ვაჟა ჩოხელი: “ვცდილობ, დუშეთის რაიონის განვითარებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯო!”

ვაჟა ჩოხელი: “ვცდილობ, დუშეთის რაიონის განვითარებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯო!”

2013 წლის მარტიდან, როგორც კი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გახდა,  პირველივე გადაწყვეტილებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გამგეობის შენობა გახსნა და ყოველი პარასკევი მოქალაქეთა მიღების დღედ გამოაცხადა. არადა, მისი წინამორბედი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარის დახარჯვას, გამგეობის შესასვლელში გამშვები პუნქტის ჩადგმასა და შენობაში შესასვლელად სპეციალური საშვების დაწესებას გეგმავდა. რა სამუშაოები ჩატარდება 2014 წელს დუშეთის რაიონში და როგორ გეგმავს ერთ-ერთ მთავარ პრობლემასთან, უმუშევრობასთან, გამკლავებას, for.ge-ს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი ესაუბრა.

- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2013 წლის მარტში ამირჩიეს. ბუნებრივია, მაშინვე დავინტერესდი, რა მდგომარეობაში იყო რაიონი და რა გააკეთა წინა ხელისუფლებამ მისი განვითარებისთვის. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მხოლოდ ფასადურად კეთდებოდა და გამგეობა, პოტიომკინის ქალაქების მსგავსად, ფიარზე გათვლილ სამუშაოებს ახორციელებდა. დუშეთის მუნიპილატეტში 280 სოფელი ერთიანდება, რომელთაგან უმრავლესობას გზის, წყლისა და  ნაპირსამაგრების პრობლემა აქვს. ქალაქშიც მდინარე დუშეთის ხევი ჩამოდის, რომელიც 2005 წელს ისე ადიდდა, რომ წყალმა ორი ადამიანი იმსხვერპლა. დღესაც იგივე მდგომარეობაა: როცა წყალი დიდდება, ხევისპირზე მაცხოვრებლები სახლიდან გარბიან. შესაბამისად, ამ პრობლემის გადასაჭრელად ზომები სასწრაფოდ მივიღეთ. კერძოდ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოგვიყვეს, რომელიც სწორედ სასწრაფო  პრობლემების გადასაჭრელად გადავანაწილეთ. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემა ერთიხელისმოსმით ვერ მოგვარდება, თუმცა ეტაპობრივად, მოსახლეობა იგრძნობს ყველა იმ სიკეთეს, რასაც ვთავაზობთ.

ანუ ნაპირსამაგრი სამუშაოები 2014 წელს დასრულდება?

- დიახ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა წარვადგინეთ, რის შემდეგაც დუშეთის ხევში ბეტონის კედლის მშენებლობაც დაიწყო. პარალელურად, ორი ხიდის რეკონსტრუქციაც განხორციელდა. დუშეთში რამდენიმე ქუჩის მოასფალტებაც დასრულდა. რაც შეეხება სხვა სამუშაოებს, ბულაჩაურში, საიდანაც სასმელი წყლით მთელი თბილისი მარაგდება, მოსახლეობას სარწყავი არხებისა და სასმელი წყლის პრობლემა ჰქონდა. გამგეობის ინიციატივით, სარწყავი არხი ბულაჩაურსა და კუბრიანში გაკეთდა. წინასაარჩევნოდ, როცა ადგილობრივ მოსახლეობას ვხვდებოდით, სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ვპირდებოდით.

მართლაც, სირცხვილია, ბულაჩაურს, რომელიც არაგვზეა გაშენებული, სასმელი წყლის პრობლემა ჰქონდეს. ეს სამუშაოები რამდენიმე კვირაში სრულად დამთავრდება და მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში წყალი ექნება. საუკეთესო სარწყავი არხი კეთდება საგურამოსა და ჭოპორტშიც. ასევე იგეგმება გრემისხევის წყალსაცავის რეაბილიტაცია, საიდანაც მთლიანად ბაზალეთის პლატო ირწყვებოდა. სამწუხაროდ, ყველაფერი დაშლილი დაგვხვდა, მილებიც კი ამოღებული იყო, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოებში გაერთიანებული სამელიორაციო კომპანიაც გვეხმარება. წყლის პრობლემა ფასანაურშიც აქვთ. ჩაბარუხის ხევი, საიდანაც ფასანაური სასმელი წყლით მარაგდება, წლების განმავლობაში უპატრონოდ იყო მიგდებული. შესაბამისად, წყალიც დაბინძურდა და მისი სასმელად გამოყენება შეუძლებელი გახდა. ქიმიური და ბაქტეოროლოგიური ანალიზების ჩატარების შემდეგ, კომპანია “გამას” რეკომენდაციით, ალტერნატივის ძიება დავიწყეთ.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფასანაური სასმელ წყალს ხევშადან მიიღებს. მოგეხსენებათ, ფასანაური მნიშვნელოვანი კურორტია, თუმცა მთელი ინფრასტრუქტურა აქაც დანგრეული დაგვხვდა. სამასი არაგველის ქუჩაზე, გაზაფხულობით არაგვის ადიდების საშიშროება მუდმივად იქმნებოდა, ამიტომ რკინა-ბეტონის კალაპოტის აშენება ფასანაურშიც გადაწყდა. ეს სამუშაოები ძალიან მალე დასრულდება. სტიქიამ ფშავშიც რამდენიმე სოფელი დააზარალა, მაშინ მთავრობა აქაც მხარში დაგვიდგა - შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი დათვალა და მთავრობამაც შესაბამისი დაფინანსება გამოყო. ამ თანხით ფშავში ხიდებისა და ნაპირსამაგრების რეაბილიტაციაც მოვახერხეთ. აღდგა გზაც, რომლის საშუალებითაც მსუბუქი ავტომობილიც ფშავში თავისუფლად ავა. ანალოგიური მდგომაროებაა კაწალხევში, სადაც 20 წელია სინათლე არ ყოფილა და სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია. სამწუხაროდ, ყინვებმა ხელი შეგვიშალა, თორემ ყველაფერი უკვე დასრულებული იქნებოდა.

ამასთან,  პირმისაანთკარსა და ვარსიმაანში, სადაც, დაახლეობით, 60 კომლი ცხოვრობს და სასმელი წყალი არასოდეს ჰქონიათ, ჩვენ გავაკეთეთ ჭაბურღილი, საიდანაც შიდაქსელების გაყვანის სამუშაოებიც დაწყებულია, შედეგად ყველა ოჯახი სასმელ წყალს მიიღებს. ამ ყველაფრის გაკეთება წინა ხელისუფლებასაც მარტივად შეეძლო, თუმცა პოლიტიკური ნება არ არსებობდა.

დუშეთის ყოფილი გამგებელი ზურაბ ოტიაშვილიც ბიუჯეტის თანხის არამიზნობრივი ხარჯვებისთვის დააკავეს?

- ფინანსურმა პოლიციამ დუშეთის გამგეობიდან დოკუმენტები შესასწავლად ჯერ კიდევ მანამდე წაიღო, სანამ გამგებლად დავინიშნებოდი. ზოგადად მიმაჩნია, რომ ყველა სამსახური დროებითია და არავის ეგონოს, მუდმივად თუნდაც თანამდებობის შენარჩუნებას შეძლებს. თანაც ყველამ საკუთარ ნაბიჯზე პასუხი უნდა აგოს. თუ ვინმე ჩათვლის, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე ან არაკანონიერად ვიმოქმედე, მზად ვარ, სრული პასუხისიმგებლობა ჩემს თავზე ვიტვირთო. თანამდებობა საშუალებაა, საკუთარ ხალხს ემსახურო, ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობ, სანამ ნდობის მანდატით ვსარგებლობ, დუშეთის რაიონის განვითარებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯო.

მთავრობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სამუშაო ადგილების შექმნა რჩება. თქვენ გაქვთ კონკრეტული გეგმა ამ მიმართულებით ან 2014 წელს დუშეთის რაიონში დაგეგმილი სამუშაოები, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ხელს რამდენად შეუწყობს?

- დიახ, დასაქმება ერთ-ერთ მთავარ, მწვავე პრობლემად რჩება. ყოველ პარასკევს, ადგილობრივ მოსახლეობას ვხვდები, რომელთა 80% სწორედ დასაქმებას ითხოვს. ჩემი მიზანია, როგორც გამგეობაში, ისე ნებისმიერ დაგეგმილ პროექტში, ძირითადად, ადგილობრივები დასაქმდნენ. სხვათა შორის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ყველა სოფელში ერთგვარ კრებებს ვატარებთ, სადაც თემი საკუთარ ინიციატივებს გვაცნობს. რასაც სოფელი მოგვთხოვს, აუცილებლად დაფინანსდება.

2014 წელს კიდევ ერთი მნიშველოვნი პროექტი იგეგმება. ვეძათხევში, მეწყერსაშიშ ზონაში, 11 კომლი ცხოვრობს. ისინი რეალურად ეკომიგრანტები არიან. იგივე პრობლემაა დოლარქედსა და ზემო მლეთაში. ზემო მლეთაში თითოეულ ოჯახზე 10 ათასი ლარი უკვე გამოვყავით, სადაც 8 ოჯახი ცხოვრობს. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვეთ, ამ ხალხს იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მეწყერსაშიში არ არის, მიწის ფართიც გამოუყოს. ეკომიგრანტებისთვის მთავრობიდან მოგვივიდა განკარგულება, ათი ათასი ლარის ფარგლებში, დუშეთში სახლები მოგვეძია. ეს სამუშაო უკვე შევასრულეთ, სახლებიც ვნახეთ და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, ეკონიმგრანტებს შესაბამის ფართს გადავცემთ. სხვათა შორის, Dდაბა ჟინვალში მოვიძიეთ შენობა, რომელიც მხოლოდ კარკასია და სახელმწიფო ბალანსზე ირიცხება. გვინდა, რომ 60 ბინა გავარემონტოთ და ეკომიგრანტებს გადავცეთ. საპროექტი სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ. აღნიშნული ბინები ყველაზე გაჭირვებულებს დაურიგდებათ. მათ შორის, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მრავალშვილიანებს. ამ კორპუსის მშენებლობაც 2014 წელს დასრულდება.

ცნობილია, რომ დუშეთის რაიონში მოსახლეობის უმრავლესობას მიწები დარეგისტრირებული არ აქვს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად რა კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება?

- ჩვენ ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონი ირაკლი ტრიპოლსკის მეშვეობით, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებს შევხვდით, რის შემდეგაც მიწების აზომვითი სამუშაოები დაიწყება. სხვათა შორის, შარშან, მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ადგილობრივ შემოსავლებზე,  დაახლოებით,  770 ათასით მეტი თანხა შემოვიდა. ამ თანხის წარმართვას  ინფრაქსტრუქტურულ პროექტებზე ვგეგმავთ - დუშეთში საუკეთესო ბაღი და სკვერი გვაქვს, რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება, ასევე იგეგმება რაიონში გზების რეაბილიტაცია. გამგეობის ინიციატივით, შეიქმნება სტუდენტური ბარათებიც, რომლის საშუალებითაც ისინი დუშეთიდან თბილისში უფასოდ იმგზავრებენ. ანალოგიური მუნიციპალური პროგრამა მაღალმთიან სოფლებშიც იმუშავებს. მაგალითად, გუდამაყარი-ფასანაურის მიმართულებით, კვირაში ორჯერ, მოსახლეობას უფასო ავტობუსი მოემსახურება, რათა სოფლის მოსახლეობამ მოწეული პროდუქციის რეალიზება შეძლოს. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფელ მაქართაში მინერალური წყალი ამოდის, რომელიც ევროპის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. სპეციალისტებმა მისი შემადგენლობა და თვისებები შეისწავლეს და ძალიან მალე ამ ადგილას დიდი ქარხნის მშენებლობა იგეგმება, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან.

ითქვა, რომ დუშეთის რაიონში ორი გადამამუშავებელი ქარხანა აშენებოდა...

- დიახ, გადამამუშავებელ ქარხნებთან დაკავშირებით რამდენიმე შემოთავაზება მივიღეთ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, თიანეთი-ჟინვალის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს იქნება უმოკლესი გზა, რომელიც კახეთსა და თბილისს ერთმანეთთან დააკავშირებს. ამ პროექტის პარალელურად, ვფიქრობთ,  დიდი სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობა და ასევე, გადამამუშავებელი ქარხნები გავაკეთოთ, სადაც ადგილობრივები მოწეულ პროდუქტს ჩააბარებენ. ფშავსა და მთიულეთში მოსახლეობას ხილი უფუჭდება, არ იციან, სად წაიღონ. თანაც ტყეში კენკრაც ჭარბი რაოდენობითაა, რომელსაც არავინ იყენებს. არადა, მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამ პროექტის განხორციელებას ჟინვალში ვგეგმავთ.

სამუშაოები უკვე დაწყებულია?

- ვფიქრობ, გზების მშენებლობა წელს უნდა დამთავრდეს. პარალელურად ქარხნის მშენებლობის დაწყებაზეც ვიფიქრებთ. მიმაჩნია, რომ მსგავსი პროექტები როგორც ეკონომიკის წინსვლას, ხალხის დასაქმებასაც ხელს მაქსიმალურად შეუწყობს. კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ. მოგეხსენებათ,  საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დუშეთში ცხოვრობს. როცა ის განათლების მინისტრი იყო, შეიქმნა პროექტი, რომლის მიხედვითაც, დუშეთის რაიონში რამდენიმე პროფესიული გადამზადების ცენტრი უნდა აშენდეს. ვნახოთ, ახალგაზრდები რა სპეციალობების ათვისებას ჩათვლიან პრიორიტეტად. გარდა ამისა, ქვეშეთში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული დარბაზი ავაშენეთ. საჭირო ინვენტარის მისაღებად კი დახმარება სპორტის სამინისტროს ვთხოვეთ. ამ საკითხზე დუშეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს.

ცნობილია, რომ ირაკლი ტრიპოლსკის ინიციატივით, საფეხბურთო კლუბი არაგვიც ჩამოყალიბდა.

- დიახ, საფეხბურთო გუნდიც აღვადგინეთ და იმედი მაქვს, საუკეთესო შედეგებსაც მივიღებთ. მიხარია, რომ ახალგაზრდები სპორტულ ცხოვრებას უპირატესობას ანიჭებენ და მონდომებულნი არიან წარმატებებს მიაღწიონ.