ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა, შესაბამისად, სოციალური სიდუხჭირე პირველ ადგილზე დგას და მოგვარების პერსპექტივაც არსაიდან ჩანს, ცოტა უხერხულია მინისტრების სახელფასო დანამატებსა და უზარმაზარ პრემიებზე გაუთავებელი საუბარი. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც ზოგიერთი მინისტრის ზღვარგადასული შემოსავლები იყო ასახული. გავრცელდა ინფორმაცია სხვადასხვა უწყებებში სხვადასხვა „დამსახურებებისათვის“ გაცემული ზღვარსგადასული შემოსავლების შესახებაც... პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ ამ საკითხს უყურადღებოდ არ დატოვებს და შესაბამის უწყებას პრემიების ზედა ზღვრის დადგენა დაავალა.
განმარტებების გაკეთება მინისტრებსაც მოუხდათ, რატომ ატყდა ხმაური ამ თემაზე, უნდა ჰქონდეთ თუ არა ჩინოვნიკებს მაღალი შემოსავლები, ამ თემაზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ, საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდა ზოგიერთი ჩინოვნიკის არანორმალურად მაღალი შემოსავლები. თქვენი შეფასებით, მათი ხელფასები უნდა შეესაბამებოდეს თუ არა ქვეყანაში არსებულ საერთო სოციალურ ფონს?
- თანამდებობის პირებს რომ მაღალი ხელფასები ჰქონდეთ, ზოგადად, ამისი წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ხელფასსაც გააჩნია. რაღაცნაირი შესაბამისობა მაინც უნდა იყოს იმაში, თუ რა ხელფასი აქვს მინისტრს და რა არის საშუალო ხელფასი, იგივე, სახელმწიფო ბიუროკრატიაში. ალბათ, ეს შეწყობილი უნდა იყოს იმ ფონთან და მდგომარეობასთანაც, რაც არის საერთოდ, ქვეყანაში. ინფორმაცია, რაც ვრცელდება მედიის საშუალებით ხელფასებისა და პრემიების შესახებ, რაც ამა თუ იმ უწყებში დარიგდა, ეს არ არის უბრალოდ, მაღალი ხელფასი - ეს არის არანორმალური ხელფასები და პრემიები.
ლაპარაკი შესაძლოა, არ იყოს იმაზე, რომ ეს კანონის დარღვევაა და შესაძლოა, კანონი არ არეგულირებს, მაგრამ ამის მიღმა არსებობს კიდეც რაღაც, მორალი, სინდისი და ა.შ. და როდესაც ხელფასი ან პრემია იმდენად მაღალია, რომ არანორმალურობის ელფერს იღებს, ამაზე უნდა იყოს ძალზე მკვეთრი რეაქცია - არ ვგულისხმობ სამართლებრივს.
უბრალოდ, არ შეიძლება როდესაც ადამიანები, საკუთარ თავსა თუ ქვეშევრდომებს უწერენ ამხელა თანხებს. შეიძლება, ვინმეს დღეს 10 ათასი ლარი ჰქონდეს ხელფასი?! და თუ მაინც ვინმეს უნდა ჰქონდეს, ვფიქრობ, მხოლოდ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს.
აუცილებლად უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი და თუ მკითხავთ, დაგვიანებულიც კია. ალბათ, ვიღაცამ იცოდა ეს და ხელისუფლებას ამის შესახებ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, ვიდრე ამ თემის აჟიტირება მოხდებოდა მედიასაშუალებებში და საზოგადოების განსჯის საგანი გახდებოდა.
წინა ხელისუფლებასთან ერთ-ერთი პრეტენზია, რაც ჰქონდა საზოგადოებას, სწორედ ის გახლდათ, რომ მთელი თანხები აკუმულირებული იყო ერთი კონკრეტული ჯგუფის ხელში, რომელსაც ხელისუფლება წარმოადგენდა. გამოდის, რომ დღესაც იგივე ტენდენცია გრძელდება?
- იქ კიდევ მრავალი ფაქტორი იყო, ამიტომ, ტოლობის ნიშნის დასმა ძალიან გამიჭირდება. მარტო ხელფასებზე არ იყო და არ არის საუბარი, არსებობდა შავი სალარო, საიდანაც რა ხდებოდა და რა არა, კაცმა არ იცის და აბსოლუტურად სხვა სისტემაზე იყო საუბარი.
რასაც ვხედავ, ამ ხელისუფლებაში, ეს სისტემა არ მუშობს, მაგრამ დღეს თუ არა, ხვალ შეიძლება, ისევ იქამდე მივიდეთ, ამისი საფრთხე არსებობს. თუ დროულად არ იქნება იგივე ხელისუფლების მიერ აღკვეთილი და დარეგულირებული ეს საკითხი. ეს ჯერ კიდევ მაშინ უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, როდესაც დაახლოებით, ერთი წლის წინ გაჟღერდა სახელფასო დანამატის თემა. ეს კარგად მოსაფიქრებელი და გასაანალიზებელი თემაა.
თვითონ, ბიურიკრატიული სისტემა უნდა იყოს დარეგულირებული, პიროვნებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ვინ რამდენ ხელფასს დაუნიშნავს საკუთარ თავსა და ქვეშევრდომებს. თუ ამას დროულად არ მიხედავს დღევანდელი ხელისუფლება, ალბათ, იქამდეც მივალთ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა.
ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ შესაბამისი უნდა იყოს იმ ადამიანების ანაზღაურება რომელთა საქმიანობაზე ქვეყანში ბევრი რამ არის დამოკიდებული - მთავრობა თვლის, რომ მათი შემოსავლები დამსახურებულია. ფიქრობთ, რომ რეგულაციების შემოღებით პრობლემა საბოლოოდ მოიხსნება?
- მეც ვიზიარებ, პოზიციას, რომ მაღალი ხელფასები უნდა ჰქონდეთ, მაგრამ არანორმალურად მაღალი არა. რაც შეეხება ზედა ზღვარს, ეს საფიქრალი, სამსჯელო და დასადგენია - ყველას შეიძლება საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს ზედა ზღვართან დაკავშირებით და მსჯელობის გარეშე შეჯერება ვერ მოხდება.
რამდენადაც ცნობილია, ხელფასების მომატებასა და ავტოპარკის განახლებას პარლამენტიც გეგმავს, ფიქრობენ, რომ გაზრდილი ბიუჯეტი ამის საშუალებას მისცემს... როგორ ფიქრობთ, ზედმეტი ფუფუნება ხომ არ იქნება საქართველოსთანა გაჭირვებული ქვეყნისთვის?
- არ ვიცი, რამდენად მოძველებული ავტოპარკი აქვთ, ამდენად, ამაზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ზოგადად, პარლამენტარების შემოსავლები უნდა იყოს გათანაბრებული მინისტრებთან თუ არა მის მოადგილეებთან მაინც. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რგოლი, ისევე, როგორც მოსამართლეთა უზრუნველყოფა და ა.შ. უმაღლესი პოლიტიკური ეშელონები იმდენად უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ, რომ მთელი ენერგია ქვეყნის აღმშენებლობისაკენ მიმართონ - ზოგადად, ამ პრინციპიდან გამოვდივარ.
რეალურად ვინ რას აკეთებს და მისი შრომა რა შემოსავალს შეესაბამება, ეს სხვა თემაა. თუ პირი შემოსავალს არ შეესაბამება, მაშინ ის უნდა შეცვალოთ და არა პირიქით - ამ თანამდებობისთვის განკუთვნილი შემოსავალი შეიცვალოს.
თავის დროზე იყო ასეთი მიდგომა, რომ პარლამენტი და მინისტრთა კაბინეტი ერთი რანგის სახელმწიფო თანამდებობებად განიხილებოდა. თუ ასეა, მაშინ მათ მინისტრებთან გათანაბრებული ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. თუ ეს მიდგომა შეიცვალა, მაშინ უნდა ითქვას ამის შესახებაც.
ბიუჯეტის ზრდა უნდა ნიშნავდეს თუ არა ავტომატურად იმას, რომ ეს პირველ რიგში, ჩინოვნიკების ხელფასებზე აისახოს?
- ხელფასებზე ბიუჯეტიდან იმდენი უნდა იხარჯებოდეს, რაც ამისათვის არის განსაზღვრული. კიდევ ერთი საკითხია, რომ ბიურიკრატია უნდა შემცირდეს. ქვეყანა უნდა წავიდეს იმ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება ნაკლები სახელმწიფო მოხელე ჰყავდეს და ბიუჯეტს ჩინოვნიკების ანაზღაურება ტვირთად არ ექცეს. ბუნებრივია, ყველა ცდილობს, ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი მიიღოს, მაგრამ კაბინეტური სისტემა სწორედ ის არის, რომ განხილვის დროს უნდა გამოიკვეთოს პრიორიტეტები.
იმ მოცულობის ბიუჯეტი არ გვაქვს და კიდევ დიდხანს ვერ გვექნება, რომ ყველა პრობლემა მოგვარდეს, ამიტომ პრიორიტეტები უნდა გამოიკვეთოს და მინისტრთა კაბინეტმა შეთანხმებულად, ამ პრიორიტეტების დაფინანსება გადაწყვიტოს და არა ვიღაცის ხელფასები ან ხუშტურები.
დღეს დაახლოებით 6 ათას ლარამდეა მინისტრების ხელფასები, ქართული რეალობის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, შემოსავლის ზედა ზღვარი რამდენი შეიძლება იყოს?
- ალბათ, ნორმალურია იმისათვის, რომ იმუშავო, მაგრამ არ ვგულისხმობ მხოლოდ ხელფასს, მთლიან შემოსავალზე მაქვს საუბარი. 10 ათას ლარზე მეტის მიღება ვფიქრობ, უზნეობა იქნებოდა.
მეორე მხრივ, საუბარია ტოტალურ უმუშვრობაზე და სწორედ ეს აღიზიანებს საზოგადოებას, როდესაც ხელისუფლების მაღალ ხელფასებზეა საუბარი...
- ეს თემა უნდა გავყოთ ორ ნაწილად. დავივიწყოთ, როგორი მთავრობა გვყავს, კარგი თუ ცუდი - ეს გავწიოთ გვერდზე და ვთქვათ, უმაღლესი თანამდებობის პირებს უნდა ჰქონდეთ თუ არა მაღალი ანაზღაურება. თუ ვთანხმდებით, რომ უნდა ჰქონდეს, განვსაზღვროთ მისი ზედა ზღვარი ქვეყნის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე და ეს საკითხი დავტოვოთ ასე.
ცალკე ვიმსჯელოთ იმაზე, მთავრობა ასრულებს თუ არა დანაპირებს. თუ მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ ვერ ასრულებს, მაშინ უნდა გადაირჩიოს ეს ხელისუფლება და მოიყვანოს ახალი - ეს არის ძალზე მარტივი ფორმულა.
საკითხი ასე არ უნდა დავსვათ, რომ აი, ამას ამხელა ხელფასი აქვს და ამიტომ არ ასრულებს თავის მოვალეობას - ეს სხვა თემაა. ხელფასი მაღალი იმიტომ უნდა ჰქონდეს სახელმწიფო მოხელეს, რომ მე, როგორც ამომრჩეველმა, მოვითხოვო მისგან წესიერი და პატიოსანი მუშაობა - მიტომ ვუხდი გადასახადებიდან ამდენ ხელფასს, რომ მან ეს საქმე გააკეთოს - თუ ვერ აკეთებს, უნდა გადავირჩიო. ხელფასს თუ ჩამოვაჭრით, გააკეთებს საქმეს? - არ გააკეთებს.
პრობლემა, რაც თქვენ ახსენეთ, მართლაც არსებობს, რადგან უმუშევრობის დონე ქვეყანაში ძალზე მაღალია, სოციალური ფონი - ძლიან მძიმე, ამიტომ ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები არსებობს.
გასაგებია, რომ საზოგადოებას ეს აღაშფოთებს, მაგრამ შეიძლება ასეთი ხელისუფლება მხოლოდ ამორალურად შეაფასო, ამის იქით ვერ წახვალ და სამართლებრივ დევნას ვერ დაიწყებ. ამიტომ ერთადერთი გზა რჩება - ასეთი ხელისუფლება უნდა გადაირჩიო.
ხელფასების თემა ახალი არ არის, მაგრამ ახლა რატომ ატყდა ასეთი ხმაური?
- როგორც ვთქვი, ვემხრობი მოსაზრებას, რომ ხელისუფლებაში მყოფ ჩინოვნიკებს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ჩემი ასეთი პოზიციის მიუხედავად, ჩემთვისაც კი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ის ციფრები, რაც გახმაურდა.
არსებობს რაღაც ზღვარი, სინდისი, ნამუსი, ასე არ შეიძლება და ეს უნდა იყოს საზოგადოების მსჯელობის საგანი.
მაგრამ ამ შემთხვევში, ეს ხმაური ალბათ, მაინც მიბმულია არჩევნებთან და ბუნებრივია, პოლიტიკური ძალები ან კონკრეტული ადამიანები თვლიან, რომ ამ თემისადმი ყურადღბის მიქცევა იქნება სწორი.
მეც მიმაჩნია, რომ სწორია და უკეთესი იქნება, თუ ეს მოხდება მუდმივ რეჟიმში, თუ საზოგადოებას მუდმივარდ პრესის ქვეშ ეყოლება ხელისუფლება და არა მხოლოდ არჩევნების პერიოდში.
ვთვლი, რომ ეს ძალზე ნორმალური პროცესია და ვისურვებდი, რომ გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ, რომ ანაზღაურებაც ნორმალური მივცეთ ჩინოვნიკებს და ამ ანაზღაურების სანაცვლოდ ვაიძულებთ, გააკეთონ ის საქმე, რისთვისაც ხალხმა აირჩია.