Bridgestone-ის რეზინის სამყარო

Bridgestone-ის რეზინის სამყარო

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

თავისი არსებობის 80 წლიანი ისტორიის განმავლობაში იაპონური კომპანია Bridgestone პატარა ოჯახური საწარმოდან საბურავების მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად იქცა. კომპანიის ბიზნესის 80 პროცენტი სწორედ სხვადასხვაგვარი ტრანსპორტისათვის განკუთვნილი საბურავების წარმოებითაა წარმოდგენილი. დანარჩენ 20 პროცენტს კი საკონვეიერო ლენტების, მილების, სპორტული, საყოფაცხოვრებო და სხვა მოხმარების რეზინის ნაკეთობების წარმოება შეადგენს.

 

ფეხსაცმლიდან საბურავებამდე

ალბათ ცოტაა კომპანია, რომლის დამაარსებელსაც თავისი მიზანი ისე ცხადად ჰქონდა წარმოდგენილი, როგორც Bridgestone-ის მესაფუძვლეს შოძირო იშიბაშის. 1925 წელს მან პირველმა დაიწყო ტაბის - იაპონური ნაციონალური ფეხსაცმლის მასობრივი წარმოება. ამასთან, იგი საბურავების ბაზრის შესწავლით დაინტერესდა და 1930 წელს პირველი საბურავი შექმნა.

 

ამ დროისათვის იშიბაში მიხვდა, რომ მისი ოცნება იაპონიაში საბურავების პირველ მწარმოებლად გახდომა იყო. ასე დააარსა მან ქალაქ კურუმში 1931 წელს კომპანია Bridgestone. აღსანიშნავია, რომ იშიბაში თავიდანვე ისწრაფვოდა თავისი ფირმა სხვადასხვა მიმართულებით განევითარებინა. საბურავების წარმოება ააწყო თუ არა, მომდევნო წელსვე გოლფის ბურთების გამოშვება დაიწყო, რამაც კომპანიას ფენომენალური წარმატება მოუტანა.

 

წარმატებით ფრთაშესხმულმა იშიბაშიმ 1937 წელს თავისი კომპანიის შტაბ-ბინა ტოკიოში გადაიტანა და მილების, ღვედების და საიზოლაციო მასალების წარმოება დაიწყო. ამასთან კომპანიას სახელი გადაარქვა და Nippon Tire LTD (იაპონიის საბურავების კომპანია) უწოდა.

 

მეორე მსოფლიო ომისას კომპანია გვარიანად დაზარალდა, თუმცა, 40-იანი წლების ბოლოს საწარმოო სიმძლავრეების აღდგენა მოხერხდა, 50-იანების დასაწყისში კი აღმასვლა დაიწყო. ამავე პერიოდში დაუბრუნდა კომპანიას დასახელება Bridgestone.

 

1953 წლისათვის Brigestone-ის წლიურმა შემოსავალმა 10 მილიარდ იენს მიაღწია, რაც ნიშნავდა, რომ იგი პოლონეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია იყო. იშიბაში კი კვლავ წინსვლაზე ფიქრობდა. მისი ინიციატივით Bridgestone-მა გამუშვა მსოფლიოში პირველი რადიალური საბურავები, რამაც კომპანიას საყოველთაო აღიარება მოუტანა. გარდა ამისა, აშენდა რამდენიმე ახალი ქარხანა.

 

გლობალური იმპერია

60-იან წლებში საავტომობილო ინდუსტრიის სწრაფმა განვითარებამ Bridgestone-ს საერთაშორისო ბაზრის დაპყრობა გადააწყვეტინა. 1967 წელს გაიხსნა პირველი უცხოური ქარხანა მალაიზიაში, ცოტა ხანში კი დაარსდა ამერიკული განყოფილება. 1972 წელს გაიხსნა კომპანიის ევროპული წარმომადგენლობა ბრიუსელში.

 

1976 წელს იშიბაშის გარდაცვალებას Bridgestone-ის აღმასვლისათვის ხელი არ შეუშლია. კომპანია განვითარებას განაგრძობდა. 1979 წელს Bridgestone-მა ალუმინის დისკების წამრმოება დაიწყო.

 

80-იან წლებში კომპანია საერთაშორისო ექსპანსიას განაგრძობდა. 1988 წელს Brigestone-მა შეიძინა ამერიკული Firestone, რაც ნიშნავდა, რომ იგი საერთაშორისო, გლობალურ კორპორაციად ჩამოყალიბდა.

 

აღსანიშნავია, რომ ბიზნესში წარმატებებთან ერთად კომპანია თავს ათასგვარი ტექნოლოგიური მიღწევით იჩენდა. კერძოდ, შეიქმნა მსოფლიოში პირველი ზამთრის საბურავი, რომელსაც ხიჭვები არ ჰქონდა. გარდა ამისა, შემუშავებულ იქნა სპეციალური ტექნოლოგია სატვირთო ავტომობილების საბურავების წარმოებისათვის. 90-იანი წლების დასაწყისში კი Bridgestone-მა პირველმა მსოფლიოში რეზინის წარმოებისას გამოიყენა ნახშირბადის ნაწილაკები.

 

1997 წელს Bridgestone ფორმულა 1-ის შეჯიბრებებში ჩაერთო, ერთი წლის შემდეგ კი მიკა ჰაკინენის «მერსედეს-მაკლარენთან» ერთად ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვა.

 

21-ე საუკუნეში კომპანიამ განვითარება ჩვეული ტემპით გააგრძელა. გაიხსნა რამდენიმე უცხოური საწარმო და შემუშავებულ იქნა ახალი საინვესტიციო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო ექსპანსიის გასაფართოვებლად იყო მიმართული. სულ უფრო და უფრო მეტმა ცნობილმა ავტომწარმოებლებმა არჩევანი Bridgestone-ზე შეაჩერეს. ამ დროისათვის კომპანია მსოფლიოს 27 ქვეყანაში 155 საწარმოს ფლობს.