„ჯარის მეგობართა საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებისთვის კინოჩვენებები გრძელდება. ფილმების ჩვენება ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებისთვის ფილმის „ბამბაზიის სამოთხე“ ჩვენება მოეწყო. ფილმში საქართველოს უახლესი ისტორიის, აფხაზეთის ომის შემდგომი პერიოდის მოვლენებია ასახული. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ფილმის მთავარი როლის შემსრულებლები, მარიკა სამანიშვილი და გიორგი ზანგური იმყოფებოდნენ. კინოჩვენების დასრულების შემდეგ მათ მსმენელების კითხვებს უპასუხეს.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლის პირადი შემადგენლობისთვის კი ფილმების „გასეირნება ყარაბაღში“ და „მანდარინები“ ჩვენება გაიმართა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფებში ფილმების ჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და კინოცენტრს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. სამხედრო მოსამსახურეებისთვის მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.