„ძალაუფლების სრული უზურპაცია - ეს არის დღევანდელი რუსთაველის თეატრის რეალური სახე“

„ძალაუფლების სრული უზურპაცია - ეს არის დღევანდელი რუსთაველის თეატრის რეალური სახე“

„თეატრში მძვინვარებს რეჟიმი“ -  სწორედ ამ შინაარსის სკანდალური წერილი გავრცელდა ჩვენს მედიაში, რომლის ავტორიც ზაზა პაპუაშვილია.

რუსთაველის თეატრის მსახიობი და მთაწმინდის მაჟორიტარი ზაზა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რუსთაველის თეატრში არსებულ ვითარებაზე მოუთხრობს და საგანგაშო სიტუაციაზე ამახვილებს ყურადღებას.

„თეატრი სულს ღაფავს, თეატრში მძვინვარებს რეჟიმი, ყველა პარამეტრით და მაჩვენებლით თეატრი ბოლო ადგილზეა. ასეთი შეურცხმყოფელი, დამამცირებელი, განუკითხავი, უპატრონო, დაძაბული, არაჯანსაღი, არაშემოქმედებითი, მონური, დამთრგუნველი, უსამართლო ვითარება, ალბათ, რაც რუსთაველის თეატრი არსებობს, არ ყოფილა“.

პაპუაშვილი ღარიბაშვილს მიმართავს, რომ არ სურს ამ ამბის გარეთ გამოტანა, მაგრამ ყველა რესურსი ამოწურა. ისე, რომ რობერტ სტურუას სახელობით არ ახსენებს, სკანდალურ წერილში ზაზა პაპუაშვილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მკაცრად აკრიტიკებს და მას უმოქმედობასა და ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს.

„თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თვეებია საქართველოში არ იმყოფება და არც სპექტაკლი დაუდგამს. არანაირი კომუნიკაცია შემოქმედებით კოლექტივთან, არანაირი სამოქმედო გეგმა (არავინ არაფერი იცის და არც ეუბნებიან), ყველასათვის გაურკვეველი ხვალინდელი დღე, სრულიად მორყეული დისციპლინა. სპექტაკლების ხშირი მოხსნა გაურკვეველი თითიდან გამოწვეული მიზეზების გამო... მოკლედ, ძალაუფლების სრული უზურპაცია - ეს არის დღევანდელი რუსთაველის თეატრის რეალური სახე, ეს ვითარება მოიტანა გია თევზაძის ფაქტიურ დირექტორად ყოფნამ თეატრში“.

აქვე ზაზა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არაერთხელ აცნობა კულტურის მინისტრსაც, თუმცა რეაგირება არ ჩანს. რაც შეეხება გია თევზაძეს, ის პაპუაშვილის თხოვნის მიუხედავად მაინც დანიშნეს დირექტორის მოადგილედ. არადა, ზაზა პაპუაშვილის თქმით, თევზაძე „ცრუ კაცია“. უფრო მეტიც, „ყოვლად უგვანო, უთავმოყვარეო, ქურდბაცაცა, უღირსი, თაღლითი, ცრუ „კაცი“, რომლის არამცთუ თეატრში თანამდებობაზე დანიშვნა, არამედ შენობაში შესვლაზე ლაპარაკიც ზედმეტი უნდა იყოს“, - წერს პაპუაშვილი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, პროტესტის ნიშნად არც თეატრში შესულა და არც სპექტაკლში უთამაშია.

თავის მხრივ, რუსთაველის თეატრის დირექტორის მოადგილე გია თევზაძე ზაზა პაპუაშვილის სკანდალურ წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს, თუმცა კომენტარი მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ თევზაძეს არ სურს პაპუაშვილის სკანდალზე რაიმეს განმარტება.

თუ რა ვითარებაა სინამდვილეში რუსთაველის თეატრში და ეთანხმებიან თუ არა ზაზა პაპუაშვილის წერილის სულისკვეთებას, ამას For.ge-ს რესპონდენტებისგან შეიტყობთ.

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი გაოცებულია რეჟისორსა (ამ შემთხვევაში, რობერტ სტურუას) და მსახიობს შორის დამოკიდებულებით. თუმცა იმასაც იხსენებს, რომ ქართულ თეატრში ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ და მსახიობსა და რეჟისორს შორის ყოველთვის იყო უთანხმება, რაც კანონზომიერია. გარდა ამისა, ლაშა ჩხარტიშვილი ეთანხმება ზაზა პაპუაშვილს, რომ რუსთაველის თეატრში მართლაც მოიხსნა სპექტაკლები.

„ეს თეატრი დღეს აღარ ფუნქციონირებს ისე, როგორც თუნდაც ორი წლის წინ, ცოტა სპექტაკლი იდგმება. ასე რომ, ორივე მხარეს აქვს თავისი სიმართლე - ზაზა პაპუაშვილიც მართალია და სიმართლეს არაა მოკლებული მისი წუხილი და რობერტ სტურუაც წერდა ამის შესახებ თავის თავზე, რომ მოშლილია ამ თეატრის სისტემა. რაც შეეხება ზაზა პაპუაშვილის ნათქვამს, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა საქართველოში არ იმყოფება და სპექტაკლი არ დაუდგამს, შემიძლია ვთქვა, რომ რობერტ სტურუა საქართველოშია, თუმცა ზოგადად, სტურუას არყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს თეატრალურ პროცესს. შეიძლება თვითონ არ იყოს აქ, ბოლოს და ბოლოს, უამრავი მიწვევა აქვს საზღვარგარეთ, მაგრამ საქართველოში სპექტაკლები უნდა იდგმებოდეს. პირადად მე მომენატრა რუსთაველის თეატრში შესვლა, პრემიერაზე მისვლა, ორ თვეში ერთხელ მაინც მივდიოდით პრემიერაზე. ამიტომ კულტურის სამინისტრომ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა, რადგან მსახიობი და რეჟისორი ორივე მნიშვნელოვანია ჩვენი თეატრისთვის და არ შეიძლება მათი ფუნქცია დაიკარგოს. მით უმეტეს, ასეთი კონფლიქტები ხშირია წამყვან მსახიობსა და რეჟისორს შორის“, - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა For.ge-სთან საუბრისას.

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი სამსახიობო მიმართულებით, რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსთაველის თეატრში მთლად კარგად არაა საქმე, როგორც ადრე იყო. ფინანსური, ადამიანური რესურსების მხრივ მძიმე მდგომარეობაა და საწყენია, რომ რუსთაველის თეატრმა თავისი რესურსი ბოლომდე ვერ გამოიყენა.

„ზაზა პაპუაშვილის აზრი კარგად მესმის, ასეთივე გულისტკივილი ექნება რობერტ სტურუასაც. მაგრამ ზაზას შეცდომა ის იყო, რომ მან გადაწყვიტა, რუსთველის თეატრის პრობლემა ყველა თეატრისთვის მოერგო. არადა, ჭიათურის ან კიდევ მარჯანიშვილის თეატრებში სრულიად სხვა პრობლემებია. ამას მოაგვარებდა თეატრების კონტროლი და მონიტორინგი, რაც სარეკომენდაციო საბჭოებმა უნდა განახორციელონ. სანამ თეატრებში არ აირჩევა ერთი ლეგიტიმური ორგანო, მანამ არ გამოსწორდება სიტუაცია. თორემ, ნორმალური კანონებია თეატრალურ სამყაროში. უბრალოდ, საჭიროა ამ კანონთა შესრულება. საბჭოთა კავშირსაც კარგი კანონები ჰქონდა, მაგრამ ეს კანონები არ სრულდებოდა. ამიტომ რუსთაველის თეატრის ხსნა კანონის შეცვლაში კი არა, მის შესრულებაშია. ზაზა პაპუაშვილის შეშფოთება ამ საკითხში, რომ თეატრი ბოლომდე ვერ იყენებს საკუთარ რესურსებს, გასაზიარებელია. ჭორებს ვერ ავყვები, მაგრამ ამბობენ, რომ დეპუტატობის გამო თავად ზაზა ვერ გამოცხადდა თეატრში და ამიტომაც მოიხსნა ის სპექტაკლები. ზაზა ბრწყინვალე მსახიობია, ის ჩემი კურსელია, ხოლო რობერტ სტურუამ დაანგრია საბჭოთა რკინის ფარდა და ჩვენი თეატრის სახელი უცხოეთში გაიტანა. ამიტომ აჯობებს, ერთად დასხდნენ და გადაუჭრელი საკითხი აღარ იარსებებს. როცა რობიკო მაღალი დონის სპექტაკლს დადგამს და ამ სპექტაკლში ზაზას ათამაშებს, პრობლემაც მოგვარდება. ზაზა ამას დათანხმდება, ზაზა გაცილებით მირჩევნია მსახიობად, ვიდრე პარლამენტარად“, - გვითხრა გიორგი შალუტაშვილმა.

მისივე თქმით, როცა სამხატვრო საბჭოები მართავდნენ თეატრებს, ეს თეატრისთვის ცუდი პერიოდი იყო მანამდე, სანამ თეატრებში რეჟისურა არ დაბრუნდა. როცა თეატრში დაბრუნდა მიხეილ თუმანიშვილი, გიგა ლორთქიფანიძე და უფრო ადრინდელი რეჟისორები, სწორედ მაშინ ეშველა თეატრს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თეატრს ქმნის რეჟისორი. შესაბამისად, მაყურებელიც თეატრში მიდის კონკრეტული რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლის სანახავად.

უფრო მეტიც, გიორგი შალუტაშვილის აზრით, სწორედ რეჟისორს აბარია თეატრი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტულ პასუხს მოსთხოვ რეჟისორს, ხოლო, როცა სამხატვრო საბჭოს აბარია თეატრი, ეს უკვე კოლექტიური უპასუხისმგებლობაა და შეუძლებელია, ჯარისკაცი გენერალს ნიშნავდეს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რეჟისორი ნუკრი ქანთარია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ამჟამად რა ატმოსფერო ტრიალებს თეატრებში, მან არ იცის, მაგრამ ასეთ რადიკალურ შეფასებებში ვერ დაეთანხმება ზაზა პაპუაშვილს.

„ეს ძველი წერილია. უბრალოდ, ახლა გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის. ამის შემდეგ ზაზამ კანონპროექტი შეიმუშავა პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა ვერც ამას დავეთანხმები. ჩემი აზრით, მიზანშეწონილი არაა, რომ ეს თემა გახდეს სპეკულაციის საგანი“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.