი. 

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) გამოაქვეყნა 2013 წელს სამინისტროებში გაცემული ხელფასებისა და პრემიების ნუსხა. როგორც ირკვევა, 2013 წელს 14-მა სამინისტრომ თანამდებობის პირებს პრემიად საერთო ჯამში - 5.729.131 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 3.135.038 ლარი მისცა. 
იმ სამინისტროების სიაში, სადაც თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის ოდენობამ მილიონს გადააჭარბა, მოხვდნენ: თავდაცვის სამინისტრო - 1.325.776 ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო 1.182. 251 ლარი; იუსტიციის სამინისტრო - 1.070.738 ლარი; ეკონომიკის სამინისტრო–- 1.086.648 ლარი. 
10 ყველაზე დიდი თანხით პრემირებულ მინისტრის მოადგილეებს შორის ვხვდებით იუსტიციის მინისტრის ოთხ მოადგილეს, ენერგეტიკის მინისტრის სამ მოადგილეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ორ მოადგილეს და ერთსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილეს. 

საინტერესოა, რომ სახელფასო სარგოსა და პრემიებზე დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია არ გასცეს შს სამინისტრომ და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. მხოლოდ ნაწილობრივ გასცეს: საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა. 
ყველაზე დიდი შემოსავალი სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს თავდაცვის მინისტრს - 83.076. როგორც გაირკვა, ალასანიას შრომის ანაზღაურება განსხვავებულად ფორმირდება და სახელფასო დანამატის გარდა, ყოველთვიურად საკლასო ჩინის, სტაჟისა და საიდუმლო დანამატს იღებს.

მოკლედ, ქვეყნის ბიუჯეტი ძველებურად საკუთარი ჯიბე ჰგონიათ, ამიტომაც, ხელისუფლებამ ზოგიერთი მოხელის გაძლიერებული მადა უნდა მოთოკოს. იმედისმომცემია მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელთა განცხადებები, რომ შესაძლოა მალე პრემიის გაცემის სტანდარტი და ლიმიტი დაწესდეს. ბუნებრივია, სახელმწიფო სამსახურის ყველა ის თანამშრომელი, რომელიც კარგი მუშაობით თავს გამოიჩენს, უნდა წახალისდეს, მაგრამ არ შეიძლება ეს ყოველთვიურად ხდებოდეს, თანაც მინიმალურ პენსიაზე 250-ჯერ მეტი ოდენობით(!). ქვეყნის მოსახლეობა ურთულეს სოციალურ პირობებში ცხოვრობს. საზოგადოება არაერთხელ შეძრა სასოწარკვეთამდე მისული ადამიანების უბედურებამ. სულ ახლახან ვანის რაიონში მამამ თავი მხოლოდ იმიტომ მოიკლა, რომ შვილის ოპერაციისთვის საჭირო თანხის (2100 ლ.) შოვნის სხვა გზა ვერ მონახა.