„დარიალის ხეობაში მოწყვლადი მთებია და ეს შედეგი ადრე თუ გვიან დადგებოდა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას საქართველოს მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და მომხდარ კატასტროფას „დარიალჰესის“ მშენებლობას უკავშირებს. სტიქიის შედეგად ჰესზე მომუშავე ადამიანებიც დაშავდნენ, ხოლო ღვარცოფით სწორედ „დარიალჰესთან“ დამაკავშირებელი გვირაბი ამოივსო.
ის, რომ „დარიალჰესის“ გვირაბების პორტალის ადგილი არასწორად იყო შერჩეული (იგი პირდაპირ მდებარეობს მდინარე დევდორაკისა და თერგის შეერთების ადგილას), ამაზე წლების განმავლობაში არასამთავრობოებიც მიუთითებდნენ. პერიოდულად გარემოს დამცველები საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ „დარიალჰესის“ წინააღმდეგ. რაც შეეხება მყინვარ დევდორაკს (საიდანაც მდინარე დევდორაკი იღებს სათავეს), იგი დაკიდული მყინვარების რიგს განეკუთვნება და იმპულსურად მიიჩნევა, ის რამდენჯერმე მოწყვეტილა კიდეც და კატასტროფაც გამოუწვევია.
მაგალითად, უდიდესი კატასტროფა მოხდა 1832 წელს, როდესაც მოწყვეტილი მყინვარი თავის ქვაღორღიანად ჩამოწვა დარიალის ხეობაში, მდინარე თერგი გადაკეტა სამი დღის განმავლობაში, შემდეგ თერგი გაარღვია და ვლადიკავკაზი დატბორა. საინტერესოა ისიც, რომ მოწყვეტილი ყინული შვიდი წლის მანძილზე დნებოდა.
ეს იყო წარსულში, დღეს კი ქართველ მეცნიერებში ღიაა კითხვა, რამ გამოიწვია დარიალის ხეობაში კატასტროფა - გლობალურმა დათბობამ თუ „დარიალჰესის“ მშენებლობამ?!
ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ეკოსისტემაზე ზემოქმედებას ნებისმიერი მშენებლობა ახდენს. შეიძლება, „დარიალჰესის“ მშენებლობის ადგილი 9 ან 20 კილომეტრით იყოს დაშორებული სტიქიის ზონას და, ერთი შეხედვით, არანაირი ზემოქმედება არ ჩანდეს, მაგრამ ზოგჯერ, საუბედუროდ, ეკოსისტემამ სხვანაირი რეაქციები იცის. მით უფრო, თუ იქ აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობს ან ბულდოზერებით მუშაობენ.
ამდენად, პრობლემა ორმხრივია და არც გლობალური დათბობის გააქტიურებულ პროცესს გამორიცხავს. მით უმეტეს, მყინვარზე ინტენსიური აორთქლება უფრო გაძლიერებულია და სწორედ ეს არის ჩამქრალი ვულკანი.
„ჰესებთან მიმართებით საკითხი სხვანაირად უნდა გადაწყდეს. როცა ვიცით, რომ ხეობა ასე საშიშია, როცა ვიცით, რომ დევდორაკს და თერგის ყველა შენაკადს მუდმივად ღვარცოფული მოვლენები ახასიათებს, ასეთ პირობებში ჰიდროელექტროსადგურის აშენება ყოველთვის რისკთანაა დაკავშირებული. ამიტომ რისკების შეფასების ანგარიშში ეს ყველაფერი უნდა აღწერილიყო და პრევენციული ღონისძიებები დაეგეგმათ. თუნდაც ასეთ შემთხვევაში, რას გააკეთებს „ლარსის ჰესის“ ხელმძღვანელობა, როგორ მოახდენს ევაკუაციას, ტექნიკის მობილიზებას, იქნება თუ არა ტექნიკა სპეციალურად ამისთვის მომზადებული. ასეთი ანალიზი და მონიტორინგის გეგმა უნდა ახლდეს მსგავს ჰიდროელექტროსადგურებს, რაც არ მომხდარა. ასეთ პირობებში სჯობს, არ ჩადო ინვესტიცია ასეთ სარისკო ხეობაში.
აბსოლუტურად დავეთანხმები ყველა იმ ინვესტორს, რომელმაც ფული ჩადო ამ მშენებლობაში, რომ ისინი არ იყვნენ გაფრთხილებულნი, თუკი ასეთი საფრთხეები იყო მოსალოდნელი დევდორაკიდან. რაც შეეხება მყინვარის დნობას, ეს არის გლობალური დათბობის სინდრომი. ესეც ერთ-ერთი ნიშანია გლობალური დათბობის, როცა უცებ ჩამოწყდება და უდროო დროს წამოვა ღვარცოფი. საერთოდ, დარიალის ხეობა ცნობილია, როგორც ღვარცოფწარმომქმნელი, თუმცა ამჯერად ღვარცოფის მასშტაბი მოსალოდნელზე დიდი იყო. თანაც, იმ პერიოდში არ არის მომხდარი, რომელ პერიოდშიც ხდება ხოლმე ღვარცოფული მოვლენები დევდორაკის ხეობიდან, ანუ შემოდგომაზე“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ For.ge-სთან საუბარში.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მომხდარი სტიქია არ უნდა უკავშირდებოდეს მდინარე თერგზე ჰესის მშენებლობას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მყინვარი დინამიკაში რომ მოვიდეს, ამისთვის ძალზე ძლიერი ტექტონიკური ცვლილებებია საჭირო (მიწისძვრა ან სხვა სტიქიური მოვლენა). ამ შემთხვევაში კი, ჰესის მშენებლობისას აფეთქებები არ უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს ყველაფერი შესასწავლია.
კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის კოორდინატორი რევაზ გეთიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დარიალის ხეობაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა გლობალურ დათბობას უკავშირდება. წლების წინ აღნიშნულ ადგილას სამჯერ მეტი ნიაღვარი დაფიქსირდა. ამიტომ როცა მიმდინარეობდა მსჯელობა ჰესების აშენების შესახებ, გარემოს დაცვის პროფილით მომუშავე არასამთავრობოებმა დააფიქსირეს, რომ ეს რთული ზონა იყო და ამ ადგილებში ღვარცოფები პერიოდულად ხდებოდა.
ამასთან, ექსპერტი აცხადებს, რომ შეიძლებოდა გაკეთებულიყო გათვლები, რომ აქ უბედურება არ მომხდარიყო. თუმცა მისი პროგნოზით, სტიქია დარიალის ხეობაში აუცილებლად განმეორდება, ამიტომ მომზადებულნი უნდა შევხვდეთ ამ ბუნებრივ მოვლენას. გარდა ამისა, საჭიროა, დავფიქრდეთ, რამდენად გამართლებული იქნება აქ ჰესის მშენებლობა.
გეოლოგიის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე თვალჭრელიძე აცხადებს, რომ სტიქიის პრევენცია თუ არა, ხუთი საათით ადრე ხალხის გაფრთხილება მაინც შეიძლებოდა. თუმცა თავის დროზე სააკაშვილმა გეოლოგიური სამსახური გააუქმა. თვალჭრელიძე მომხდარს „დარიალჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს არ უკავშირებს, რადგან ჰესი არის თერგის ხეობაში, მეწყერი კი ჩამოწვა 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე მთის კალთიდან. პირიქით, მისი აზრით, ჰესი და გვირაბი რომ არა, ახლა დატბორილი იქნებოდა მთელი სტეფანწმინდა, რადგან აღნიშნულმა გვირაბმა გაატარა ღვარცოფი და წყალი.
გეოლოგი ტარიელ ბერიძე კი დარიალის ხეობაში სტიქიის მიზეზად გლობალურ დათბობას ასახელებს, რომელმაც მყინვარწვერის, როგორც ერთ-ერთი გრანდიოზული ვულკანური პოლუსის დანაწევრება გამოიწვია. ამიტომ იგი მიიჩნევს, რომ მყინვარწვერს კოსმოსიდან, თანამგზავრიდან დაკვირვება სჭირდება, რათა მოვლენები პროგნოზირებადი იყოს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის მიზეზი არც „ლარსი ჰესი“ და არც „დარიალ ჰესი“ არ ყოფილა და „ეკოლოგებს, რომლებიც ამას აცხადებენ, წარმოდგენა არ აქვთ არც ეკოლოგიაზე და არც არაფერზე“, რადგან დაახლოებით 9-დან 15 კილომეტრის ზემოთ მყინვარის ქუდიდან მოწყდა უზარმაზარი მეწყერი. „მთელი საქართველოს ენერგეტიკას რომ მოენდომებინა, ამის პროვოცირებას ვერ შევძლებდით, არათუ ერთ რომელიმე ჰესს“, - განაცხადა ელოშვილმა.
შეგახსენებთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქია 5047 მეტრი სიმაღლის მწვერვალის - მყინვარწვერის ჩრილო-აღმოსავლეთ კალთაზე განლაგებული დევდორაკის მყინვარის ინტენსიური მოძრაობის შედეგია. ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად მიწის უზარმაზარი მასა ჩამოიშალა, რასაც მდინარე თერგისა და სამხედრო გზის ჩაკეტვა მოჰყვა. მყინვარის ფენების მოძრაობის შედეგად ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა 2002 და 2007 წლებშიც. ამჯერად კი დარიალის ხეობაში მეწყერმა ერთი ადამიანის - უკრაინელი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაუდასტურებელი მონაცემებით შვიდი პიროვნება დაკარგულად ითვლება. დარიალის ხეობაში მეწყერში მოყოლილი რამდენიმე სატვირთო ავტომობილი მაშველებმა მოგვიანებით იპოვეს.