შინაგან საქმეთა მინისტრი ავსტრიის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ავსტრიის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის დელეგაცია ეწვია, რომელსაც კრიმინალთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის უფროსი, გენერალი ფრანც ლანგი ხელმძღვანელობს.
დღეს გაიმართა დელეგაციის წევრების შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვის სფეროში საერთაშორისო კოორდინაციის პროექტის (ILECU) საქართველოში განხორციელების დეტალები განიხილეს, რომლის იმპლემენტაციის პროცესს აქტიურად უჭერს მხარს ავტრიული მხარე. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების, დანაშაულთან ბრძოლის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. დღესვე ავსტრიის კრიმინალთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის უფროსი, გენერალი ფრანც ლანგი შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ესტუმრა და ცენტრის დირექტორ გიორგი ბიჭაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა „112“-ის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. ავსტრიის კრიმინალთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის უფროსმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის და „112“-ის ერთიანი ელექტრონული სისტემის – ERC-ის (Emergency Response Center) ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს, ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
ავსტრიის კრიმინალთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის უფროსის, გენერალ ფრანც ლანგის „112“-ში ვიზიტის მიზანია საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების გაზიარება.