დასაჭიპი უნდა დაიჭიპოს - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

დასაჭიპი უნდა დაიჭიპოს - ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

“კადაფი რომ ქართველი ყოფილიყო…“ – ოდესმე გისაუბრიათ მსგავს თემაზე? ანდა, “ცხინვალი დასავლეთ საქართველოში რომ მდებარეობდეს...“ და “პრეზიდენტად მიშას მაგივრად, თავის დროზე, ნინო რომ აგვერჩია...“  – ალბათ, არც ასეთი აზრები მოგსვლიათ. აი, ქართულ ინტერნეტფორუმებზე კი, მსგავს თემებზე არცთუ იშვიათად მსჯელობენ და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ყველაფერი ჩხუბით მთავრდება, ამასაც აქვს ერთგვარი, არცთუ მოკრძალებული ხიბლი.

 

ყველამ კარგად ვიცით, როგორ უყვარს მიშას დიდ პიროვნებებთან გატოლება.. ჯერ აღმაშენებლობა უნდოდა, მერე ათათურქით იყო მოხიბლული, ახლა მგონი ჯორჯ ვაშინგტონობა აქვს გულში ამოჭრილი...

 

VOK: “როგორც მოგეხსენებათ, დემეტრე თავდადებული მთელი თავისი ცხოვრება, ასეთ ვთქვათ, არასწორად ცხოვრობდა. პირადი სიმამაცის და მეომრული თავდადების გარდა, არც არაფერი ჰქონდა... ეს კი, იმ დროს, როცა საქართველო მონღოლების ბატონობის ქვეშ გმინავდა, სულაც არ იყო საკმარისი. თავგანწირვას მიშასგან არავინ მოითხოვს, მაგრამ უსმინოს ერის ხმას და მოიქცეს ისე, როგორც ერს უნდა - გადადგეს. იქნებ ამით მაინც დაემსგავსოს რომელიმე დიდ პიროვნებას...”

 

დემეტრემ თავისი საქციელით ყველა თავისი ცოდვა გამოისყიდა. დარბაზს, სადაც ყველამ თავის შესაფარებლად დასავლეთ საქართველოში ან მთიულეში გადასვლა ურჩია, მეფემ მიმართა შემდეგი სიტყვით: ”თუ არ წავიდე ურდოს, იხილავთ რამდენი ქრისტიანი სიკვდილს მიეცემა და ტყვე გახდება, ეკლესიები შეიმუსრება და ხატები და ჯვრები დაიმსხვრევა. თუ წავალ ყაენთან, დანამდვილებით ვიცი, მომკლავს. მე დავდებ სულსა ჩემსა ერისთვის და არ დავიშლი ურდოსა წასვლას“. ამ დროს დემეტრე მხოლოდ 30 წლის იყო...

 

ფორუმელების აზრით, არასწორი პოლიტიკის ნაყოფია ის, რომ დღეს რუსებს საქართველოში არა მარტო ბაზები ჰყავთ, არამედ ბაზების ახლო-მახლო რეგიონებიც მიისაკუთრეს.

 

BABU: “ჩვენ ნატოში გვინდა შესვლა და ევროსტრუქტურებში გაერთიანება.

რუსებს? ამათ ფეხებზე ჰკიდიათ ბალი და ათი შაური, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ესენი ევროკავშირის წევრები ჩვენზე ადრე გახდებიან და ნატოშიც ჩვენზე ადრე შევლენ. ჩვენ თუ საერთოდ გვეღირსა მანდ შესვლა, კაცმა არ იცის.

 

შემდგომ ჩვენ ალბათ არ მიგვიღებენ ნატოში იმ მიზეზით, რომ ნატოს მოკავშირე ქვეყანასთან ტერიტორიული დავა გვქავს. გამორიცხავს ვინმე ამ სცენარს?”

 

ბოლოს და ბოლოს, სად გადის ზღვარი სწორ და არასწორ პოლიტიკას შორის? თუმცა, როდესაც რუსეთის ნატოში გაწევრიანებაზე სერიოზულად შეიძლება ლაპარაკი, მაშინ რაღა ზღვარზე უნდა ვისაუბროთ...

 

ფორუმელი BIJO–ს აზრით, დიდი ალბათობაა რომ პუტინი მზად იყოს ახალ აგრესიისთვის.

 

BIJO: “რა თქმა უნდა პუტინს აწყობს, რომ სააკაშვილი ოპოზიციამ მოაშოროს. ასე, აგრესია არ დასჭირდება და ზედმეტი ახსნა-განმარტება მსოფლიოს წინაშე - დაიბომბა მძინარე ცხინვალი, სოხუმი და ა.შ.

 

პუტინი გამოაცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა თითონ მოიშორა ფაშისტი, აგრესორი და გათავისუფლდა. მედვედევი ბრძანებს: ”ხომ ვთქვი, რომ პოლიტიკური გვამიაო! მოკლედ, მაგრად “გაუსწორდებათ” და დიდ ეკონომიას გააკეთებენ ჩვენ ხარჯზე”

 

ახლა, წარმოიდგინეთ, რომ ეს გეგმა ჩაუვარდათ. ხალხი არ მივა აქციაზე საკმარისი რაოდენობით და სააკაშვილი ხელისუფლებას არ დაკარგავს. პუტინს სხვა რა გზა დარჩება, რომ შეცვალოს საქართველოს პოლიტიკური კურსი? მხოლოდ ერთი - სამხედრო აგრესია.

 

მოიკრიბეთ გონება და გაიხსენეთ სად იყავით ომის პერიოდში? რას აკეთებდით აგვისტოს მოვლენების დროს? თქვით და, მოგეშვებათ გულზე..

 

თუშჩი: “ორი რამის გამო ვხსნი თემას, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ სად ვიყავით ომის პერიოდში.

 

1. როგორც ამ ქვეყნის შვილი... ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი... ან, უბრალოდ - მოქალაქე. რითი ცდილობდით დადგომოდით ქვეყანას გვერდით (ან - არ დადგომოდით).

 

2. ამ ბოლო დროს აქა-იქ ვაწყდები სხვადასხვა იუზერის შემდეგ პოსტებს... მალე მოგვიწევს პარტიზანული მოძრაობა... იარაღის ხელში აღება და ტყე-ღრე ძუნძული... და ა.შ”

 

ომის დროს რა ხდებოდა, ამ დროს, ყველამ ვიცით... არ იცის მხოლოდ კუბოების ხელოსანმა, მეტსახელად ფიროსმანამ, რომელიც ომის დროს თავის სახელოსნოში იყო შეკეტილი, არაყს სვამდა და უმარილო კარტოფილს აყოლებდა...

 

ოპოზიციონერი ფორუმელების აზრით, სააკაშვილს ვერ წარმოუდგენია საკუთარი თავი პრეზიდენტისგან განსხვავებულ ამპლუაში და ეცდება შეინარჩუნოს სკამი ყველა ხერხებით.

 

BEGOO: “ჩემი აზრით, გველის ვინმე ბობოლა მიშიკოს თანამებრძოლის წაქცევა. ბენუდქიძე გაეცალა სიტუაციას. მაგას ვერ წააქცევდა მიშიკო ხმაურით იმიტომ, რომ ბევრი იცის და მაგ გოდორს შეიარაღებულ შეთქმულებას ნაღდად ვერ დააბრალებდნენ და შეტაკებისას ვერ მოკლავდნენ და ცოცხლად დაჭერა კიდე არ შეიძლება.

 

თუმცა, ტენდენციაა, რომ ხალხს გული მოუგოს რამით. ამიტომ, ჩემი აზრით, ვინმე მძიმეწონოსანს მაგრად წააქცევენ, შეიძლება მოკლან კიდეც და ყველა ბოროტება იმას დააბრალონ. ასეთები კი, მოგეხსენებათ, არიან ან მერაბიშვილი ან ადეიშვილი. ამათაც, ალბათ, უკვე იყნოსეს ამბავი და გაქცევაზე აქვთ თვალი. ასე რომ, როგორ ფიქრობთ, ვის გადმოგვიგდებს მიშიკო?”

 

ვისთვისაც აქამდე გადმოუგდია, იმას გადმოუგდოს...

 

უკვე ყელში ამოვიდა ამდენი ტალახი, ხომ არსებობს უფრო ცივილიზებული გზებიც რომ უთანხმოება გადავწყვიტოთ?

 

KARLOS: “ბოლოს წაგებული არც სააკაშვილი იქნება და არც ოპოზიცია. ამ მასიური ვახტანგური ანანიზმით, რომლითაც დღევანდელი ხელისუფლების წევრები არიან დაკავებულები, მხოლოდ ქვეყანას ავნებენ და ბოლოს წაგებული ისევ ყველა ჩვენთაგანი, საქართველოს მოქალაქენი, ჩვენი შვილები და მომავალი თაობა იქნება.

 

ყელში ამოვიდა ამ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლების ყურება. ედიკა რომ ედიკაა, რომ დაინახა ხალხის ძალა ისიც კი წავიდა, თქვენ კიდე ყველაფერზე მიდიხართ რომ შეინარჩუნოთ არაკაცობით მოპოვებული ძალაუფლება. ღმერთი არ გაპატიებთ! ერთი შვილი მოუკალით ქალს და იმ სისხლში გაქვთ ყველას სული, ხელი და გული ამოსვრილი!”

 

სპექტაკლებზე რა გითხრათ და, ქართულ ინტერნეტფორუმებზე უკვე ახალ რევოლუციებს გეგმავენ. თან როდის?! 9 აპრილს! ერთ წრეზე ტრიალიც ამას ქვია!

 

Tamada99: “9 აპრილს, 2011 წელს გაერთიანდება ერი, ყველა ვინც არის:

 

1. დღევანდელი ხელისუფლებისგან დაჩაგრული, დატერორებული, გამწარებული, ნაწამები, მიწა-საკუთრება-სინდის ჩამორთმეული...

2. ოპოზიციისგან მოტყუებულნი და უმედოდ, ულიდეროდ დარჩენილი მასები...

3. აბსოლუტურად ყველა... ყველა ვინც თავს საქართველოს მოქალაქედ თვლის და მომავლისთვის ბრძოლას აპირებს...

 

სასტიკად დაისჯება ყველა, ვისაც ქართველზე აუწევია ხელი, ბეჩავი დაუჩაგვრია, ხალხის ფული, მიწა-წყალი გაუყიდია-მოუთვისებია და მხოლოდ შიშითა და ტერორით მართავს!

 

მთავარია, ზოგიერთი ოპოზიციონერივით არ მოგივიდეს, ხალხს ჩასვრილი რომ უძახა და სინამდვილეში თავად აღმოჩნდა მაგ მდგომარეობაში!

 

დასაჭიპი უნდა დაიჭიპოს... არადა, ყველა დასაჭიპია!

 

Chombe: “მოგახსენებთ, რომ ბიზნესთან ძალზედ ნაკლები შეხება მქონდა უწინაც და ეხლაც, შესაბამისად, ვაღიარებ, რომ კარგად ვერ ვერკვევოდი მაქაურ ამბებში... თუმცა, ბოლო რამოდენიმე კვირაა, ერთგვარი შეხება მქონდა სხვადასხვა სამეწარმეო ერთეულებთან (ძირითადად - საკმაოდ ცნობილებთან) და რაც მე იქ ამბები ვნახე, მტრისას და ავისას!

 

შრომის კანონმდებლობა აბსოლუტურად ყველას “დაშტაღლარზე“ ჰკიდია, მათი მუშაკები დაახლოებით იმ მდგომარეობაში არიან ჩაყრილები 40-45 საუკუნის წინ პირამიდების მშენებლები რომ იყვნენ... არანორმირებული სამუშაო, ექსპლუატაციის არგაგონილი დონე, შრომის და სანიტარული რეჟიმების სრული მოშლა და ა.შ. ნებისმიერი უკმაყოფილობის გამოთქმის მცდელობაც კი ჩანასახშივე იხშობა და ჯადოსნური ტერმინი - "თუ არ მოგწონს, წადი" - აგვარებს ყოველგვარ პრობლემას!

 

ასე რომ, უნდა მოვუბოდიშო შემოსავლების სამსახურს. ვაღიარებ, ტყუილად ვაკრიტიკებდი ხშირად მათ... თუმცა, აწი ისევ გავაკრიტიკებ, მაგრამ უკვე ახალი და ლიბერალური ადმინისტრირების გამო...“

 

ნამეტანი ლიბერალურები არიან, ჩემმა მზემ, ულიბერალულესები!

 

ემუქრება თუ არა აფხაზეთს გარუსება სინამდვილეში?

 

Zindiosama: “ამაზე მუდმივად გაჰყვირის ჩვენი ოფიციალური პროპაგანდა და ამ ფორუმზეც თმებს ვიპუტავთ ხოლმე. რეალობა კი სრულიად სხვაა. აფხაზეთის გასარუსებლად რუსეთს, ელემენტარულად, დემოგრაფიული რესურსი აღარ გააჩნია.

 

ამის ყველაზე ნათელი დადასტურება თუნდაც ის ფაქტია, რომ ჩრდილო კავკასიის ომი უკვე ფაქტობრივად სტავროპოლს გადაედო და ნაბიჯ–ნაბიჯ უახლოვდება სოჭს. ხოლო ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი ამ რეგიონების რუსული მოსახლეობისგან თანამიმდევრული დაცლა და იქ ჩრდილოკავკასიელთა მასობრივი ჩასახლებაა, რასაც კრემლის ხელშეწყობით რამზან კადიროვი ახორციელებს

 

ასევე ხშირად საუბრობენ ხოლმე აფხაზეთის კულტურულ ასიმილაციაზეც. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს პროცესიც მნიშვნელოვანწილად დემოგრაფიულ ექსპანსიას მოსდევს ხოლმე. ხოლო ამისათვის იქ განთავსებული რუსი სამხედროები და მათი  ოჯახები აშკარად არასაკმარისია: ისინი ადგილობრივებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ და პრაქტიკულად მათთან შეხებაც არ აქვთ, განსაკუთრებით - სოფლად“.

 

ჩრდილო-კავკასია გარუსებულია? თუ - კი, მაშინ აფხაზებიც გარუსდებიან... "კისლაროდი" მხოლოდ რუსეთიდან მიეწოდებათ და ამიტომაც იძულებული გახდებიან, უფრო მეტად რუსი გახდნენ ვიდრე აფხაზი... გააფხაზებულ ქართველებს კი,  მესამედ მოუწევთ ასიმილირება