მინისტრი დარიალის ხეობაში

მინისტრი დარიალის ხეობაში

შიშინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პრემიერ-მინისტრის დავალებით დარიალის ხეობაში იმყოფება და საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს. მინისტრმა დარიალის ხეობაში მიმდინარე საძიებო-სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა.

დღეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეწყერის შედეგად ჩამოწოლილი მიწის მასაში მოყოლილი ერთი სატვირთო ავტომობილის ამოტანა მოახერხეს. ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკის საშუალებით ლარსის მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები. მაშველები ასევე აწარმოებენ სხვა სატვირთო ავტომანქანების საძიებო სამუშაოებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, მდინარე დევდორაკის ხეობის ყველაზე მაღალ წერტილებში შექმნილია რამდენიმე საგუშაგო. საგუშაგოებზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები იმყოფებიან. ისინი მეწყერსაშიშ ზონებს აკვირდებიან. საფრთხის არსებობის შემთხვევაში, რადიოკავშირით დაუყოვნებლივ აცნობებენ ხეობაში, ქვემოთ მდებარე საგუშაგოზე მყოფ საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რათა დროულად მოხდეს მეწყერსაშიში ზონიდან მძიმე ტექნიკისა და იქ მომუშავე პერსონალის ევაკუირება, რომლებიც ადგილზე საძიებო-სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.