სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი ლალი მოროშკინა მზად არის მხოლოდ სამი თვით ჩიაბაროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა, რათა სიტუაცია დალაგდეს. მოროშკინას თქმით, შემდეგ ის თანამდებობას დატოვებს და სუფთა წარსულის მქონე პირს გადააბარებს. ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ მზადდება გადატრიალება, ამ გადატრიალების თავში დგას დიმიტრი დარბაისელი, რომელიც დაკავშირებულია მერაბიშვილთან. ეს კი მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი დიდი გეგმაა.
როგორც მოროშკინა ამბობს, დარბაისელს მერაბიშვილი იმისთვის ყავდა საკნიდან გამოყვანილი, რომ შემდეგ ეს სიტუაცია აგორებულიყო. ამასთან, როგორც მოროშკინამ აღნიშნა, რამდენიმე კვირის წინ სასჯელაღსრულების რუსთავის მე–17 დაწესებულებაში იყო ბუნტის მცდელობა, რომლის ჩახშობაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დიმიტრი დარბაისელს სისხლით სურდა, თუმცა სასჯელაღსრულების მინისტრმა მას ამის საშუალება არ მისცა.
„დიმიტრი დარბაისელი „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერია, შეკრულია ოპოზიციასთან და მათი ინტერესების გატარებას ემსახურება, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ჩაფიქრებული აქვს, ციხეში სიტუაცია აურიოს და ამისთვის დარბაისელს იყენებს. დარბაისელს ჰყავს 250–კაციანი კბილებამდე შეიარაღებული ჯარი, რომლის გამოყენების უფლებაც აქვს და რომელსაც დღესვე შეუძლია, იერიში მიიტანოს თუნდაც მთავრობაზე. მზადდება გადატრიალება და მის სათავეში არის დარბაისელი, მის უკან კი დგას „ნაციონალური მოძრაობა“, - აცხადებს ლალი მოროშკინა.
მოროშკინას განცხადებით, აუცილებელია, დარბაისელი რაც შეიძლება, სწრაფად მოაშორონ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რადგან არსებობს 2006 წლის ბუნტის განმეორების საშიშროება, რათა არიოს სიტუაცია ქვეყანაში.
„დეპარტამენტის სისტემაში შემოვიდნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული ზონდერები. ძალიან ცუდ და მძიმე სამუშაოს უწევენ ქვეყანას, რომელიც მათი სამშობლო არ არის, ზონდერებს სამშობლო არ აქვთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ მათ სურდათ, საიდანღაც აერიათ სიტუაცია და ეს ადგილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იპოვეს. ეს იყო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ გათვლა და პრაქტიკულად, ისინი მართავენ დღეს ციხეებს“, - აცხადებს ლალი მოროშკინა.
დიმიტრი დარბაისელის განთავისუფლებას ითხოვს ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, რომლის განცხადებით, მისი შვილის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავას დავალებით დიმიტრი დარბაისელი ზეწოლას ახორციელებს იმ პატიმარზე, რომელმაც შეატყობინა, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა. როგორც მეტრეველმა აღნიშნა, ფირცხალავას დავალებით, დარბაისელმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გაათავისუფლა ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გოჩა მუკბანიანი. როგორც მეტრეველმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, დარბაისელი და ფირცხალავა ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლები არიან.
„არის ასეთი პატიმარი ლაშა შავიძე, რომელიც 8 თვეა მიკავშირდება. ირაკლი ფირცხალავამ ამ პატიმარს დაავალა ჩემი ლიკვიდაცია. გარდა ფირცხალავასი, იქ სხვა პირებიც იყვნენ, უბრალოდ, ფირცხალავა მათ ასწავლიდა როგორ უნდა განეხორციელებინათ ჩემი ლიკვიდაცია, ამას ხმაღლა აცხადებს პატიმარი. რამდენიმე დღის წინ დამირეკა და მითხრა, რომ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფირცხალავას პირით უთვლიან - თუ არ გაჩერდები არჩევნებამდე ვერ მიხვალო.
დიახ, დარბაისელი გახლავთ ფირცხალავას ძალიან ახლობელი, მისი კადრია და ამიტომ ხდება ამ პატიმარის შანტაჟი. როგორც კი დარბაისელი სამსახურში მივიდა, მაშინვე სრულიად უდანაშაულოდ გაანთვისუფლა სამსახურიდან ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი, რომელიც ბუტას საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. ამითაც დასტურდება, რომ დარბაისელი არის ფირცხალავას ახლობელი. დარბაისელის ხელით ხდება პატიმრებზე ზეწოლა. მეტიც, დარბაისელმა იური ვაზაგაშვილის შვილის მკვლელები მიიყვანა სამსახურში.
ვითხოვთ დარბაისელის და ყველა იმ ზონდერის გათავისუფლებას, არ გავჩერდებით სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება. ისე მომრავლდნენ კრიმინალი ნაციონალები სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, რომ სოზარ სუბარი უკვე მათგან დასაცავი ხდება“, - აცხადებს ია მეტრეველი.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან „ზონდერების“ გათავისუფლებას ითხოვს ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი. როგორც ვაზაგაშვილი ამბობს, სასჯელაღსრულების სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სიმონიკა მაჩაიძე მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობაში.
„მაჩაიძე უშუალო მონაწილეა იმ სპეცოპერაციის, როდესაც ჩემი შვილი მოკლეს. სატელევიზიო კადრებშიც ჩანს ეს მკვლელი და ეს კაცი დააწინაურა დარბაისელმა. ადამიანი, რომელიც მკვლელობის თანამონაწილეა, იმან როგორ უნდა დაიცვას სხვისი უსაფრთხოება?! ასევე იქ არის ზონდერი მაღლაკელიძე, ზონდერებით არის სავსე სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. ესენი არიან ირაკლი ფირცხალავას დაჯგუფების წევრები, ეს ზონდერები ირაკლი ფირცხალავას მამას ეძახიან.
სამი თვეა ვამბობთ, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში მკვლელებს ნიშნავენ. დამნაშავეებითაა სავსე სტრუქტურები. მიკვირს ამ ხელისუფლების, რატომ ყურადღებას არ აქცევენ ჩვენს განცხადებებს? ალბათ, იმდენი დამნაშავე ჰყავთ შეპარული, ვეღარ აბამენ თავს ამ ყველაფერს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას იური ვაზაგაშვილი.
იმ შემთხვევაში, თუ სასჯელაღსრულების სისტემა ე.წ. ზონდერებისგან არ გაიწმინდება, არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტი“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები სასჯელაღსრულების დაწესებულებების პიკეტირებას განახორციელებენ.
„მივმართავ საქართველოს პრემიერს, ვიცე-პრემიერს და ბატონ სოზარ სუბარს - იმ შემთხვევაში, თუ მაისის თვის ბოლომდე არ მოხდება სასჯელაღსრულების სისტემის, მთელი ვერტიკალის ზონდერებისგან გაწმენდა, ჩვენ, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც საპროტესტო აქციების გამართვის კარგი გამოცდილება გაგვაჩნია, 9 წლიან გამოცდილებას გამოვიყენებთ და მივიღებთ კარდინალურ ზომებს.
განვახორციელებთ სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულების პიკეტირებას. მერწმუნეთ, ეს ღონისძიებები გადატეხავს იმ მანკიერ სისტემას, რომელიც ისევ ვანო მერაბიშვილის ყმადნაფიცი კადრებითაა დაკომპლექტებული“, - ამბობს „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი მიშა კაჭკაჭიშვილი, რომლის განცხადებით, უახლოეს დღეებში იმ „ზონდერების“ ვინაობას დაასახელებენ, რომლებიც დღეს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობენ.
ამ მოვლენების კვალდაკვალ, დღეს სასჯელაღსრულების სამინისტრომ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ამავე უწყების სოციალურმა მუშაკმა ავთანდილ ჟღენტმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის დიმიტრი დარბაისელის გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი ლალი მოროშკინა თანამდებობიდან გათავისუფლდა.
მოროშკინას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად მისი ბოლოდროინდელი განცხადებები დასახელდა, შეგახსენებთ, რომ მოროშკინამ საჯაროდ ისაუბრა დეპარტამენტის ზოგიერთ თანამშრომელზე გაცემულ მაღალ პრემიებზე, რომელიც მისი განმარტებით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაციის დაფარვისთვის გაიცა.
„ლალი მოროშკინა თანამდებობიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. გვსურს გამოვეხმაუროთ ლალი მოროშკინას მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს და განვაცხადოთ, რომ აღნიშნული განცხადებები მიმართულია სტრუქტურის ღია დისკრედიტაციისკენ და სრულიად ემთხვევა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს.
გვსურს განვმარტოთ, რომ ლალი მოროშკინას მიერ გაკეთებულ დესტრუქციულ განცხადებებს წინ უძღოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მისი შეხვედრა, სადაც მან ყოველთვიურად 10 000 ლარის ოდენობით პრემია და ახალი ავტომანქანა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. მხოლოდ ამის შემდეგ მან დაიწყო სხვადასხვა აბსურდული და ცრუ განცხადებების გაკეთება.
შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ლალი მოროშკინა დეპარტამენტში 2013 წლის პირველი იანვრიდან ირიცხება მონიტორინგის სამსახურის შტატგარეშე თანამშრომლად. ქალბატონი ლალი მოროშკინა მაშინაც ცრუობს, როდესაც საუბრობს თითქოსდა აღნიშნულ სამსახურში არ აუღია პრემია. მას თანამდებობრივ სარგოსთან ერთად პრემიიის სახით 30 000 ლარი აქვს აღებული“, - განაცხადა ავთანდილ ჟღენტმა.
როგორც ირკვევა ლალი მოროშკინას შრომით ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს ეწურება. დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კი მოროშკინა თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა.
მოროშკინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მის გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც მოროშკინა ამბობს, ხელშეკრულებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების უფლება არ ჰქონდა. ამასთან, მოროშკინა უარყოფს, რომ მან პრემიის სახით 30 000 ლარი აიღო და ასევე, თითქოს, პრემიის სახით, ყოველთვიურად 10 000 ლარი მოითხოვა.
„დამიმტკიცონ ეს ყველაფერი სასამართლოში. საია-სთან ერთად დავიწყებ პროცესს. დადონ ყველა ფურცელი, დადონ ყველა მხილება. ამ ბრალდებების გამო სასამართლოში აგებენ პასუხს. მათ აქვთ 40-40 ათასლარიანი პრემია აღებული. მე უკვე მოვითხოვ, რომ ჩემი ხელფასი იყოს ამოღებული 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან და გასაჯაროვდეს“, - აღნიშნა მოროშკინამ.
მისი შეფასებით, სამსახურიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ დარბაისელი ამხილა გადატრიალების მოწყობაში. ამასთან, ლალი მოროშკინა გამოეხმაურა დეპუტატ თინა ხიდაშელის განცხადებას.
დეპუტატი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით მოროშკინას განცხადება არადამაჯერებელია. როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი მოროშკინამ ამის შესახებ რაიმე იცოდა, სათანადო განცხადება რამდენიმე თვის წინ უნდა გაეკეთებინა.
„თუკი ლალი მოროშკინა ვანო მერაბიშვილის გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობდა, მან ძალიან დაიგვიანა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ უნდა გაეკეთებინა განცხადება. არ ვიცი რატომ ამბობს იმას, რასაც ამბობს, რა მოტივაცია აქვს და რა მიზეზებით არის ეს გამოწვეული, მაგრამ ცოტა არადამაჯერებლობას იძენს, როცა ქვეყანაში ასეთი ამბავია და 5-7 თვის შემდეგ გახსენდება, რომ ასეთი რამ იცოდი“, - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.
მოროშკინა კი ამტკიცებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს თავის დროზე გადასცა.
„მინდა თინა ხიდაშელს ვუპასუხო. თინა ხიდაშელმა, ალბათ, არ იცოდა, რომ მე განცხადება კი არ მქონდა მერაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული, არამედ ეს იყო პუბლიკაცია „ასავალ-დასავალში“, სადაც მე რეზიუმირებას ვუკეთებდი ხუთთვიან მუშაობას დეპარტამენტის თავმჯდომარის და ამ პუბლიკაციაში ერთ-ერთ პუნქტად იყო მითითებული, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო ვანო მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით. განცხადება მე არ გამიკეთებია. დეკემბერში და წინა თვეებში ჩემს ხელთარსებული ინფორმაცია მიტანილი მქონდა შესაბამის სამსახურებში“, - აღნიშნა ლალი მოროშკინამ.