უტიფარი და მეოცნებე ერთ ქალაქში

უტიფარი და მეოცნებე ერთ ქალაქში

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებულ წინასაარჩვენო კამპანიის სარეკლამო რგოლს. სადაც, თბილისის ყოფილი მერი ამომრჩევლებს უხვ დაპირებებს აძლევს და არწმუნებს მოსახლეობას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში გაანახევრებენ მგზავრობას, 25 თეთრით გაიაფდება საწვავი, ხოლო გაზი 8 თეთრით დაიკლებს.

რა რესურსი ეგულება „ნაციონალურ მოძრაობას“ ენერგომატარებლების და მგზავრობის ტარიფის გასაიაფებლად და თავიანთი მმართველობის პერიოდში რატომ აძვირებდნენ ტარიფებს? For.ge-ს კითხვებს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი უპასუხებს.

ნაციონალური მოძრაობამოსახლეობას ტარიფების კლებას პირდება, ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, თუ ტარიფების კლება რეალურად არის შესაძლებელი?

- ნაციონალების მხრიდან დაპირებების გაცემა, ვიტყოდი, რომ სრული ცინიზმია. მათ შეიძლება არ ახსოვთ, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ, რისი საშუალებაც იყო, 7-8 თეთრით შეამცირა ტარიფები, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ეუბნებოდნენ, რომ გარკვეული რეზერვი იყო, ისინი ძალიან ცინიკურად პასუხობდნენ ამ ყველაფერს.

მეტსაც გეტყვით, არ მინდა დეტალები, მაგრამ მაქვს ზუსტი ინფორმაცა „ნაციონალური მოძრაობის“ შავ სალაროში ყოველი გაყიდული ენერგომატარებლიდან რამდენი თეთრი მიდიოდა. ასეთი ხალხისგან ასეთი დაპირება არის აბსოლუტური ცინიზმი. აგდებული დამოკიდებულება აქვთ ადამიანებისადმი, რომ ადამიანები ყველაფერს ჭამენ. როგორ შეიძლება მკვლელის საარჩევნო დაპირება იყოს ჰუმანურობა, დაახლოებით ამას მაგონებს უგულავას მხრიდან ამ თემაზე საუბარი.

უგულავა ირწმუნება, რომ საწვავზე ფასების დაკლება შესაძლებელია აქციზის გადასახადის გაუქმებით...

- თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხები შედის, საიდანაც მერე სოციალური პროგრამები ფორმირდება. აქციზის გადასახადის გაუქმება საკმაოდ სერიოზული პრობლემა გახდება ბიუჯეტისთვის და ეს სხვა საკითხებში შექმნის პრობლემას. რაც შეეხება თავის დროზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ამავე სახის დაპირებას, ეს იყო კერძო ინიციატივა, მე არ მინდა ახლა მათი დასახელება, თეორიულად ითვლიდნენ და ეს გამოჩნდა კიდეც. თუმცა, რისი შესაძლებლობა იყო ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა. თუ ვინმე ლაპარაკობდა დიდი ციფრებზე, ეს ხარვეზი ნამდვილად იყო.

თქვენ თვლით, რომ დღეს მონოპოლიები არ არსებობს?

- რა თქმა უნდა, დღეს არ არსებობს კარტელი. ადრე კარტელურად ხდებოდა ეს ყველაფერი. პირდაპირ პოლიტიკური კომპონენტი ფიგურირებდა ფასში, რამდენიმე თეთრის ოდენობით, რაც მათ პარტიულ სალაროში მიდიოდა. მე ვიცი ფაქტები, ვის, სად რამდენი მიჰქოდა. გვარებით და სხელებით ვიცი ეს დეტალები.

შეგიძლიათ დაასახელოთ?

- თავს შევიკავებ ამ პირების დასახელებისგან. მე ვვარაუდობ, რომ ეს საქმე, ადრე თუ გვიან, გამოძიების საგანი გახდება. არ მინდა წინ გავასწრო მოვლენებს და პოლიტიკაში გადავიტანო ეს საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ამაზე ვიღაცას თავის დროზე პასუხი მოეთხოვება. დღეს არ არსებობს კარტელი, მაქსიმალურად დააკლდა გაზის ტარიფს. კახი კალაძე იყო ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ მაქსიმალური გაკეთებულიყო და გააკეთა იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. გაზი თემა ეს არაა მხოლოდ გაზის მიწოდების თემა, ეს არის უზარმაზარი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, როდესაც საინვესტიციო კომპონენტი იდება, ასეულობით მილიონ დოლარზეა ლაპარაკი და ბუნებრივია, მარტო ის არაა, გაზი შემოიტანო და გაყიდო.

სეროზული ინვესტიციებია საჭირო მისათვის, რომ ეს გაზი მომხმარებელამდე მიიყვანო. აქედან გამომდინარე, თითის გაშვერა და მათი მხრიდან ასეთი დაპირება არის სრული ცინიზმი, ისევე როგორც თავის დროზე „ქრისტიან დემოკრატების“ დაპრებები იყო სრული ცინიზმი, როდესაც საუბრობდნენ 5 თეთრიან ელექტროენერგიაზე და 10 თეთრიან გაზზე. საკმაოდ კომპეტენტურად ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ მოსახლეობა. ანალოგიური ხდება დღესაც.

ამომრჩევლის რა პროცენტმა შეიძლება ირწმუნოსნაციოალური მოძრაობისამ უხვი დაპირების?

- საკმაოდ მცირე სეგმენტია 2-3 პროცენტი. საკმაოდ ცუდი გამოცდილება აქვს საზოგადოებას, მაგრამ არიან ადამიანების 2-3 პროცენტი, შეიძლება ამდენიც არა, რომელიც შეიძლება წამოეგოს ასეთ პროპაგანდისტულ ცინიკურ დაპირებებს. ეს მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს, მაგრამ „ნაციონალებისთვის“ ეს 2-3 პროცენტი ძალიან მნიშვნელოვანია.

უხვი დაპირებები ნაკლებად ჩანს ნარმანიას საარჩევნო კამპანიაში, ესეც წინასაარჩევნო კამპანიის ერთგვარი ნაწილია?

- მე ვფიქრობ, რომ ამ ციკლში კამპანიის წარმოებას არჩევნების შედეგებზე სერიოზულ გავლენის მოცემა არ შეუძლია. ეს უფრო პერსონალურ თემებზე დადის. მეტსაც გეტყვით, ნარმანიას არჩევანი არ ხდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოწერილი მინდობილობით მოხდება ქალაქის მერის არჩევა. აქამდე რა არჩევნები ჩატარდა, საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ახლა ადგილობრივი, ყველაფერი არის ივანიშვლის მინდობილობით გაკეთებული, ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირები იმარჯვებენ არჩევნებზე. სახელმწიფოებრივად ეს არაა სწორი, მაგრამ ასეთია რეალობა. თუ ჩვენ ლეგალურად არ ავირჩიეთ ადამიანები და ყველაფერი ასე გაგრძელდა, ეს იქნება ძალიან საზიანო სახელმწიფოს განვითარებისთვის. ჩვენ ვერ მოვახერხებთ გადასვლას ნორმალური სახელმწიფოს ფუნქციონირების რელსებზე.

დღესაც არჩევანი კეთდება ბიძინა ივანიშვილზე და არა დავით ნარმანიაზე. სხვათაშორის, რომ არა ივანიშვილის ფაქტორი, ძალიან სერიოზული რისკი იქნებოდა ნარმანიას არჩევა. ვფიქრობ, რომ გარკვეული პრობლემები ამ კუთხით არის, მაგრამ ამ არჩევანს ცვლის ის, რომ ალტერნატივა არ არსებობს. მელია არ შეიძლება სრულფასოვან ალტერნატივად იყოს განხილული, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს სისტემური ხარვეზი, რაც უწესებს მაქსიმალურ თამასას.

რამდენია თქვენი აზრით მაქსიმალური თამასა?

- დაახლოებით 20 პროცენტი, მეტს ვერ წავა. აქტივობა თბილისში იქნება ძალიან დაბალი, რაც მერის ლეგიტიმაციას საგრძნობლად დაასუსტებს. ნარმანია არის ძალიან წესიერი, მეურნე ადამიანი, მას არა აქვს რაღაცა გრძელვადიანი პოლიტიკური ამბიციები. ძალიან ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია მეორე ტურის ალბათობა ამ არჩევნებზე, ისევ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის გამო, რომელიც ჯერ კიდევ არის ძალიან ძლიერი, რაც განსაზღვრავს ხელისუფლების უალტერნატივობას, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.

პოლიტიკური პროცესის ასეთი განვითარება ქვეყნისთვის არაა კარგი. უალტერნატივობა ძალიან დიდ ხარვეზებს ჰქმნის სახელმწიფოს მართვაში. როცა არ არსებობს პოლიტიკური კონკურენცია, ეს ყოველთვის ქმნის ავტოკრატიის განვითარების საფრთხეს და ნეგატიური მოვლენების განვითარებას. არის ძალიან ცუდი სიმპტომები, რომელიც დიდი იმედი მაქვს, რომ შეიცვლება.

რას გულსხმობთ?

- არ მომწონს ის, რაც ხდება მოსმენებთან დაკავშირებით, ქვორუმი არ შეიკრიბა. არ მინდა ვიღაცას დავდო ბრალი, მაგრამ არასასიამოვნო ფაქტია. როდესაც საზოგადოებრივად აქტუალური თემაა, მითუმეტეს ის სკანდალი რაც ვნახეთ „რუსთავი 2“-ში და ამ ფონზე, როდესაც საზოგადოება ითხოვს, რომ სისტემურად დალაგდეს ეს თემა, კენჭისყრაზე ქვორუმი არ იკრიბება, რაც, რა თქმა უნდა, კითხვებს ბადებს - რომ ეს არ იყო შემთხვევითი. მე არ ვიტყვი უმრავლესობაზე, უმრავლესობა ჩემი მეგობრებია და დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ქვეყანა უყვართ, მაგრამ სისტემა იბრძვის თვითგადარჩენისთვის.

ვფიქრობ, რომ ხელისუფლების გარკვეულ წრეებში სისტემამ შეაღწია, გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც არ არიან წინააღმდეგი, რომ მოირგონ ის მარაზმი რაღაცა პერიოდში და რაღაცა მიმართულებით, რაც იყო სააკაშვილის დროს. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს ეს ყველაფერი. ჩვენ გვჭირდება სისტემური ცვლილებები, ის არგუმენტი, რომ ის ცუდი იყო და ამიტომ იყენებდა ამ ცუდ მექანიზმებს, ხოლო მე კარგი ბიჭი ვარ და ამ ცუდ მექანიზმებს არ გამოვიყენებ, ეს კატეგორიულად მიუღებელია, ასე არ ხდება.

ძალიან ბევრი კარგი ბიჭი მინახავს, როგორ გამხდარა მერე ცუდი ბიჭი. ადამიანებთან ამ არგუმენტით საუბარს არავის არ ვურჩევდი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მუდმივი არავინაა, მუდმივად საზოგადოება არავის არ აპატიებს არასწორ საქციელს, ცოტა წინ გაიხედონ. დღევანდელი კვერცხით აზროვნება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დამღუპველია.