ხელისუფლებამ მედიასთან სახიფათო თამაში წამოიწყო

ხელისუფლებამ მედიასთან სახიფათო თამაში წამოიწყო

„მაესტროს“ ეთერში კვირას გასულ „ვახო სანაიას რეპორტაჟზე“ ხელისუფლებამ რეაქცია სამშაბათს გამოხატა. მთავრობის კრიტიკული პოზიცია პრესსამსახურმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიის ზეწოლისგან გათავისუფლება მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარია და ეს საერთაშორისო კვლევებითაც დასტურდება.

მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილ თავისუფლებას ზოგიერთი მედიასაშუალება არასათანადოდ იყენებს, მაგალითად კი ჟურნალისტ ვახო სანაიას საავტორო გადაცემას ასახელებენ, რომელშიც, პრესსამსახურის განმარტებით, „ქართული ოცნების“ დაპირებების თემა ტენდენციურად გაშუქდა.

„ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა. ამ სიცრუის გამყარებისთვის მან ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა და ისეთი პასუხები შეარჩია, რომელიც გადაცემის მთავარ ხაზს გააძლიერებდა. 
ობიეტურობაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტს, ალბათ, არ უნდა გამორჩენოდა, რა მძიმე მემკვიდრეობა დახვდა ახალ ხელისუფლებას და ორ წელიწადში უკვე არსებობს თვალსაჩინო შედეგი, რომელსაც ყოველდღე გრძნობს მოსახლეობა“,- აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მთავრობის პრესსამსახურის შემდეგ, ეთერში 18 მაისს გასული ვახო სანაიას გადაცემა პარტია „ქართულმა ოცნებამაც“ გააკრიტიკა და გადაცემაში ნეპოტიზმზე საუბარი ცილისწამებად დააკვალიფიცირა.

„ჩვენი პარტიის და კოალიციის წევრები დადანაშაულებულები იყვნენ ნათესავებისა და მეგობრების დასაქმებაში. სიუჟეტი იმდენად აბსურდული იყო, რომ საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი ლექსო თამაზაშვილიც კი ნეპოტიზმის შედეგად დასაქმებულად მოიხსენიეს,“- აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებული განცხადებაში.

პარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, კონკრეტულ თემაზე მუშაობისას ამომწურავად შეისწავლონ თითოეული საკითხი და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ვახო სანაიას ზემოთ ხსენებული გადაცემის შინაარსს საზოგადოების ნაწილი სადავოდ მიიჩნევს. ზოგი ფიქრობს, რომ რეპორტაჟებში ტენდენციურობის ელემენტები იკვეთებოდა, სხვები კი რეპორტაჟში მოყვანილ საპირისპირო აზრებზე აკეთებენ აქცენტს. თუმცა, უმეტესობა ერთ საკითხზე თანხმდება - ეთერში გასულ გადაცემაზე ხელისუფლების რეაქცია მართებული არ იყო.

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი ვაჟა ბერიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სანაიას რეპორტაჟი დაუბალანსებლობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მისი თქმით, ჟურნალისტი ტენდეციურიც რომ ყოფილიყო, უფრო მეტი პრობლემა მაინც ის რეაქციაა, რაც მთავრობამ გადაცემის შესახებ გამოხატა.

„მომეჩვენა ცოტა დაუბალანსებელი იყო სიუჟეტები, რაც არ იყო მოსალოდნელი ისეთი გამოცდილი და ნიჭიერი ჟურნალისტისგან, როგორიც სანაიაა. რაც შეეხება მთავრობის რეაგირებას ამ ფაქტზე - მედიასაშუალებებთან ამგვარი ურთიერთობა საუკეთესო გზად არ მიმაჩნია. ვფიქრობ, მოცემულ შემთხვევაში, სჯობდა, მთავრობის შესაბამის სტრუქტურას მიმართვის გავრცელებისგან თავი შეეკავებინა. თავისთავად, მედია უნდა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და დაცული ნებისმიერი, თუნდაც მცირე ჰიპოთეტური ან ამდაგვარი ინტერპრეტაციით აღქმული ზეწოლისგან. ამავე დროს თავად მედიასაშუალებებიც უნდა ცდილობდნენ, იყვნენ მაქსიმალურად დაბალანსებული ინფორმაციისა და ანალიზის მიმწოდებლები საზოგადოებისთვის“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობაში მოსვლის შემდეგ ეკონომიკაში ბევრი რაღაც გაკეთდა და მთავრობამ ბევრი პროექტი შესთავაზა საზოგადოებას, განსაკუთრებით, სოციალური პროგრამების თვალსაზრისით, თუმცა, მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა.

„უფრო მკაფიო შეიძლებოდა ყოფილიყო ეკონომიკური პოლიტიკა და აქცენტები და პრიორიტეტები მეტად ქმედითი და ხელშესახები. ვფიქრობ, ეკონომიკაში სირთულეების დაძლევა წელიწადნახევარში ვერ მოხერხდებოდა ისეთი მემკვიდრეობის პირობებში, რაც გლობალური თვალსაზრისით, საბჭოთა პერიოდიდან, მოგვიანებით კი „ნაციონალური“ მოძრაობისგან დარჩა. ამ კუთხითაც უნდა შევუნდოთ და გავუგოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიმართ საზოგადოება განსაკუთრებით კრიტიკული შემდეგ წლებში უნდა იყოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მედიამ და ექსპერტებმა ხელისუფლება ამჯერად უნდა დაინდონ.

მთავრობის მიერ მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მიერ მომზადებული გადაცემების კრიტიკა მთავრობისთვის შეუსაბამო საქმედ მიაჩნია ჟურნალისტ თამარ ჩიქოვანს. იგი ვარაუდობს, რომ მსგავსი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში საერთაშორისო რეიტინგებში ასახული საქართველოს მედიარეიტინგები გაუარესდება.

„ვიხსენებდი და ვერ გავიხსენე, როდის ჰქონდა ხელისუფლებას ასეთი რეაქცია ერთ კონკრეტულ გადაცემაზე. მე მაინც მგონია, რომ ხელისუფლების როლი და დანიშნულება არ არის კონკრეტული გადაცემის შესახებ საკუთარი მოსაზრების ასე გამოთქმა. ხელისუფლების მოვალეობაა, გაითვალისწინოს კრიტიკა, მოსაზრება. თუნდაც, გაადაამოწმოს, რადგან ჟურნალისტსაც შეიძლება რაღაც შეეშალოს. გამოსვლა და საუბარი იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის ხელოვნურად, ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით გაკეთებული, უმართებულოა“, - განუცხადა For.ge-ს თამარ ჩიქოვანმა.

ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ვახო სანიას გადაცემაზე ხელისუფლების ამგვარი რეაგირება პოლიტიკური გუნდის გამოუცდელობის ბრალია, თუმცა, ეს ფაქტორი მთავრობას ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

„მედია არ არის მოწოდებული საიმისოდ, რომ ხელისუფლებას დითირამბები უმღეროს. მედიამ საზოგადოებაში არსებული განწყობები უნდა ასახოს და ეს ინფორმაცია მიაწოდოს ხელისუფლებას“, - აღნიშნავს თამარ ჩიქოვანი.

საკითხის შეფასებისას კიდევ უფრო მკაცრია პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. მას მიაჩნია, რომ მთავრობას ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის მადლობა უნდა გადაეხადა საზოგადოებრივი აზრის იმ ვერსიის მიწოდებისთვის, რაც გადაცემაში იყო წარმოდგენილი და პრობლემის გაანალიზების კუთხით უნდა გააქტიურებულიყო.

„კრიტიკული მოსაზრების მქონე ადამიანების გარდა გადაცემაში მოყვანილი იყო იმ ადამიანების მოსაზრებებიც, რომლებიც ხედავენ ხელისუფლების გაკეთებულ საქმეებს და ელიან, რომ ბოლომდე შესრულდება. ამიტომ, ვერც ვიტყვი, რომ რეპორტაჟი ტენდენციური იყო. ასეთიც რომ ყოფილიყო, არც ესაა პრობლემა. ჟურნალისტი პუბლიცისტია, ადამიანია და შეიძლება ასე ფიქრობს. მედიის ფუნქცია სწორედ ისაა, რომ ხელისუფლებას შეახსენოს ის, რაც მას შეუმჩნეველი რჩება, აჩვენოს საზოგადოების თუნდაც მცდარი განწყობა. მედიას ამისთვის მადლობა ეკუთვნის“, - განუცხადა for.ge-ს რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ შექმნილი პრობლემის ერთ-ერი მიზეზი ისიც გახდა, რომ გადაცემაში წერტილი არ დაისვა, თემა არ შეიკრა და ბუნდოვანი დარჩა, რისი თქმა უნდოდა წამყვანს. ამ ფატორის მიუხედავად საყვარელიძე ფიქრობს, რომ მედიასთან ხელისუფლების დავა ისევ ხელისუფლებას დააზიანებს და მის სისუსტეს წარმოაჩენს.

„სპილო მშვიდია და რეაქციას არ გამოხატავს იმიტომ, რომ ღონიერი და ძლიერია. როდესაც ხელისუფლება ასე რეაგირებს შენიშვნებზე, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებასაც არ მიაჩნია საკუთარი თავი ძლიერად. სურს დამტკიცება, რომ წელგამართულია, მაგრამ თავადაც ეჭვობს, რომ ხარვეზები აქვს და ჟურნალისტმა ამ შემთხვევაში მტკივნეულ ადგილზე დააბიჯა ფეხი. ხელისუფლებამ ამ რეაქციით, ფაქტობრივად, გაამყარა ვახო სანაიას კრიტიკა“,- განმარტავს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი ხელისუფლების მედიასთან ურთიერთობის ცუდ მაგალითად საბჭოთა პერიოდში არსებულ დამოკიდებულებს ასახელებს და განმარტავს, რომ, სწორედ, კომუნისტებს ჰქონდათ მგრძნობიარე დამოკიდებულება პრესაში დაწერილ ამბებზე, მაგრამ მედიასთან პოლემიკა საბჭოთა ხელისუფლებამაც ვერ დაასრულა წარმატებით და მით უმეტეს, არ გამოვა ეს დღევანდელ საქართველოში.

რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ დღეს საზოგადოებისთვის აზრის გამოხატვის სურვილი არც არავის აქვს და ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მთავრობის რეაქცია აქტიური განსჯის საგნად იქცა, თუმცა, აღნიშნავს იმასაც, რომ მედიასთან მთავრობის პოლემიკის ამგვარ სტილს ერთგვარი საფუძველი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა.

„ივანიშვილმა როდესაც ექსპერტებსა და ჟურნალისტებთან დისკუსიები გამართა, მედიასთან პოლემიკის იგივე სტილი გამოიყენა. მას, როგორც სახელმწიფოს ხელმძღვანელს საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეული სურათის წარმოჩენისთვის ჟურნალისტებისა და ექსპერტებისთვის რომ მადლობა გადაეხადა, მისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა. ივანიშვილი ჩვენ, ექსპერტებს, იმის გამო გვედავებოდა, რომ ვამბობდით: „ოცნება“ რეიტინგს კარგავსო. მაშინ ჯერ კიდევ ჩანსახში იყო ეს პროცესი. ყურადღებით რომ მოესმინა ეს და გაეთვალისწინებინა, „ოცნების“ რეიტინგი დღეს შეიძლებოდა სხვაგვარი ყოფილიყო.

ანალოგიურია სანაიას გადაცემაც. ჟურნალისტის მწარე ნათქვამი, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, მაგრამ ტკივილიც უსიამოვნოა და ამ უსიამოვნებით ასრულებს ის თავის ფუნქციას, ტკივილის უნარი რომ არ გვქონდეს, დავიღუპებოდით“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე და აღნიშნავს, რომ ტკივილთან კამათს არასდროს აქვს აზრი, უბრალოდ, უნდა დავფიქრდეთ, რა საფრთხეზე მიგვანიშნებს იგი.