რეაბილიტირებულ სარწყავ სისტემებში წყალი არ მოედინება იმიტომ, რომ რეაბილიტაციის თანხა წყალს გაატანეს. ნახევარი კახეთი უწყლობით იტანჯება, ხოლო მეორე ნახევარს სპეციალურად უკეტავენ. გარდა ამისა, 15 ივლისიდან ჯარიმებითაც ემუქრებიან. მთავრობის ენაზე ამას “სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამა” ჰქვია.
ახმეტის რაიონის 20 სოფელი სამი კვირაა სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ზაქარია ქინქლაძის ინფორმაციით, სარწყავი არხი სტიქიის შედეგად დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ გლეხებს სარწყავი წყლის არქონის გამო მოსავალი უხმებათ, არხის გაწმენდას არავინ ჩქარობს.
“ზემო ალაზნის სარწყავი არხი ქვა-ღორღით არის ამოვსებული, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა სასოფლო სამეურნეო ნათესების მორწყვას ვერ ახერხებს. გვალვისგან გლეხებს მოსავალი უხმებათ. ხალხი დახმარებას ითხოვს, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს”, - აღნიშნავს კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საბურაში ზაქარია ქინქლაძე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა მაისურაძის თქმით, სარწყავი არხი “ალაზანი ემ”-ის საკუთრებაა და სამუშაოებიც აღნიშნულმა კომპანიამ უნდა ჩაატაროს. ეს კომპანია კი უსახსრობას უჩივის.
“ჩვენ შევადგინეთ ხარჯთაღრიცხვა და სარწყავი არხის გაწმენდა 150 ათას ლარამდე ჯდება. ამ ხარჯების გაწევის საშუალება ორგანიზაციას არ აქვს. ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ ერთობლივი თანხებით ზემო ალაზნის სარწყავი არხის გაწმენდა მოვახერხოთ”, - განაცხადა “ალაზანი ემ”-ის დირექტორმა ალექსანდრე იმერლიშვილმა.
გამოდის, რომ ეს კომპანია გლეხებს მხოლოდ პრობლემებს უქმნის. როცა აუცილებლობაა, ფული არ აქვს, ხოლო როდესაც გლეხებს სარწყავი ჰაერივით სჭირდებათ, წყლის გადაკეტვაში ბადალი არ ჰყავს.
ამ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, კახელ გლეხებს სარწყავი წყალი გადაუკეტეს. გურჯაანის, სიღნაღის და თელავის მოსახლეობას წყალი აღარ მიეწოდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სარწყავი წყალი ფასიანია - ერთ ჰექტარზე გლეხმა 75 ლარი უნდა გადაიხადოს, თუმცა გლეხები ამ თანხას არ იხდიან.
შედეგად, კვეზერელის დავალებით, შპს “ალაზანი ემ”-ის ხელმძღვანელობამ, რომელიც სარწყავი წყლის მიწოდებას ახორციელებს, წყალი გადაკეტა. ასე დარჩა ნახევარი კახეთი უწყლოდ და საქართველოს მთავრობა ამას “სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობას” ეძახის.
არადა, სარწყავი სისტემების რეაბილიტაციისათვის უამრავი ფული დაიხარჯა, უფრო სწორად – გაიფლანგა. კონტროლის პალატის დასკვნის თანახმად, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები სისტემის რეაბილიტაციისათვის ახალი მილების ნაცვლად მეორად, ამორტიზებულ მილებს იყენებდნენ. ამიტომაც იყო, რომ მილები რამდენიმე რაიონში დაზიანდა და მოვარდნილმა წყალმა მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა, მაგალითად კასპსა და ხაშურის რაიონებში.
სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამის თავდაპირველი ღირებულება 4 მილიონ 800 ათასი ლარი იყო, ორ თვეში კი პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივით ბიუჯეტი 14 მილიონ ლარამდე გაზარდა. ამასთან, ოთხ ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო დამატებითი 8 მილიონი ლარი დოკუმენტებში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აისახა.
უწყლობის გამო მოსავლიანობა კატასტროფულად ეცემა, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი უფრო და უფრო არარენტაბელური ხდება. ხეხილის ნარგავების უმეტესობა დაკნინდა და მათი მასობრივი გაჩეხვა დაიწყო.
ამ “სიკეთეებთან” ერთად, გლეხებს წყლის დატაცებისთვის პასუხისმგებლობას 2010 წლის 15 ივლისიდან დააკისრებენ. სარწყავი წყლის გადაცემის ან განაწილების ქსელიდან სარწყავი წყლის დატაცება, ასევე, სამელიორაციო ასოციაციებისთვის მიწოდებული წყლის თვითნებურად მოხმარება ფიზიკური პირის 250, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. დანაშაულის გამეორების შემთხვევაში კი ჯარიმები გაორმაგდება.